დასავლური დერბი.
2009 წლის 25 აპრილს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ წარმომადგენელ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”მგლებს”.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან მასპიძლებმა შეუტიეს სტუმართა კარს, რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან და 18-ე წუთზე იხეირეს კიდეც - ნიკა კვასხვაძის გადაცემის შემდეგ ზუგდიდელთა კარში ბურთი ირაკლი ძარიამ გადაგზავნა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი თორნიკე გორგიაშვილის მიერ კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ზუგდიდელთა კარის ბადეში ადგილი თავური დარტყმით უბერებელმა ზურაბ იონანიძემ მიუჩინა.
მეორე ტაიმი პოზიციურ ბრძოლებში წარიმართა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალეს, ამით კი ზუგდიდელებმა ისარგებლეს და რამდენიმეჯერ შეუტიეს კიდეც ზურაბ მამალაძის კარს. 75-ე წუთზე კი თავი ისევ ”იონამ” გამოიჩინა და ანგარიში დიდამდეც გაზარდა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში სტუმრებმა მოახერხეს, 87-ე წუთზე როინ ონიანის მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. ზესტაფონელთა გამარჯვება - 3-1.
მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):
ბესიკ შეროზია ("მგლების” მთავარი მწვრთნელი): ”გახსნილი ფეხბურთი იყო და მგონი მაყურებელს არ მოუწყენია. თავიდან თანაბარი ბრძოლა გვქონდა, მაგრამ მეტოქემ საკუთარი თამაში მოგვახვია თავს, რაც ანგარიშშიც აისახა. მეორე ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს”.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”სიმართლე გითხრათ, იმით, რომ მეტოქემ ღია ფეხბურთი შემოგვთავაზა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. როგორც წესი, მეტოქეები ზესტაფონში ყოველთვის ”ჩაკეტილ” თამაშს აჩვენებენ. ჩემი გუნდის მოქმედებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ - მეორე ტაიმში ისე გავიდნენ სათამაშოდ, საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ბოლოს დავისაჯეთ კიდეც”.
|