15.06.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

აშკარაა, სტაბილურობა გვაკლდა ...

 

 

 

გასულ სეზონში ”ზესტაფონი” უტიტულოდ დარჩა. მიზეზი ბევრია და ამაზე ხშირადაც ვწერდით. ერთ-ერთი, და ალბათ მთავარიც, შუა ჩემპიონატში მომხდარი ტრანსფორმაცია უნდა იყოს - შეიცვალა მწვრთნელი და ნაწილობრივ შეიცვალა შემადგენლობაც. მწვრთნელის შეცვლით კი, როგორც ამბობენ, შეიცვალა თავად ”ზესტაფონის”, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ფილოსოფია. ამბიციურ იმერულ კლუბს გასულ სეზონში ორმა მწვრთნელმა უხელმძღვანელა. ჩემპიონატი თემურ მახარაძემ დაიწყო, დეკემბრიდან კი გუნდი გია გეგუჩაძემ გადაიბარა. 30-დან 12 შეხვედრაში ”ზესტაფონი” მოედანზე მახარაძემ გაიყვანა. ამ 12 მატჩიდან ყვირილისპირელებმა 7 მოიგეს, 3 მატჩი წააგეს და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს. გეგუჩაძის მონაგარი კი ასეთია - 18 მატჩი, 11 გამარჯვება, 5 მარცხი და 2 ფრე.

ამავე დროს,”ზესტაფონს” უარყოფითი ბალანსი გაუჩნდა პირველი სამეულის (”ვიტ ჯორჯია”, ”დინამო”, ”ოლიმპი”) გუნდებთან, რამაც ძირითადად განაპირობა კიდეც ის, რომ იმერლებმა მათ მერე მეოთხე ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება სხვა გუნდებს, ”ზესტაფონს” ყველაზე მეტად სამცხელებთან ”დასცხათ” - ფეროელები ”მესხეთთან” ჯერ შინ დამარცხდნენ, მერე ფრეს დასჯერდნენ ბორჯომში და ახალციხელებთან სტუმრად უგოლო ფრე ითამაშეს.

რაც შეეხება თასის გათამაშებას, საჩხერის ”ჩიხურას” ძლევის შემდეგ ”ზესტაფონი” 1/4 ფინალში გავიდა, მაგრამ ნახევარფინალში თბილისის ”დინამოსთან” დამარცხდა - 0:0 შინ, 0:1 თბილისში.

ამასობაში კი ზესტაფონელებმა უკვე 5 ტრანსფერი გაჩარხეს, რითიც ფაქტობრივად დაიწყეს კიდეც მზადება მომავალი სეზონისთვის. გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველი ფეხბურთელებით და ახალ სეზონში ჩემპიონობისა და თასისთვის უკეთესი შემადგენლობით იბრძოლებენ.

მანამდე კი ვნახოთ, თუ როგორ აფასებს განვლილ სეზონს "ზესტაფონი" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე...

- ”ზესტაფონი” დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარეთ. მანამდე გუნდს თემურ მახარაძე ხელმძღვანელობდა. როგორ შეაფასებდით იმ მემკვიდრეობასა და შედეგებს, რომელიც იმერელთა გუნდში დაგხვდათ?

- გუნდს ჩემამდე დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი თემურ მახარაძე ხელმძღვანელობდა. ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება აქვს ფეხბურთზე. შესაძლოა, ჩემი და ბატონი თემურის ხედვა განსხვავდება, მაგრამ იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ მახარაძე ძლიერი სპეციალისტია და ჩემამდე კარგი შედეგები ჰქონდა. სხვა თუ არაფერი, მან გუნდს თასი მოაპოვებინა, რაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევძელით. ასე რომ, ჩემამდე, გუნდში არსებულ ვითარებას დადებითად შევაფასებდი.

- გასულ სეზონში გუნდს 18 მატჩში უხელმძღვანელეთ. ეს პერიოდიც შევაფასოთ...

- მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში პოზიტიური ელემენტებიც იყო და ნეგატიურიც. მწვრთნელები ყოველთვის მაქსიმალისტები ვართ და მეტს ვითხოვთ. შედეგებს თუ გადავხედავთ, უკეთ ასპარეზობაც შეიძლებოდა. დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ, თორემ უკეთესი შედეგი უნდა გვქონოდა. ნეგატიურთან ერთად პოზიტიურიც უნდა ვთქვათ... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს გამობრწყინებებიც ჰქონდა. სამწუხაროდ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა.

- ”ზესტაფონი” მეოთხე ადგილზე გავიდა. ზედა სამ გუნდთან ჩამორჩენას ბევრი მათთან ნაჩვენები უარყოფითი ბალანსით ხსნის. თქვენ რა აზრისა ხართ?

- შედეგი ეს ტაბლოა. დაუგეგმავი ქულები მართლაც დავკარგეთ. ”ზესტაფონის” თამაშში ლამაზი, კომბინაციური, შინაარსიანი ელემენტები ბევრჯერ იყო, მაგრამ დასანანი ისაა, რომ ამას სტაბილური ხასიათი არ ჰქონდა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურობა გვაკლდა და უკეთესი შედეგი ამიტომაც ვერ ვაჩვენეთ.

- თქვენი მწვრთნელობისას ”ზესტაფონში” რამდენიმე ნოვაცია იყო აღსანიშნავი, დაცვაში სასტარტო შემადგენლობაში კარენ მარკარიანი გამოჩნდა, ფორვარდი ზურაბ იონანიძე მარცხენა ნახევარმცველად ვიხილეთ... ამან რამდენად გაამართლა?

- ზემოთაც აღვნიშნე, ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს ფეხბურთში. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე, უშუალოდ თამაშებზე გვიხდებოდა ცვლილებების გაკეთება. ალბათ საბოლოო შედეგებზე ამანაც თავისი გავლენა იქონია... რაც შეეხება კითხვას, იყო იმედგაცრუებაც და იყო გამართლებაც. ჩემი მიზანია, ”ზესტაფონმა” ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს და ამავე დროს კარგი შედეგები გვქონდეს. თუმცა საამისოდ დროა საჭირო. აქამდე დრო არ გვქონდა საკმარისი და ამიტომაც სტაბილურობა გვაკლდა.

- გასულ სეზონში თქვენი გუნდიდან ვის გამოყოფდით?

- არ მიყვარს ფეხბურთელების გამორჩევა. გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმია, მოგება და წაგება ყველას დამსახურებაა.

- მთლიანობაში სეზონს რა შეფასებას მისცემდით?

- მე-20 ეროვნულ ჩემპიონატს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები ჰქონდა. სამწუხაროდ, ისეთი ელემენტებიც არაერთი იყო, რომელიც ფეხბურთს არ შეეფერება და არ ეკადრება. მართალია, პოზიტიური მომენტებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენიმე სენსაცია და მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ... მაგრამ ძნელია გასული ჩემპიონატი ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასო.

- საკუთარი გუნდიდან არავის გამორჩევა ისურვეთ. მთლიანად ჩემპიონატიდან ვინ დაიმსახურა თქვენი სიმპათია?

- გუნდებმა სენსაციებიც შემოგვთავაზეს და მოულოდნელი შედეგებიც. მათ შორის ჩვენთან თამაშებშიც. არაერთი ფეხბურთელი ჩინებულად წარმოჩნდა. ყველაზე მეტად გიორგი მერებაშვილს გამოვარჩევდი. მან ეს სეზონი კარგად ჩაატარა. ასევე გამოვყოფდი კახა მახარაძის კარგ თამაშს. დამამახსოვრდა შოთა ბაბუნაშვილი...

- სეზონი დასრულდა. სატრანფერო პერიოდიც ჯერ არ გახურებულა და ”ზესტაფონმა” უკვე 5 ფეხბურთელი დაიმატა. ახალწვეულთა ეს ხუთეული ორიოდე სიტყვით დაგვიხასიათეთ...

- სიამოვნებით... თორნიკე აფციაურით დავიწყოთ. ჯერ კიდევ თბილისის ”დინამოში” ვმუშაობდი, როცა ამ ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად მიიქცია ჩემი ყურადღება. მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დავინახე, რომ ამ მოთამაშეს შეეძლო ლიდერის ფუნქციების შესრულება. ის მალევე ჩამოყალიბდა ლიდერად, ახლა ჩვენთანაა და იმედი მაქვს, ჩვენს გუნდს ძალზედ წაადგება... გიორგი ონიანი გამოცდილი მცველია, უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია. მას დაცვის ხაზის დალაგება შეუძლია, უკანა ხაზზე საიმედოა, მოედანზე კარგად აზროვნებს... ამავე დროს, დაცვითი ოპერაციების გარდა ონიანს შეტევების დაწყებაც ხელეწიფება... ჯაბა დვალი 2 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირის სტატუსით წავიდა მოლდოვაში. მას გოლის გატანის სასწაული ალღო აქვს და ვიმედოვნებ, ასეთი ტიპის თავდამსხმელი ერთობ გამოგვადგება. ზაალ ელიავა თავის დროზე ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. მართალია ერთი ხანობა ჩრდილში მოექცა, მაგრამ კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. მას შეუძლია ეროვნულს ისევ დაუბრუნდეს და მჯერა, იმედებს გაამართლებს... დაბოლოს, კახაბერ მეშველიანი, ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც ქუთაისის გუნდში თამაშობდა, ჭაბუკთა ნაკრებშიც იყო. ის პერსპექტიული, შრომისმოყვარეა და იმედია კარგ მეკარედ ჩამოყალიბდება.

- გუნდი უკვე დატოვეს მიხეილ კაკალაძემ და ლევან მელქაძემ...

- მათ კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ.

- სლოვენიაში გამგზავრებამდე მზადება თბილისში დაიწყეთ...

- დიახ, უმთავრესად ფიზიკური პოზიციების ამაღლებაზე ვავარჯიშე გუნდი, გამძლეობაზეც გავაკეთეთ აქცენტი. ერთხელ ერთმანეთში ტესტ მატჩშიც გავმართეთ. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ახლა სლოვენიაში მივემგზავრებით, ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს ამხანაგური მატჩები და ეს შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

- ევროტურნირებზე რა მიზანს ისახავთ?

- გვინდა, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ. თუმცა ეს გუნდის შეთამაშებაზე, გაძლიერებასა და წილისყრის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული. 22 ივნისს უკვე გვეცოდინება, თუ სად და რომელ გუნდთან მოგვიწევს 2 ივლისს თამაში.

- ახალ სეზონში უფრო ამბიციურები იქნებით?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ. მჯერა, ახალ სეზონში ჩვენს გულშემატკივარს ლამაზი თამაშითა და კარგი შედეგებით გავახარებთ.

დავით ცაბაძე , გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005