02.06.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

აფციაური საქართველოში ”ზესტაფონმა” დააბრუნა ...

 

 

 

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთ-ერთი გამორჩეული, თვითმყოფადი ფეხბურთელი უბრუნდება. თორნიკე აფციაურმა ”თბილისში”, ”ლოკომოტივსა” და ”დინამოში” დიდი სახელი დაიგდო. მისი მაღალტექნიკური თამაში გულშემატკივრების საყოველთაო აღფრთოვანებას იმსახურებდა.


ბოლოს თორნიკე აზერბაიჯანში იყო, სადაც ადგილობრივი ”გაბალასთვის” იღვწოდა. ახლა, როცა აზერბაიჯანში ერთიმეორის მიყოლები გარბიან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები, აფციაურის სამშობლოში დაბრუნებას განსაკუთრებული ფასი ადევს.


დიახ, თორნიკე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურას მოირგებს. გუშინ იმერული გუნდის დამრიგებელს, გია გეგუჩაძეს ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ დავუკავშირდით.


- ბატონო გია, გვაქვს ინფორმაცია, რომ თორნიკე აფციაურმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან”...
- დიახ, აფციაური ”ზესტაფონის” ფეხბურთელია. მან კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
- ამბობენ, მალე გუნდში ”ოლიმპის” მცველი, გიორგი ონიანიც გამოჩნდებაო..
- არა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
- რა სიტუაციაა ზურაბ მენთეშაშვილთან და დავით გამეზარდაშვილთან დაკავშირებით?
- გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. მუშაობა ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს. ჯერჯერობით მხოლოდ აფციაურმა გააფორმა გუნდთან კონტრაქტი. თუ გვეყოლებიან ახალწვეულები, მათ აუცილებლად წარმოგიდგენთ.
- ”ზესტაფონი” მოსამზადებელ ეტაპს სლოვენიაში გაივლის. სპარინგ-პარტნიორები უკვე შეარჩიეთ?
- მოსამზადებელ პერიოდს დღეიდან ვიწყებთ. ადგილზე ზესტაფონში შევიკრიბებით. გუნდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 12 ივნისს სლოვენიაში მივდივართ შეკრებაზე. ეს შეკრება 26 ივნისამდე გაგრძელდება. უკვე ცნობილია სამი სპარინგ-პარტნიორი. ”ზესტაფონი” შეხვდება სლოვენიურ ”მარიბორს”, პოლონურ ”პოლონიას” და ხორვატიის მრავალგზის ჩემპიონს, ზაგრების ”დინამოს”.
- ”ზესტაფონი” რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს?
- კაკალაძემ და კვესეიშვილმა. დანარჩენები ადგილზე არიან.
- რას გეგმავს გუნდი ევროპის ლიგაზე?
- ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ამასთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გავაძლიერებთ შემადგენლობას.

 

ალეკო კაკაურიძე , გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005