15.06.2009

 

 

გვჭირდება თუ არა დუბლების ჩემპიონატი?

 

 

 

გია გეგუჩაძე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოდის - "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ უმაღლესი ლიგის კლუბების დუბლშემადგენლობებმა უნდა ითამაშონ დუბლების ჩემპიონატში და არა პირველ ლიგაში.

"პირველ ლიგასთან დაკავშირებით, "ზესტაფონს" გარკვეული შეხედულება აქვს. ის უნდა გადაკეთდეს და ამ ტურნირში უნდა ითამაშონ მხოლოდ იმ გუნდებმა, რომლებიც უშუალოდ იბრძვიან უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და არა ფარმკლუბებმა. ჩემი აზრით, მისაღებია დუბლების პირველობის ჩატარება და ამას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება. დუბლების პირველობა ბევრ ქვეყანაში ტარდება. ჩემი აზრით, პირველი ლიგაში სპორტული პრინციპები მთლიანად დარღვეულია. ფარმკლუბს არ აქვს უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება, ამავე დროს მისი გავარდნა შეიძლება. მე კი ვიცი, რომ ფარმკლუბს სულ სხვა დანიშნულება აქვს. მისი მიზანია ფეხბურთელების აღზრდა. ვფიქრობ, ეს საკითხი პროფესიული ფეხბურთის ლიგისა და ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დასაყენებელია და აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რათა ქართული ფეხბურთის წინსვლა და განვითარება ამგვარად დაიწყოს. მე არ ვიცი, ლიგასა და ფედერაციაში დათანხმდებიან თუ არა ამ ნოვაციას, მაგრამ "ზესტაფონში" უკვე ვამზადებთ ამ პროექტს და თან არგუმენტირებულად დავასაბუთებთ, თუ რატომაა საჭირო დუბლების პირველობის გამართვა. ეს წინადადება განხილვის ღირსი ნამდვილად არის", - ამბობს გეგუჩაძე.

იდეა მართლაც საინტერესო და დასაფიქრებელია, რადგან წელს პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონაში უმაღლეს ლიგაში გადასვლის მსურველი არ აღმოჩნდა! ეს არის უნიკალური ფაქტი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში: ფინანსური პრობლემების გამო, "ამერმა" უარი განაცხადა, საჩხერეს "ჩიხურამ" ლიცენზია ვერ მოიპოვა, "ვიტ ჯორჯია 2-ს`", `"დინამო 2-ს", `"გაგრა 2-სა" და "სიონი 2-ს" უმაღლესში გადასვლის უფლება არ გააჩნდათ, გორის "დილას", "თბილისს"`, "ჰერეთს", "კახეთსა" და "ნორჩ დინამოელს" არც ლიცენზია ჰქონდათ, არც ფული და არც გადასვლის უფლება.

რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს, გია გეგუჩაძის ინიციატივაზე კომენტარი ვთხოვეთ:

ბესიკ შეროზია, ზუგდიდის "მგლების" მთავარი მწვრთნელი:

- ჩემი აზრით, უფრო გამართლებული იქნება, ერთიანი პირველი ლიგა დავაკომპლექტოთ. მისი დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაყოფა არასწორად მიმაჩნია. მიზეზი მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. დასავლეთი აღმოსავლეთზე ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახლავთ. თითქმის არაა ისეთი დონის დაპირისპირებები, როგორიც იყო "ბაიას", "სამტრედიას", "მერანსა" და "კოლხეთს" შორის. დასავლეთში ზოგჯერ აუტსაიდერებიც თავს გამოიდებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ისეთი ტრადიციული კლუბები თამაშობდნენ, როგორებიც არიან ქუთაისის "ტორპედო", "ბათუმი", ლანჩხუთის "გურია". აქ კიდევ იყო ბრძოლა, აღმოსავლეთში კი, ფაქტობრივად, მეზობლების ჩემპიონატი ტარდებოდა. ასე ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდება, პირიქით, უკან-უკან მიდის. ლიგების გაერთიანება საერთო დონეს უდავოდ გაზრდის და მეტ მაყურებელსაც მიიზიდავს. თავისთავად საინტერესოა ლიხს იქითა და აქეთა გუნდების თამაში.

- რაც შეხება დუბლების ჩემპიონატის ცალკე გამართვას?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ თავად იდეა ძალიან მომწონს. თუკი მისი გამართვა გადაწყდა, მაშინ სარეზერვო შემადგენლობებმა მთავარი გუნდების მატჩის წინა დღეს უნდა ითამაშონ. მართალია, ეს ყოველივე ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ საჭიროა და ყველა გუნდმა, ვისაც უმაღლესში თამაშის პრეტენზია გააჩნია, იდეის განხორციელებას ხელი უნდა შევუწყოთ.

მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი:

- ძალიან საინტერესო იდეაა. მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობის სხდომაზე რამდენჯერმე განვიხილეთ. იდეა ასეთი გახლდათ - ცალ-ცალკე უნდა ჩატარდეს პირველი ლიგის და დუბლების ტურნირი.

- და ჩანაფიქრი დაიწუნეთ? რატომ არ დაამტკიცეთ?

- სამწუხაროდ, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა ყველა კლუბს არ გააჩნია. ხომ ხედავთ, ძლიერი პირველი ლიგაც ვერ იკრიბება. დუბლების ტურნირის გამართვა დღემდე ამიტომ ვერ ხერხდება და ლიგის გამგეობაზე იდეა უარვყავით, თორემ, მშვენიერი იდეაა.

ზურაბ ჯაფარიძე, რუსთავის "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტი:

- ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ახლა საკმაოდ მძიმე ვითარებაა. გადახედეთ კლუბების ფინანსურ მდგომარეობას, რამდენი მათგანია დალხენილი? ასეთი თითქმის არ გვყავს. სიმართლე გითხრათ, დუბლების ჩემპიონატზე ჩამოყალიბებული მოსაზრება ამის გამო არ გაგვაჩნია - ასეთ ვითარებაში დამატებითი ხარჯის აკიდება ძნელია.

- დუბლების ტურნირს რა განსაკუთრებული ხარჯი დასჭირდება?

- ყოველ შემთხვევაში, კლუბების ბიუჯეტები ისედაც ყველგან მცირდება და ამ დროს, კიდევ ერთი კლუბის ხარჯის დამატება არავის გაახარებს. თორემ, იდეა რომ მშვენიერია და მისაღები, მაგაზე არც ვდავობ. თუკი ბიუჯეტში თანხა გვექნება, ფარმკლუბს რატომაც არ დავაფინასებთ?

- წელს ფარმკლუბი ამიტომ არ აიყვანეთ?

- რა თქმა უნდა. ვიმეორებ, მომავალი თაობების გაზრდაზე ჩვენ არავიზე ნაკლებად არ ვფიქრობთ, მაგრამ ყველაფერს ფული სჭირდება.

გია გეგუჩაძე, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი:

- მესმის, რომ ფინანსურ პრობლემებს ბევრი უფრთხის, მაგრამ განსაკუთრებული თანხა საჭირო არც არის. უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს ხომ ფარმ-კლუბი ისედაც ჰყავს. ახალგაზრდულ გუნდში თავი უნდა მოიყარონ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, რომლებიც უმაღლესში გადასვლისთვის არ იბრძოლებენ. მისი დანიშნულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მთავარი გუნდისთვის შემცვლელების გაზრდა. როდესაც შედეგზე ფიქრობ, იქ ნიჭიერი ბიჭების გაზრდა შეუძლებელია.

- დასრულებულ სეზონში ზოგიერთ გუნდს ფარმკლუბი არ ჰყავდა, მაგალითად, "ოლიმპს", "მესხეთს", `"ბორჯომს".

- გასაგებია, მაგრამ მოთხოვნის შემთხვევაში, ფარმკლუბს ყველა მონაწილე აიყვანს. "ოლიმპი" საფეხბურთო სკოლასთან თანამშრომლობს და წესით, დუბლების ჩემპიონატი უნდა აწყობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ დირექტივა საჭიროა. სხვაგვარად, ფარმკლუბები და პირველი ლიგის სხვა მონაწილეები არათანაბარ მდგომარეობაში არიან.

- დირექტივა ვინ უნდა გასცეს?

- პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და ფედერაციამ. მათ აუცილებლად მივმართავთ, რომ ეს წინადადება განიხილონ. იდეა კლუბების ხელმძღვანელებს მოსწონთ და ყველამ იმსჯელოს, გამართლებულია თუ არა მისი გამართვა. თორემ, დააკვირდით რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე - თეორიულად იყო შანსი, რომ აღმოსავლეთ ზონაში ხუთეულის მიღმა დარჩენილი კლუბი უმაღლესში გადასულიყო. ეს ხომ ჩვენი ფეხბურთის სირცხვილია.

პაატა ბურჯალიანი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი:

- სხვათა შორის, ამის თაობაზე მცირე ხნის წინ პროფლიგის გამგეობის სხდომაზე ვილაპარაკეთ. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს მშვენიერი ჩანაფიქრი განვახორციელოთ. დუბლების ჩემპიონატის ცალკე გამართვა იდეალური ვარიანტი იქნებოდა ყველა თვალსაზრისით. უმაღლესი ლიგის ათივე კლუბს სარეზერვო შემადგენლობაც უნდა ჰყავდეს, პლუს პირველი ლიგა ჩატარდება. ეს უამრავ ფეხბურთელს დასაქმებისა და თავის გამოვლენის საშუალებას მისცემს. მასობრიობა კი ხარისხში გადავა.

- იდეა მშვენიერია, მაგრამ ბევრი გუნდი ფინანსურად მეორე ტურნირს რომ ვერ გასწვდება?!

- მერწმუნეთ, ასე მძიმედაც არაა ვითარება. უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა მონაწილეს ჰყავს ფარმკლუბი, გამოდის რეგიონალურ და ჭაბუკთა ლიგებში. დუბლებისა და პირველი ლიგის პირველობის ხარჯები ერთმანეთისგან ბევრით განსხვავებული არ იქნება. ჩვენ ეს დავითვალეთ და საკმაოდ დამაიმედებელი მდგომარეობა აღმოჩნდა. ფინანსებზე მეტად, მოედნების პრობლემაა მოსაგვარებელი.

- საკმარისი რაოდენობდა არ არის?

- რა თქმა უნდა. ეს საკითხი უმაღლესი ლიგის კლუბებს მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ, პირველლიგელები და დუბლშემადგენლობები კი ხარისხიან მოედნებზე ვერ თამაშობენ. ეს პრობლემა უფრო მძაფრად რეგიონებში იგრძნობა. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკითხის დაყენების შემთხვევაში, ამასაც მოევლება.

- კარგი, დუბლების ჩემპიონატიის გამართვას როდისთვის ფიქრობთ?

- არაა გამორიცხული, ტურნირი უკვე 2009/10 წლების სეზონისთვისაც გავმართოთ.

- ასე მალე?!

- დიახ, ასეა. მანამდე კონსულტაციას ყველა გუნდთან გავივლით და დეტალებს შევათანხმებთ. ყოველ შემთხვევაში, იდეა აუცილებლად განსახორციელებელია.

- სხვათა შორის, გია გეგუჩაძე მომხრეა, რომ პროფლიგამ დირექტივა გასცეს და ამით მსჯელობაც დამთავრდება. თორემ, ზედმეტი ხარჯის გაღება არავის სურს.

- ვეთანხმები ბატონ გიას. ის პროგრესულად მოაზროვნე კაცია და ჩვენი აზრები ძალიან ხშირად ემთხვევა. დუბლების ტურნირზე კლუბების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინააღმდეგ არავინ წავა. უმაღლესი ლიგაში ეზოს გუნდები არ არიან, საჭიროა, მათ ჰყავდეთ ფარმ-კლუბიც და რეგიონალლიგის კლუბიც. ზედმეტი 30 ათასისთვის წუწუნი კი არ ღირს. ამაზე ლაპარაკიც სასაცილოა.

ჩემპიონატის გამართვას ჯერ კიდევ პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს ფიქრობდნენ, გაიმართა კიდეც, მაგრამ შემდეგ ფინანსურმა გაჭირვებამ ტურნირს წერტილი დაუსვა. შემდეგ იდეა მერაბ ჟორდანიას დროს გაცოცხლდა, ჩანაფიქრს ვიცე-პრეზიდენტი რომან შოთაძე ლობირებდა, ამგრამ კვლავ უშედეგოდ. მაშინაც პრობლემად უფულობა დასახელდა.

გია გეგუჩაძე მართალია, დუბლების ცალკე ტურნირი აუცილებელია და პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ დირექტივით ყველა კლუბი უნდა აიძულონ, დუბლშემადგენლობები აიყვანონ. სხვაგვარად ეს საკითხი ათი წლის შემდეგაც მოუგვარებელი დარჩება.

 

მერაბ მამულაშვილი , გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005