ინტერვიუ შოთა გრიგალაშვილთან.
ადამიანს რომ ენდობი, უკვე დიდი საქმეა, ნდობას კი გამართლება უნდა. ამიტომ, ნდობა რისკთანაა დაკავშირებული. მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობაც მეტწილად ნდობაზე და ამ ნდობის დაფასებაზეა აგებული... შოთა გრიგალაშვილი საფეხბურთო მილეთმა 2004 წელს გაიცნო, როცა თბილისის ”დინამოს” პირველ გუნდში გამოჩნდა. ”დინამოს” ახალბედათაგან პირველი კაცი მაშინ ჯაბა კანკავა იყო, გრიგალაშვილი კი თითქოს ტრამპლინზე იდგა - ვინ იქნება კანკავას შემდეგ? როცა ასეთ კითხვას სვამდნენ, გრიგალაშვილსაც ახსენებდნენ, მაგრამ მისი საქმეები კარგად ვერ აეწყო. ”ზესტაფონში” მისვლით კი ის ხელახლა შეუყვა იმ გზას, რამაც უნდა დაგვანახვოს, სად გადის ამ ფეხბურთელის შესაძლებლობათა ზღვარი.
ჩია აღნაგობის კაფანდარა ნახევარმცველი - ვისთვისაც გაბარიტები დიდად მნიშვნელოვანია, გრიგალაშვილი მის გუნდში ვერ მოხვდება. ეს ფეხბურთელი ისეთ სტილს ესადაგება, სადაც მთავარია სწრაფი მოძრაობა, სიმსუბუქე და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება. გრიგალაშვილს ეხერხება დრიბლინგი, პასი და ძლიერი დარტყმა. მას აქვს ჯერაც გამოუყენებელი და დაუხარჯავი პოტენციალი, რის გამოც თავის დროზე ”დინამოშიც” მოხვდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც.
”პირველად რომ ვითამაშე ”დინამოს” მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, 17 წლისაც არ ვიყავი. მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ნდობა გამომიცხადა მაშინ გია გეგუჩაძემ. ეს 2004 წელს მოხდა, ახლა კი ისევ ამ მწვრთნელთან ვარ”, - გვითხრა გრიგალაშვილმა.
”დინამოში” გრიგალაშვილმა ფეხი ვერ მოიკიდა. რა იყო ამის მიზეზი? ასეთ დროს ფეხბურთელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, მაგრამ ეს ზოგადად - ყოველთვის კი ასე არ ხდება. გრიგალაშვილის შემთხვევაში ყველაფერი, ალბათ, არ არის ფეხბურთელის ბრალი - როცა ”დინამოს” დუშან უჰრინი წვრთნიდა, მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის შავმა კატამ გაირბინა.
” პირადი პრობლემის გამო ერთ-ერთ ვარჯიშზე ვერ მივედი, ავტოავარია მომივიდა. აქედან დაიწყო უთანხმოება, რომელსაც მერე სხვა უთანხმოებაც დაემატა და ”დინამოდან” წასვლამ მომიწია. საბოლოო ჯამში, ამით მე დავზარალდი”, - ასე აგვიხსნა საქართველოს უტიტულოვანესი გუნდიდან წასვლის მიზეზი გრიგალაშვილმა.
”დინამომ” შოთა ”ბორჯომში” გაანათხოვრა, სადაც ის ერთ-ერთი საუკეთესო კი იყო, მაგრამ სად ”ბორჯომი” და სად - ”დინამო”. ცხადია, ახალგაზრდა ფეხბურთელი ასეთი დიდი კონტრასტით რომ გამოიცვლის გუნდს, მისი წინსვლა ფერხდება.
”მაშინ საკმაოდ ნორმალური გუნდი ჰყავდა ”ბორჯომს”, ფეხბურთელთა კარგი კონტინგენტი იყო თავმოყრილი, მაგრამ შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, დაიშალა და ჩემი კარიერაც აირ-დაირია. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა, ”ზესტაფონში” მისვლით დალაგდა ჩემი საქმეები”, - ასე მიაჩნია გრიგალაშვილს.
”ზესტაფონში” ეს შუახაზელი მიმდინარე სეზონის ზამთრის შესვენებისას გადავიდა, იქამდე კი ახალციხის ”მესხეთში” თამაშობდა. ”მესხეთში” ვერ იყო კარგად საქმე, უფულობის გამო სავარჯიშო პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერდა, ”ზესტაფონში” კი სულ სხვა სიტუაცია დახვდა გრიგალაშვილს, თან ფეროელთა გუნდშიც სულ სხვანაირად მომზადებული ფეხბურთელები სჭირდებოდათ. ”ზესტაფონი” გია გეგუჩაძემ შარშან, ნოემბრის ბოლოს ჩაიბარა, გრიგალაშვილს კი ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების მერე უხმო.
”თავიდან მართლაც გამიჭირდა ახალ გუნდთან, ახალ გარემოსთან შეგუება, ახლა უკვე ნორმალურად არის ყველაფერი, თუმცა... ჩასული ფეხბურთელისთვის ზესტაფონში ცხოვრება არ არის ადვილი”, - გულწრფელად მოგვახსენა გრიგალაშვილმა.
შოთას ”დინამოსთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ”ზესტაფონმა” და ”დინამომ” გრიგალაშვილზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც უნდა იყოს, ”დინამო” მაინც ”დინამოა”, იქიდან ფეხბურთელი სხვა ქართულ გუნდში რომ გადავა, წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს.
”მე და ”დინამოს” ხელმძღვანელობა ერთმანეთს კარგად დავშორდით. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს წინგადადგმული ნაბიჯი, ყოველთვის იქ ყოფნა ჯობია, სადაც თავს კარგად გრძნობ. ამ ეტაპზე ”ზესტაფონი” მირჩევნია ”დინამოს”, - ასეთია გრიგალაშვილის პოზიცია.
ახლანდელ ”ზესტაფონში” გრიგალაშვილი უდავოდ შესამჩნევი ფიგურაა. მოედნის ცენტრში ბურთის შენარჩუნება და შეტევის ორგანიზება - ეს ევალება მას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს. ”ზესტაფონს” ამ რგოლში გარკვეული პრობლემები აქვს, ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება არ ჰყოფნით, თანაც გუნდში გეგუჩაძის მისვლის შემდეგ სათამაშო კონცეფციაც შეიცვლა. მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართა, ერთ-ერთი ამ ექსპერიმენტთაგანი გრიგალაშვილის მარცხენა ფლანგზე გამწესებაც იყო.
”როცა ოპტიმალურ ფორმაში არ ხარ, მაშინ გიწევს პოზიციის შეცვლა. მარცხნივაც ამიტომ მომიხდა თამაში. როცა ფორმაში შეხვალ, გუნდში შენს ადგილს უფრო იოლად იპოვი”, - განგვიმარტა გრიგალაშვილმა.
”ზესტაფონმა” მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე პრინციპულ მატჩებში ვერ იყოჩაღა - წააგო ”დინამოსთან”, ”ვიტ ჯორჯიასთან”, ”ოლიმპთან”, ფრედ ითამაშა ”სიონთან” - გრიგალაშვილს ამის მიზეზი რომ ვკითხეთ, გვიპასუხა: ”ამ ეტაპზე ჩვენთვის შედეგი არ არის მთავარი. დღეს ახალი გუნდის შენების პროცესი მიდის, ”ზესტაფონი” ახლა უფრო მომავალზე ფიქრობს, ვიდრე იმაზე, რომ დღესვე გვქონდეს მაღალი შედეგი”.
გრიგალაშვილი 22 წლისაა და ახალგაზრდულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს, წინა შესარჩევის პირველ მატჩებში კი ის პეტარ შეგრტის გაწვრთნილ გუნდში იყო. შეგრტს მოსწონდა გრიგალაშვილი, მაგრამ მერე...
”ისეთ ავტოავარიაში მოვყევი, 6 თვე გამიცდა. დაჟეჟილობები მქონდა და თამაში არ შემეძლო, ამიტომაც აღარ ვჩანდი ახალგაზრდულ ნაკრებში”.
დაკარგულის აღდგენა - ასეთი დაბრკოლების დაძლევა მოუწევს გრიგალაშვილს, ოღონდაც, ეს ერთობ რთული პროცესია, რამეთუ მას საკმაოდ ბევრი გაუცდა: ”სანამ ”ზესტაფონში” მივიდოდი, ისე მოხდა, რომ სამი წელი შეკრება არ გამივლია. ახლა ძალიან კი მინდა, ფეხბურთი მაღალ დონზე რომ ვითამაშო და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. როდის შევალ ოპტიმალურ ფორმაში? ვფიქრობ, ეს ”ზესტაფონში” მისვლიდან ერთ წელიწადში უნდა მოვახერხო - თუ ამ ხნის განმავლობაში ეს ვერ შევძელი, მაშინ ფეხბურთზე ხელი უნდა ჩავიქნიო”.
|