05.06.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

“ზესტაფონი” გაძლიერებას ქართველი ფეხბურთელებით აპირებს ...

 

 

 

”ზესტაფონმა” ტრადიციას არ უღალატა და შუაიმერული გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევების შემდეგ, მე-5 ადგილზე დაბლა არც ამჯერად დაშვებულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა საიუბილეო სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს, რამაც ამბიციურ გუნდს მხოლოდ ევროტურნირის საგზური მოუტანა. ქართული გუნდებიდან, ზესტაფონელები ყველაზე ადრე შეუდგნენ დამდეგი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას. გეგუჩაძემ ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებისთვის თბილისში შეკრიბა, გასული ორშაბათიდან კი, ისინი ზესტაფონში გადაბარგდნენ და გამძლეობასა და სხვა საფეხბურთო კომპონენტებზე წვრთნა იქ გააგრძელეს.

იმერლებს, 12 ივნისიდან, საევროტურნიროდ მზადების მეორე ეტაპი აქვთ დაგეგმილი. ამ დღეს, ისინი სლოვენიის კურორტ პტუიში ჩაფრინდებიან და 27 ივნისამდე შეკრებას იქ გაივლიან. ”სპორტული ამბები” გია გეგუჩაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და თავდაპირველად, სწორედ სლოვენიურ შეკრებაზე ჰკითხა.

- სულ, სლოვენიაში 4 ამხანაგური მატჩი გვინდა ვითამაშოთ. ამ მომენტისთვის 3 მეტოქის ვინაობა ვიცით - სლოვენიის ”მარიბორი”, პოლონეთის ”პოლონია” და ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ”დინამო”. ვმუშაობთ მეოთხე გუნდის ვინაობის დადგენაზე, რომელიც შაბათს უკვე ცნობილი იქნება.

- გუნდის სლოვენიაში ყოფნისას ჩატარდება ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომლის შედეგებმა, შესაძლოა, თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენა იქონიოს.

- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ”ზესტაფონის” მიერ 2 ივლისს გასამართი შეხვედრა, ჩვენი შეკრების ადგილიდან, ტერიტორიულად ახლოს იქნა დანიშნული.

- ბატონო გია, საევროტურნიროდ გაძლიერება გაქვთ დაგეგმილი. მოსაწვევთა დაკონკრეტება თუ შეგიძლიათ?

- კონტრაქტი უკვე გაფორმდა მცველ ზაალ ელიავასა და მეკარე კახა მეშველიანთან.

- ჩვენი ინფორმაციით, სერიოზული მოლაპარაკებები მიდის ბალტიისპირეთიდან ზურაბ მენთეშაშვილისა და დავით გამეზარდაშვილის გადმობირებაზე.

- მათთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ...

- ვერც ოლიმპელ ერნესტ აკუასაგასა და გიორგი ონიანზე გვეტყვით რამეს?

- გაბონელის თაობაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება ონიანს, გვქონდა მასთან კონკრეტული მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

- ზურაბ იონანიძე თუ დარჩება გუნდში?

- იონანიძემ ”ზესტაფონთან” კონტრაქტი კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა.

- სლოვენიურ შეკრებაზე წასვლამდე, საკონტროლო მატჩი თუ გაქვთ დაგეგმილი?

- 9 ივნისს ერთმანეთში გავმართავთ თამაშს. მანამდე კი, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და დანარჩენი კომპონენტების დახვეწაზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, ძირითადად, სპორტსმენის გამძლეობას ეყრება საფუძველი და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

- ევროპის ლიგაზე ”ზესტაფონი” მიზნად რას ისახავს?

- ჩვენ მაქსიმალურად ბევრი ეტაპის გავლას ვგეგმავთ, მაგრამ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოვახერხებთ შემადგენლობის გაძლიერებას. მოკლედ, ჩაფიქრებული ტრანსფერების განხორციელება- არგანხორციელება პირდაპირ კავშირშია სამომავლო შედეგებთან.

- თქვენ, ამ ეტაპზე შეელიეთ 2 ფეხბურთელს, რომელთა შორის მიხელ კაკალაძეც იყო. არადა, ზამთრის შეკრებაზე წასვლამდე მოწყობილ პრეზენტაციაზე, მასთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება გაცხადდა.

- მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკის არქონის მიუხედავად, იმედი მქონდა, ეს ფეხბურთელი ძველი ფორმის დაბრუნებას მოახერხებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და მასთან განშორებაც ამან გამოიწვია. ჩვენ სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა - ვაფორმებთ 3-წლიან კოტრაქტს, თუმცა ნახევარი წელი საცდელ პერიოდად იყო მიცემული...

- რომელ ამპლუაზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ”ზესტაფონს” მის გაძლიერებაზე ზრუნვა აღარ სჭირდება?

- ალბათ, მხოლოდ მეკარეების პრობლემა არ გვაქვს. სხვა რგოლებიდან ნახევარდაცვა ყველაზე უკეთ გამოიყურება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ამპლუის კარგი მოთამაშის დამატებაზე უარს ვიტყვით.

- ზემოთ ელიავას დამატება ახსენეთ. მისით ვინმეს ჩანაცვლებას აპირებთ, თუ კონკურენტუნარიან გარემოზე იზრუნეთ?

- თუ აქამდე, კარენ მაკარიანი ალტერნატივის გარეშე გვყავდა, ვთვლი, რომ ახლა, დაცვის მარცხენა ფრთაზე კონკურენცია მოიმატებს. თუმცა, ელიავას იგივე მხარეს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. ვთვლი, რომ იგი კარგი შენაძენია. პარალელურად, მიმდინარეობს ახალგაზრდების შერჩევაც. რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შევიგულეთ და არაა გამორიცხული, შეკრებაზეც წავიყვანოთ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ იმით დაკავებული - დღეს ვინ შეიძლება გაგვაძლიეროს. ჩვენ ახლავე ვფიქრობთ, ვინ შეიძლება გუნდის პოტენციური შევსებისთვის გამოგვადგეს. ამჟამად, ზესტაფონის მეორე გუნდის მთლიანი გადახალისება მიმდინარეობს. ვიღებთ, ძირითადად, 1990-91-92 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს. თუმცა, მანდ უკვე გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისთანაც შეიძლება ინტენსიური მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი მათგანი სლოვენიაშიც წავიყვანოთ.

- ალბათ, ტრადიციას არ დაარღვევთ და ვისთანაც კლუბი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, სლოვენიაში გამგზავრებამდე, მათი პრეზენტაცია საქართველოში შედგება.

- დარწმუნებული არ ვარ, მოვახერხებთ თუ არა ამას. ისე კი, სურვილი დიდია. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ახალი ფეხბურთელები, არა მაქვს საუბარი ლეგიონერებზე, უშუალოდ შეკრებაზე შემოგვიერთდნენ და კონტრაქტის გაფორმებაც იქ მოეწყოს.

- ლეგიონერები ახსენეთ და ე.ი. რომელიმე უცხოელის დამატება გსურთ?

- ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ, თუმცა გამორიცხული არაფერია. გეზი მაინც გუნდის ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებაზე გვაქვს აღებული.

 

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”სპორტული ამბები”,  www.worldsport.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005