05.05.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მესამე ადგილისთვის აცხადებს პრეტენზიას. გუნდი ამჟამად მეოთხე ადგილზეა და რუსთავის ”ოლიმპს” 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა, რაც მთავარია, ზესტაფონელებს ”ევროპის ლიგის” საგზური უკვე განაღდებული აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავის ”ოლიმპი” თასის ფინალშია გასული, ხოლო ”დინამო” კი სამეულშია მოხვედრილი, საკმარისია მათ მეოთხე ადგილზე დაასრულონ ასპარეზობა, რომ ევროტურნირის საგზური მოიპოვონ.


- ბატონო გია, ”ზესტაფონი” ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება, თუმცა, როგორც ვიცით, გუნდს მესამე ადგილის დაკავების პრეტენზია აქვს. ”ოლიმპთან” ორქულიანი ჩამორჩენა კი გაქვთ, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და სამეულში მოხვედრაც შესაძლებელია...
- გეთანხმებით. მესამე ადგილი მეოთხეს ნამდვილად სჯობს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ”ევროპის ლიგის” საგზური თითქმის უკვე გვაქვს. ამდენად, მომავალ შეხვედრებს ჩავატარებთ მომავალზე ფიქრით.
- ესე იგი, შესაძლებელია მინდორზე გამოჩნდეს რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი?
- ახალი სახე იმდენად არაა მოსალოდნელი, რამდენადაც შესაძლებელია ის, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც განაცხადში გვყავს შეყვანილი, პოზიციები შევუცვალოთ და სხვა ამპლუაშიც ვნახოთ მათი თამაში.
- ანუ გარკეული სახის ექსპერიმენტებს მიმართავთ...
- დიახ, მაგრამ ისევ და ისევ სათამაშო ამპლუას შეცვლის სახით.
- ეს რამდენიმე პოზიციას ეხება?
- დიახ. მათ გამოვცდით მათთვის არაჩვეულ პოზიციებზე.
- შეგიძლიათ, რომელიმე ასეთი ”პოზიციაშეცვლილი” ფეხბურთელის გვარი გვითხრათ?
- ამას სხვა რამის გამო ვაკეთებ და არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება დავიწყო. მერე შეიძლება ფეხბურთელმა ისე გაიგოს, თითქოს ამა თუ იმ პოზიციაზე ვერ გაამართლა და ამპლუას ვუცვლით. მოდით, ამის აფიშირება ახლა არ გვინდა, ჩატარდება შეხვედრები და ყველაფერს ნახავთ. ჩვენი სურვილია, ესა თუ ის ფეხბურთელი სხვა პოზიციაზე გამოვცადოთ და ვნახოთ, რამდენად შეიძლება მისი იმედი გვქონდეს სხვა შეხვედრებში, როდესაც ამის საჭიროება იქნება.
- ”ზესტაფონი-2” გასავარდნ ზონასთანაა ახლოს...
- ნამდვილად ასეა.
- რა კეთდება იმისათვის, რომ გუნდი არ გავარდეს? თუ არ ვცდებით, ლევან მელქაძემაც კი ითამაშა მეორე გუნდში, გოლიც გაიტანა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა...
- ჩვენ ძალიან გვინდა, რომ გუდნმა მოიგოს თამაშები და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეხედულება ამ პირველ ლიგასთან დაკავშირებით. ის უნდა გადაკეთდეს და იქ უნდა ითამაშონ იმ გუნდებმა, რომლებიც უშუალოდ იბრძვიან უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და არა ფარმ-კლუბები. ჩემი აზრით, მისაღები იქნება თუ დუბლების პირველობა ჩატარდება და ამას ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება.
- დუბლების პირველობა ბევრ ქვეყანაში ტარდება...
- დიახ, უმეტესად ტარდება. ჩემი აზრით, პირველი ლიგის შემთხვევაში, სპორტული პრინციპები მთლიანად დარღვეულია. გუნდს არ აქვს უფლება გადავიდეს უმაღლეს ლიგაში, ამავე დროს მისი გავარდნა შეიძლება. მე კი ვიცი, რომ ფარმ-კლუბს სულ სხვა დანიშნულება აქვს. მისი მიზანია ფეხბურთელების აღზრდა. ვფიქრობ, ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დასაყენებელია და აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რათა ამგვარად დაიწყოს ქართული ფეხბურთის წინსვლა და განვითარება.
- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთის ფედერაციაში სცალიათ ამ საკითხის განსახილველად?
- მე არ ვიცი, დათანხმდებიან თუ არა ამ ნოვაციას, მაგრამ უკვე ვამზადებთ ამ პროექტს და თან არგუმენტირებულად დავასაბუთებთ, თუ რატომაა საჭირო დუბლების პირველობის გამართვა.
- დათანხმებიან?
- ეს არ ვიცი, მაგრამ განხილვის ღირსი რომ არის, ეს კი ნამდვილად ვიცი.
- ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის იმედი გქონდეთ...
- ძალიან მინდა, რომ ჟურნალისტებს შევხვდე და არგუმენტები გაგაცნოთ, თუ რატომ უნდა მოხდეს ამგვარი სიახლის შეტანა ჩვენს ჩემპიონატში.
- ბატონო გია, რამდენად კმაყოფილია კლუბის ხელმძღვანელობა თქვენს მიერ მოკლე პერიოდში გაწეული მუშაობით? თუ არ ვცდებით, თქვენ გუნდში დეკემბერში მიხვედით...
- დიახ, დეკემბრის დასაწყისში.
- ხუთი თვეა, რაც გუნდში მუშაობთ...
- მთავარი ისაა, რომ კლუბის ხელმძრვანელობის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს და რაც ყველაზე მეტად მახარებს და მსიამოვნებს, ჩვენ ერთი აზრი გაგვაჩნია. ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ. მგონი, ხედავთ, რომ გუნდი საკმაოდ გაახალგაზრდავებულია, ვაპირებთ მომავალში მეორე გუნდს გადავხედოთ და მხოლოდ პერსპექტიული ფეხბურთელები ვიყოლიოთ. ჩვენი მიზანია, რომ რეზერვი უნდა მომზადდეს მხოლოდ კლუბში. შესაბამისად, მიეხედება იმ სამ ასაკობრივ გუნდს, რომელიც აუცილებელია რომ გვყავდეს და ისინი გაერთიანდებიან აკადემიაში. ჩვენ სერიოზული მიზნები გვაქვს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ბევრი რამის გადაკეთება მოგვიწია და ეს აისახა შედეგზე. მაგრამ როდესაც გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებ, ამავე დროს შედეგის მიღწევა ცოტა რთულია და ეს მოსალოდნელიც იყო.
- მთავარია, გუნდის ხელმძღვანელობა გაგებით მოეკიდოს ამ საკითხს...
- დიახ, ხომ გითხარით, ჩვენ ერთი შეხედულება გვაქვს და ამ საკითხს გაგებით ეკიდება.
- და ისიც მთავარია, რომ ევროსაგზური მოპოვებული გაქვთ...
- ეს უკვე ორმაგად სასიხარულოა.
- როდესაც გუნდი ევროტურირებზე იასაპრეზებს, მერე გამოჩნდება რამდენად წარმატებული იყო გუნდისთვის გასული სეზონი, მწვრთნელის მუშაობა და ა.შ... რას ელოდებით ”ევროპის ლიგაზე”?
- მოდით, იმით დავიწყოთ, რომ კლუბის მუშაობის პირველი შემფასებელი ევროტურნირებზე გუნდის გამოსვლაა. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს ვნახოთ, თუ რა დონეზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, რომ კლუბი საფუძვლიანად უნდა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში მომავალ წელს ჩვენს სიტყვას ვიტყვით. პირველი ეტაპი მონაწილეობის მიღებაა და მეორე, იქ ნაჩვენები შედეგი. მაგრამ ეს ეტაპი ჩვენ გვანახებს, თუ რა სჭირდება ”ზესტაფონის” პირველ გუნდს, რა არის დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორი ფეხბურთელები გვჭირდება, ორგანიზაციულ საკითხებში სად გვაქვს ჩავარდნა და სად უნდა ამოქაჩვა ...
- თბილისის ”დინამოში” მუშაობის შემდეგ, თქვენ ევროტურნირებზე მონაწილეობა აღარ მიგიღიათ, მაგრამ ზურგს უდიდესი გამოცდილება გიმაგრებთ. გუნდში არის რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი, რომელსაც ევროსარბიელზე გამოსვლის გამოცდილება არ აქვს... თავად როგორ განწყობაზე ხართ?
- ეს ჩემთვის სამუშაო ატმოსფეროა და ჩვენი მიზანია, რომ ფეხბურთელების ნერვიულობა, დაძაბულობა მომავალი შეხვედრების წინ მინიმუმადე დავიყვანოთ. თავდაჯერებულობა სჭირდებათ და უნდა დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში. მე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც ჩემს გუნდში არიან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რამდენიმე მოთამაშეა, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშია, იმასაც ვიტყვი, რომ გაძლიერება არ გვაწყენდა.
- ალბათ თქვენ საქმის კურსში ხართ, რაც ხდება ქართულ ფეხბურთსი. დასახელდა სამი წყვილი გუნდი, რომელთაც გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობსი მიღება ბრალდებათ... რას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც ახლა ადგილი აქვს?
- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ჩემში ეს ყოველვე შინაგან პროტესტს იწვევს. ჩემი აზრით, თუ არის რაიმე საფუძველი იმისა, რომ ვინმეს ევარაუდა ამა თუ იმ შეხვედრის გარიგებულობაში, მაშინ ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება ”ზესტაფონს”, როცა ამ გუნდში მოვედი და პრეზიდენტს შევხვდი, პირველი თხოვნა ის იყო, რომ მსაჯებს არ უნდა ველაპარაკოთო. ეს რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, ვინაიდან ჩვენ მსაჯებთან არანაირი შეხება არ გვაქვს. კლუბის ასეთი პოზიცია ძალიან მესიამოვნა და ამანაც განაპირობა ჩემი ”ზესტაფონში” მოსვლა და მუშაობის დაწყება.
- მაგრამ ქარტული ფეხბურთისთვის ცუდი ისაა, რომ რამდენიმე გუნდს არა, მაგრამ სხვებს შეიძლება ჰქონდეთ მსაჯებთან ამგვარი ”ურთიერთობა” და ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს ქართულ ფეხბურთს...
- თავისთავად ცხადია.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გუნდები პფლ-დან გამოვიდნენ და მისი დაშლა მოითხოვონ. როგორ ფიქრობთ, პფლ ემსახურება თუ არა ქართულ გუნდებს ისე, როგორც საჭიროა?
- ჩვენ გვაქვს საკითხები, რომლის შეტენას ვატარებთ ფედერაციაში და პფლ-ში. თუ რამე შეგვიძლია პფლ-ს დავეხმაროთ, ამის უფლება გვაქვს კიდევაც და მოვალენიც ვართ. ვნახოთ, წარვადგინოთ სიახლეები, ჩვენი შეხედულებები და მერე ვისაუბროთ, ასრულებენ თუ არა თავიანთ მოვალეობებს ჯეროვნად. ახლა რომ დავშალოთ პფლ და მერე ისევ შევქმნათ, ასე არ გამოვა. ჩემი აზრით, პფლ თავის სამუშაოს, როგორც შეუძლია, ისე აკეთებს. ხოლო ის, რომ ვიღაცას რაღაც ნათქვამი ეწყინა და იქიდან გამომდინარე, პფლ უნდა დაიშალოს, მე არასერიოზულად მიმაჩნია. ძალიან კარგი იქნება, თუ მართლა გაირკვევა სიმართლე და თუ მართლაც ხდება მატჩების გარიგება, სასტიკად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ასეთი პირები.
- მაგრამ ითქვა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, მანამდე საპრიზო ფონდიდან გამოსაყოფ თანსხას არ გასცემენ. კითხვაზე, როდის დასრულდება გამოძიება, პფლ-ის ხელმძრვანელობას საერთოდ არ ადარდებს. მთავარი ისაა, რომ მათ ფული არ გასცენ. ეს სწორია?
- ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ სიმკაცრეს ავლენს...
- ახლა ნაკრებზეც გვინდა გკითხოთ. ფეხბურთელები ამბობენ, რომ დიდი მნიშვბნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი. საქართველოში ფეხბურთის დონე ძალზედ დაეცა...
- მე ყოველთვის იმ აზრის ვიყავი, რომ ნაკრებში ქართველი სპეციალისტი უნდა ყოფილიყო ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ რადგან, ნაკრებში ჩამოვიდა კუპერი, საკმაოდ მაღალი დონის მწვრთნელი, ჩვენ მას კონტრაქტი აუცილებლად უნდა გავუგრძელოთ. და ამავე დროს, უნდა მივაწოდოთ ყველანაირი ინფორმაცია ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ. ვინმემ დაუშალა ამგვარი ინფორმაციის მიწოდება? კუპერი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ესწრება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის მაღალი კლასის მწვრთნელია და ის მუშაობს. მაშინ რატომ უნდა გავუშვათ? უნდა დავტოვოთ და მუშაობის გაგრძელების საშუალება მივცეთ. აქ საქმე კუპერში არა, ქარტულ ფეხბურთშია. ყველა კლუბმა უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, მიმართულება, პროგრამა და იმის მიხედვით უნდა გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ფეხბურთელები, მოვამზადოთ და მერე გავუშვათ სხვა გუნდში სათამაშოდ. ამდენად, ყველა კლუბის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართული ფეხბურთის გადასარჩენად. არის საკითხები, რომელიც მწვავედ უნდა დადგეს. ჩვენ თუ პირობები არ შევქმენით, ისე არაფერი გამოვა.


მიხეილ აფხაზავა , ჟურნალი ”სპორტსიახლენი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005