22.05.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

”ზესტაფონმა” გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა ...

 

 

”ზესტაფონი” ევროასპარეზზე მინიმუმ ორი ეტაპის გავლას აპირებს. გუნდს ის მწვრთნელი ხელმძღვანელობს, რომელმაც დამოუკიდებლობის ისტორიაში თბილისის ”დინამოსთან” ერთად წარმატებას მიაღწია და უეფას ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მოახერხა - გია გეგუჩაძე დღეს ”ზესტაფონს” თავკაცობს და ახლა ამ გუნდისთვის ირჯება. შეძლებს თუ არა ეს სპეციალისტი დასახული მიზნის შესრულებას, ამას დრო გვიჩვენებს. ამჟამად კი ”ოლიმპს” ”ზესტაფონის” სამომავლო ამბებზე ესაუბრება.


- ყველას მოგვეხსენება, რომ ”ზესტაფონს” ევროპაზე ნორმალური შთაბეჭდილების დატოვება სურს. ამ მხრივ ალბათ გუნდის გაძლიერებაცაა საჭირო.
- რა თქმა უნდა. ეს პირველ რიგშია გასაკეთებელი, რომ ევროტურნირებზე კარგად ვითამაშოთ. მიმდინარეობს სასელექციო მუშაობა და ვფიქრობ, გაძლიერებასაც მივიღებთ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ღიად საუბარს მოვერიდები, რადგან ჯერ არაა გარკვეული, ვინ დაგვემატება.
- ”ზესტაფონში” ჩვენი ჩემპიონატიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენაა მოსალოდნელი. შესაძლოა, გუნდში თბილისის ”დინამოს” მარჯვენა მცველი შოთა კაშია აღმოჩნდეს?
- ბევრი რამ არის ჭორი და ბევრიც სიმართლე. როცა საბოლოოდ დაესმება წერტილი ყველაფერს და ამა თუ იმ ფეხბურთელთან გაფორმდება კონტრაქტი, მაშინღა შეიტყობთ სიმართლეს.
- ”ზესტაფონი” საქართველოს ღირსებას დაიცავს ევროთასებზე... თქვენი აზრით, რამდენი ეტაპის გადალახვა შეუძლია გუნდს?
- თუ შესაბამის გაძლიერებას მივიღებთ, რაზეც სერიოზული მუშაობა მიდის, მაშინ შესაბამის მიზანსაც დავსახავთ. ისე, ჩვენი სურვილია ორი ეტაპის გავლა, ხოლო მომავალი სეზონიდან ”ზესტაფონი” აუცილებლად ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლებს. ”ზესტაფონი” უდავოდ საჭიროებს ახალ სისხლს. რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელების დამატება გვჭირდება. სხვათა შორის, მეორე გუნდის გადახალისებაზეც დავიწყეთ ზრუნვა და აგერ მომავალში ”ზესტაფონ-2”-ში ახალგაზრდული გუნდი იქნება, რომელიც, ვფიქრობთ, ”ზესტაფონის” მომავალია.
- ”ზესტაფონს” ქართველი ლეგიონერების მოწვევის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. ახლაც თუ არის მსგავსი ჩანაფიქრი?
- რა თქმა უნდა, სურვილი ნამდვილად გვაქვს. მოლაპარაკებას ვმართავთ, მაგრამ როგორც წეღან აღვნიშნე, ყველაფერს საქმის დასრულების შემდეგ შეიტყობთ.
- ამჟამად გუნდში ერთი უკრაინელი ვარჯიშობს. მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილია?
- ჯერ არა, ვაკვირდებით და გვსურს, ვნახოთ როგორ ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ბოლო ტურში ვაპირებთ ანატოლი პრიხოდკოს ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. ისე კი მან მეორე გუნდთან ერთად
თამაშა. შემიძლია გითხრათ, რომ იგი გამოუცდელია და ამის გამო გადაჭრით პასუხს ვერ ვამბობთ. ასე რომ, ბოლო ტური ყველაფერს გაარკვევს, დავიტოვებთ თუ არა მას ”ზესტაფონში”.


მირიან მურჯიკნელი, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005