საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის განცხადება.
ბოლო პერიოდში საზოგადოებაში და ქართულ მედია-საშუალებებში მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრებში ე.წ. ”ჩაწყობილი მატჩების” შესახებ და ”პატიოსანი თამაშის” პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.
ზემოთხსენებული თემის განხილვისას რამდენიმეჯერ გაჟღერდა 2007-2008 წლების სეზონის მიწურულს თბილისის ”დინამოსა” და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” შორის 3 და 7 მაისს გამართული ორი შეხვედრა, როგორც მატჩები, რომლებიც ”საეჭვოთა” კატეგორიას მიეკუთვნება.
გვინდა შეგახსენოთ, რომ ს. კ. ”ზესტაფონის” მიერ გასული წლის 16 მაისს თასის ფინალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება ერთ-ერთი ლამაზი დღე გახლდათ არა მარტო საფეხბურთო ზესტაფონის, არამედ მთელი ჩვენი ქალაქის ისტორიაში. როგორც თასის ფინალურ მატჩზე, ასევე ზემოთნახსენებ შეხვედრებზე ესწრებოდა ჩვენი კლუბის ათასობით ქომაგი, რომლისთვისაც იმ ისტორიული გამარჯვების სისუფთავესა და კანონზომიერებაში ეჭვის შეტანა, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით 2008 წლის 10 მაისს გაზეთ ”სარბიელში” (№ 105) გამოქვეყნდა ს. კ. ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას ინტერვიუ, რომელშიც კლუბის ხელმძღვანელმა განაცხადა შემდეგი: ”მას, ვინც ილია კოკაიას "ზესტაფონი" - "დინამოს" მატჩის სიბინძურეში დაარწმუნებს დაშესაბამის მტკიცებულებებს მისცემს, მზად ვარ 50 ათასი დოლარი გადავუხადო. დამაჯერეთ, რომ მატჩი გარიგებული იყო და 50 ათასს ვიხდი!”. ეს განცხადება ნათლად ასახავს კლუბის პრეზიდენტის პრინციპულობას და იმას, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. ”გარიგებულ მატჩებში” მონაწილეობის მიღება.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დღემდე ასეთი მტკიცებულებები არავის წარმოუდგენია. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბისათვის არანაირი შეკითხვით არც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუმართავთ. ამდენად, ”ჩაწყობილი მატჩების” თემასთან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დაკავშირებას უადგილოდ და შეურაცხმყოფელად მივიჩნევთ.
გარდა ამისა, მოგახსენებთ იმასაც, რომ მსგავსი ბრალდებების ინიციატორებად მივიჩნევთ იმ პირებსა და ფუნქციონერებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან უკანასკნელ პერიოდში გახმაურებულ ”სკანდალურ შეხვედრებთან”, რომლებთან დაკავშირებითაც სულ რამდენიმე დღის წინ ს.ფ.ფ.-ს აღმასკომმაც იმსჯელა. ჩვენის აზრით, ესაა სასაცილო მცდელობა იმისა, რომ სხვისთვის სიბინძურის გადაბრალების გზით საზოგადოების ყურადღება რეალურად აქტუალური თემებიდან გადატანილ იქნას სულ სხვა საკითხებზე. ეს კი უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდების ერთგვარი ხერხია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით პფლ-ის მიერ ”გარიგებული მატჩების” გამოაშკარავების მცდელობებს, ჩვენის აზრით, ეს მხოლოდ ერთჯერადი პიარ-აქციების ხასიათს ატარებს და მიზნად არ ისახავს იმ რეალური პრობლემების მოგვარებას, რომელთა წინაშეც ქართული ფეხბურთი აღმოჩნდა. რად ღირს მხოლოდ ის გარემოება, რომ ქართულ კლუბებს დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშებაში ასპარეზობაც კი აღარ აინტერესებს, არც ფინანსური და არც სპორტული თვალსაზრისით. არადა, ასეთი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში ბევრი უსიამოვნო საკითხი თავისთავად მოგვარდებოდა ...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბი ნდობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელმაც სწორედ ”პატიოსანი თამაშის” პრინციპების დაცვით დაიმსახურა გუნდის ათასობით გულშემატკივრის სიყვარული და პატივისცემა და მიმართავს თხოვნით კლუბის ხელმძღვანელობას, შემდგომში კლუბისა და მისი გულშემატკივრის მისამართით უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ხასიათის ბრალდებების გაჟღერების შემთხვევაში, კლუბმა გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტი კ. ბოჭორიშვილი
|