ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი 20 გატანილი გოლით ნიკოლოზ გელაშვილი გახდა. ”ზესტაფონის” ფორვარდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ალბათ უპრიანი იქნებოდა, მას ეროვნულ ნაკრებშიც მისცემოდა თავის გამოჩენის შანსი.
მართალია, ”ლოკომოტივთან” ნიკამ თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ იგი ამ საპატიო ტიტულს არ დათმობდა.
- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ ჩემს გუნდს. რომ არა პარტნიორები, ამ ტიტულს ნამდვილად ვერ შევწვდებოდი. - თამაშის დროს თუ ფიქრობდი ბომბარდირობაზე?
- მატჩის დროს უშუალოდ შეხვედრაზე ვიყავი კონცენტრირებული. ეს არცაა გასაკვირი. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ბომბარდირობამ ძალიან გამახარა. ეს იმ შრომის დაფასებაა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გავწიე. - ”ლოკომოტივთან” რატომ გამოიყურებოდით ასე სუსტად?
- მხოლოდ საკუთარ თავზე ვიტყვი: დღეს არაფერი გამომივიდა. დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ზესტაფონელ გულშემატკივარს. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს და დიდი ენერგიაც დახარჯეს. მათ ვპირდები, რომ მომავალში უკეთ ვითამაშებთ. - სულ მალე ევროთასები დაიწყება ...
- ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ვფიქრობ, ევროთასებზე ყველა ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება.