13.12.2005

ზესტაფონი. ინტერვიუ გიორგი თურმანიძესთან. გვერიდეთ, თასზეც და პირველობაზეც!


გიორგი თურმანიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელთაგან - რაც არ უნდა იყოს, რამდენიმე სეზონი რუსეთის პირველ და მეორე ლიგაში უთამაშია. სამშობლოში იგი შარშან დაბრუნდა შარშანდელი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, წლევანდელი პირველობის დასაწყისში თურმანიძე გუნდმა კაპიტნად დაასახელა.
გიორგი თურმანიძეს პირველი წრის შემდეგ რამდენიმე კითხვით მითმართეთ.
- როგორია პირველი წრის კაპიტნისეული შეფასება?
- მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი, თუმცა მეტის მიღწევაც შეგვეძლო, რაც სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ შევძელით. ისე, ლიდერთა ექვსეულს მაინცდამაინც დიდად არ ჩამოვრჩებით, რასაც ასევე პოზიტიურ შედეგად ვთვლი და მომავალსაც იმედიანად ვუყურებ.
- ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებში რას გულისხმობთ?
- ჩვენი გუნდის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს, რამაც ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. ამას მწვრთნელთა ცვლაც დაემატა, რამაც ერთობლიობაში უარყოფითი შედეგები მოგვიტანა.
- რომელი იყო პირველი წრის საწყენი და სასიხარულო მომენტები?
- ძალიან დაგვწყვიტა გული "ვიტ ჯორჯიასთან" დიდი ანგარიშით მარცხმა. ამის შემდეგ შემდეგ დავსხედით გუნდის ხელმძღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად და ყველაფერი გულდასმით გავაანალიზეთ. გასახარი კი ბოლო ტურებში მოპოვებული გამარჯვებები იყო, სადაც ტაქტიკურად გამართული და შინაარსიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
- როგორც კაპიტანი, როგორ დაახასიათებდით გუნდს?
- "ზესტაფონი" მეგობრული გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები დიდი ხანია ერთმანეთთან ვახლობლობთ, რაც ურთიერთობას გვიადვილებს. გვერდში ვუდგევართ და პატივს ვცემთ ახალგაზრდობას. ერთი სიტყვით, ჯანსაღი, შეკრული გუნდი გვყავს.
- რა შეფასებას მისცემდით თქვენი გუნდის ახალგაზრდების თამაშს?
- ისინი მართლაც მომავლის ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ, კარგ ფეხბურთსაც ითამაშებენ. ბოლო ტურებში ძალიან მოუმატეს განუგრავამ და გოცირიძემ. ამ უკანასკნელმა პირდაპირ აიწყვიტა და პროდუქტიული გახდა. მეიმედება ასევე გოგა ფიფიასიც. მართალია, ის პირველ წრეში მთლიანად ვერ გაიხსნა, მაგრამ ვფიქრობ, მომავალში დიდ სარგებელს მოგვიტანს. ასევე დიდი იმედების მქონეა მცველი ხიდეშელი. მას ტრავმამ შეუშალა ხელი, უკეთ რომ წარმოჩენილიყო. მეორე წრეში მისი დიდი იმედი გვაქვს. ასევე დიდად გვეიმედება ბესარაშვილის, დაუშვილის, გელაჭეიშვილის და სხვების...
- მალე გაზაფხული მოვა და თქვენთვის სეზონი თბილისის "დინამოსთან" ურთულესი სათასო მეოთხედფინალით განახლდება...
- ბედმა მძიმე გამოცდა გვარგუნა. თუმცა არის რაღაც პოზიტიური ამაში - სტიმული ძალიან ძლიერ მეტოქესთან გაჯიბრებისა. შარშანაც მერვედფინალში შევძელით "დინამოს" დამარცხება და მერე მეორე წრეც დიდი აღმავლობით ვითამაშეთ. ახლაც იმავეს ვგეგმავთ. ვფიქრობ, მოსამზადებელ ეტაპს წარმატებით დავძლევთ და "დინამოს" დიდ ბრძოლას გავუმართავთ.
- დაბოლოს, რას გეგმავს გუნდი ჩემპიონატის ბოლოსთვის?
- "ზესტაფონი" მეორე წრეს ტრადიციულად ძლიერად ატარებს. პირველადგილოსანს 9 ქულით ჩამოვრჩებით, დანარჩენებს ნაკლებით. ვფიქრობ, საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას შევძლებთ. ნათქვამია, კაცი იმედით ცოცხლობსო და ჩვენც იმედით ვუყურებთ მომავალს, გულშემატკივრებს კი ყველა მატჩში უშეღავათო ბრძოლასა და კარგ ფეხბურთს ვპირდებით. იცოდეთ, უბრძოლველად არაფერს დავთმობთ!

 

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005