ზესტაფონი ჩემთვის ბოლო ქართული კლუბია

  ბექა გოცირიძეს ფოთის " კოლხეთთან " მატჩი ყოველთვის ტკბილად გაახსენდება . " ზესტაფონის " 16 წლის ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა .

ბექა იმერულ კლუბში ზამთრის პაუზისას , თბილისის " ამერიდან " გადავიდა . ახალგაზრდა ფეხბურთელს მწვრთნელებმა ნდობა გამოუცხადეს და თავის გამოჩენის საშუალება მისცეს . ბექამაც უმაღლეს ლიგას ალღო მალევე აუღო , " ზესტაფონის " წარმატებებში თავისი წვლილი შეიტანა და კლუბის ფანობის სიყვარულიც დაიმსახურა . საერთოდ უნდა ითქვას , რომ მისი სახით ქართულ ფეხბურთში მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა . წინააღმდეგ შემთხვევაში 16 წლის ბიჭს ახალგაზრდულ ნაკრებში არავინ მიიწვევდა . ვფიქრობთ , ბექა გოცირიძესთან ინტერვიუ ინტერესმოკლებული არ იქნება .

- ბექა , ზოგიერთი ფეხბურთის თამაშს შენს ასაკში იწყებს , შენ კი უკვე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობ ...

- ფეხბურთის თამაში " არდში " დავიწყე . მწვრთნელი თამაზ კოსტავა იყო . 1987-88 წლიანებში გამოვდიოდით და თამაშს - თამაშზე ვიგებდით . შემდეგ გადაწყდა , რომ ბავშვთა გუნდის საფუძველზე დაარსებულიყო კლუბი " ამერი ". მას შემდეგ " ამერთან " ერთად პირველ ლიგაში ვთამაშობდი .

- " ზესტაფონში " როგორ გადახვედი ?

- " ამერიდან " წამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი " დინამოს " დუბლებში ვიყავი . ჩემში ფული იყო გადასახდელი , ამიტომ " დინამოში " ვეღარ დავრჩი . ამასობაში " ზესტაფონის " ვარიანტი გამოჩნდა და მასთან ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი .

-" ზესტაფონის " გარდა უმაღელესი ლიგის გუნდებიდან თუ გიწვევდა ვინმე ?

- რამდენიმე გუნდზე იყო საუბარი , მაგრამ არახელსაყრელ - 3+3 და 6- წლიან კონტრაქტებს მთავაზობდნენ . ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ასეთი ხელშეკრულების გაფორმება არასასურველია . შესაძლოა , ამ ექვსი წლის განმავლობაში უცხოურ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა გამოჩნდეს და ასეთი კონტრაქტის პირობებში დაბრკოლება შემექმნებოდა . მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ილია კოკაიას . გუნდის პრეზიდენტმა ჩემი ინტერესები გაითვალისწინა და " ზესტაფონთან " ხელსაყრელი კონტრაქტის გაფორმების საშუალება მომცა .

- როგორც ჩანს , უცხოეთზე აქედანვე ფიქრობ ?

- ადრე ოჯახთან ერთად კანადაში წასვლას ვაპირებდი , მაგრამ ეს ვერ მოხერხდა . ჯერ თექვსმეტი წლის ვარ და საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილებაა . 18-19 წლამდე უცხოეთში გადასვლა არც ღირს . ამ ეტაპზე დიდ გუნდში მოხვედრა გამიჭირდება და , შესაძლოა , საერთოდ დავიკარგო კიდეც , ამიტომ საქართველოში თამაში მირჩევნია . აქ მწვრთნელები მენდობიან და თავის გამოჩენის შანსს უფრო ხშირად მაძლევენ . უცხოეთში თამაშზე აუცილებლად ვიფიქრებ , ოღონდ ჯერ სამშობლოში უნდა მივაღწიო რამეს .

- თანდათან " ზესტაფონის " ძირითად შემადგენლობასაც უშინაურდები . გასულ ტურში უმაღლეს ლიგაში საკუთარი გოლების ანგარიშიც გახსენი ...

- " კოლხეთთან " მატჩი არასდროს დამავიწყდება . მართალია პირველ ლიგაში არაერთხელ გამომიჩენია თავი , მაგრამ უმაღლეს ლიგაში თამაში და გოლის გატანა მაინც სხვა სიხარულია . ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს , რომ თავს უფრო ხშირად გამოვიჩენ და " ზესტაფონის " წარმატებებში ჩემ მოკრძალებულ წვლილსაც შევიტან .

- პირველ გოლს ვის უძღვნი ?

- ყველა იმ პიროვნებას , რომელიც ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა . ასევე " ზესტაფონის " ხელმძღვანელობას , მწვრთნელებს და ფანებს , რომლებისგანაც ძალიან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ . მათ საყურადღებოდ ვიტყვი , რომ " ზესტაფონი " ჩემთვის ბოლო ქართული კლუბი იქნება . აქედან მხოლოდ უცხოეთში თუ წავალ .

- ზესტაფონი ძალიან შეგყვარებია ...

- ნამდვილად ასეა . ბედნიერი ვარ , რომ აქ ვთამაშობ .

- გუნდში ვისთან მეგობრობ ?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს . ჩემი საუკეთესო მეგობარი კი გიორგი განუგრავაა . ერთმანეთს ბავშვობიდანვე დავუახლოვდით , შემდეგ " ამერში ", " ზესტაფონში " და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ერთად მოვხვდით ...

- ზესტაფონის მიზნებზე რას იტყვი ?

- თასის აღებას ვისახავთ მიზნად . ამისთვის პირველ რიგში ბათუმის " დინამოს " ბარიერის გადალახვა და ნახევარფინალში გასვლა უნდა მოვახერხოთ . ჩემპიონატიც არ გვავიწყდება , მეორე ეტაპი კარგად დავიწყეთ და იმედია ასევე გავაგრძელებთ .

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატად ითვლები . საბერძნეთთან და თურქეთთან შეხვედრები კარს მოგვადგა , როგორ ფიქრობ ამ თამაშებისთვის თუ გამოგიძახებენ ?

- უმაღლეს ლიგაში თამაშით მეტი გამოცდილება შევიძინე . ცუდად არ ვასპარეზობ და თუ მწვრთნელები მენდობიან , ყველას პირობას ვაძლევ : თავს მოვიკლავ , ისე ვითამაშებ .

- რა არის შენთვის ფეხბურთი და რის მიღწევას ისურვებდი კარიერის განმავლობაში ?

- მინდა , საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრი გავხდე , ნაკრებში ჩემი სახელი დავტოვო და ქართველი ხალხი გავახარო . ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება .

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005