ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან.
მინდა, ზესტაფონთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო
”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძის დანიშვნის შემგედ, იმერულ გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. მათ შორის არის ”ზესტაფონი-2”-დან დაწინაურებული ახალგაზრდა ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი, რომელიც გუნდს კარგად შეეწყო და სულ უფრო ხშირად ხვდება ”ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობაში. სხვათა შორის თორნიკეს 27 აპრილს 21 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ”ზესტაფონი”-”მგლების” მატჩისას მაღალი ტემპერატურის გამო მეორე ტაიმში მოედნის დატოვება მოუხდა, თუმცა, ავადმყოფობის მიუხედავად მატჩის შემდეგ ჩვენთან საუბარი არ დაიზარა.
- თორნიკე, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში თამაშობ, არადა შენზე ბევრი არაფერია ცნობილი. საინტერესოა, სად დაიწყე ფეხბურთის თამაში და აქამდე რომელ გუნდებში ასპარეზობდი?
- ბავშვობიდან თბილისში თამაზ კოსტავას ხელმძღვანელობით ვიზრდებოდი, შემდეგ ჩვენს ბაზაზე შეიქმნა ახალი გუნდი ”მარდი” და იქ განვაგრძე ასპარეზობა. თბილისიდან ზესტაფონში გადმოვედი და უკვე ოთხი წელიწადია ამ გუნდში ვარ. შარშან, უეფას თასზე ”დიორთან” მატჩისთვის თემურ მახარაძემ უნგრეთშიც მიახლა, თუმცა დეკემბრამდე”ზესტაფონი 2-ის”ფეხბურთელად ვითვლებოდი, გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ კი პირველ გუნდში გადმომიყვანეს.
- ელოდი, რომ ”ზესტაფონის” მთავარ გუნდს ასე მალე გაუშინაურდებოდი?
- მეორე გუნდში თამაშისას აქაურ გარემოს შევეჩვიე, თანაგუნდელების უმრავლესობასაც ვიცნობდი და მათთან აქამდეც ვმეგობრობდი, ამიტომ პირველ გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. ამას ისიც დაემატა, რომ გია გეგუჩაძემ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნდობა გამოგვიცხადა და თავის გამოჩენის საშუალება მოგვცა. ყოველნაირად ვეცდები, რომ მისი იმედები გავამართლო. ”ზესტაფონში” დიდი კონკურენციაა და იმის ილუზია არა მაქვს, რომ ძირითადის უცვლელი ფეხბურთელი ვიქნები, მაგრამ ვეცდები, რომ მწვრთნელის ნდობა მაქსიმალურად გავამართლო. ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი-რვა შეხვედრა ჩავატარე და კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი.
- უმაღლეს ლიგაში შენი დებიუტი თბილისის ”დინამოს” წინააღმდეგ შედგა. პირველივე მატჩში ასეთ პრინციპულ მეტოქესთან თამაში არ გაგიჭირდა?
- რა თქმა უნდა, ”დინამოსთან” თამაში იოლი არ არის, თანაც მისსავე მოედანზე მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. გახარებული ვიყავი, რომ მწვრთნელი მენდო და ასეთ პრინციპულ შეხვედრაში ძირითადში დამაყენა. სამწუხაროდ, ის შეხვედრა 0:2 წავაგეთ.
- მომდევნო შეხვედრაში, ”სპარტაკის” წინააღმდეგ მწვრთნელმა შენთვის უჩვეულო პოზიციაზე - დაცვის მარცხენა ფლანგზე გაგამწესა, თუმცა ამ შეხვედრაში პირველი საგოლე პასი გაიფორმე...
- შემტევი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია, რა პოზიციაზე მათამაშებს. გუნდს სადაც გამოვადგები, ჩემი ადგილიც იქ არის. ”სპარტაკთან” მატჩის წინ დაცვაში პრობლემები გვქონდა და მწვრთნელი იძულებული იყო გადაადგილებები მოეხდინა. ვფიქრობ, იმ შეხვედრაში ცუდად არ მითამაშია და ჩემი გადაცემის შემდეგ ხიდეშელმა გოლიც გაიტანა.
- სტანდარტულ მდგომარეობას ხშირად ასრულებ და არცთუ ურიგოდ. ახლაც, ”მგლებთან” მატჩში კუთხურიდან იონანიძეს საგოლედ ჩაუწოდე...
- ამ კომპონენტის სრულყოფისთვის ბევრს ვვარჯიშობ. ალბათ, გამომდის კიდეც, რადგანაც გუნდში სტანდარტულების შესრულებას ხშირად მანდობენ.
- ”ზესტაფონი” წლეულს ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს, ახლა მეოთხე ადგილზე ხართ და ”ოლიმპს” ორი ქულით ჩამორჩებით. როგორ ფიქრობ, შეძლებთ სამეულში შესვლას?
- წლეულს ”ზესტაფონში” ბევრი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა და ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში ვართ. სწორედ ამ ნაკლმა იჩინა თავი ”დინამოსთან” და ”ვიტ ჯორჯიასთან” მარცხის დროს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს მესამე საპრიზო ადგილზე დავასრულებთ. მომავალ წელს კი აუცილებლად ჩემპიონობაზე ვიფიქრებთ.
- შენს მიზნებზე რას გვეტყვი?
- ყველა ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. აქამდე არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სამშაბათობაზე მიმიწვია. თუ კლუბში თავს გამოვიჩენ, სამომავლოდ ნაკრებში მოხვედრის იმედიც რატომ არ უნდა მქონდეს? რაც შეეხება ჩემს საკლუბო მიზნებს, კონტრაქტით ”ზესტაფონთან” კიდევ ორი წელიწადი მაკავშირებს და მინდა ახლანდელ გუნდთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო, შემდეგ კი უცხოეთში კარიერის მოწყობაზეც ვიფიქრებ.
|