24.04.2009

 

 

ინტერვიუ ირაკლი ძარიასთან.

შესაძლოა, ჩვენს თაობას საჭირო სულისკვეთება აკლია ...

 

 

ირაკლი ძარია გულშემატკივარმა ბოლო ერთი წელია, გაიცნო - სტადიონებზე შემორჩენილ ორიოდე ადამიანს ვგულისხმობ, თორემ დანარჩენი საქართველო სტადიონზე არ დადის და აქაური ფეხბურთელები საიდან ეცოდინებათ? აქედან გამომდინარე, გაზეთის ფურცლებიდან თუ შევუქმნით მკითხველს წარმოდგენას ამა თუ იმ ფეხბურთელზე - ვინ არის, როგორ თამაშობს და ასე შემდეგ. ადრე, უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე ვწერდით ასე ...

სამწუხაროდ, გულშემატკივართა დიდ ნაწილს ჩვენი ფეხბურთელების იმედი გადაეწურა, მათ ხაზი გადაუსვეს და უკვე ასიდან ერთს თუ სჯერა, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელი იბადება. იბადება კი არა, იბადებიან! მაგრამ აძლევს კი ეს ქვეყანა ამ ნიჭს ”გზა ფართოს”? ვეჭვობ.

”გაგრას” მთავარი მწვრთნელი ვიქტორ კაშჩეი ამტკიცებს, საქართველო ”ოქროს საბადოა” და გაუგებარია, ამხელა რესურსს როგორ ვერ იყენებთო. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც შეუძლია, მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ირაკლი ძარიაა - ”ზესტაფონისა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.

ბოლო ნახევარი წელია, ირაკლი ”ზესტაფონის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს გია გეგუჩაძეც ენდობა და ირაკლიც მოედანზე დიდ შავ სამუშაოს ასრულებს და შეტევების წამოწყებაც ეხერხება...

- ირაკლი, ჯერ ”ზესტაფონზე” ვილაპარაკოთ. გუნდი მშვენივრადაა დაკომპლექტებული, მაგრამ წელს ჩემპიონობაც ხელიდან გაუშვით და თასიც...

- ჩვენ მართლაც ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ შეუთამაშებლობამ გვიღალატა. ბოლომდე ურთიერთგაგებაც არ გვყოფნის, თორემ მოედნის მიღმა მეგობრული გუნდი გვყავს. ”ზესტაფონის” ბირთვს გამოუცდელი მოთამაშეები შეადგენენ და წლევანდელ შედეგზე ამანაც გავლენა მოახდინა. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. ალბათ, მომავალ სეზონში უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება.

- სხვათა შორის, ”ზესტაფონს” ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ერთხელაც ვერ იბრძოლა. რა გიშლით ხელს?

- რაღაც რომ გვჭირს აშკარაა, მაგრამ რა? ეს რომ ვიცოდე... ფინანსურად და წმინდა სპორტული კუთხით, გუნდს არაფერი აკლია. წელს გამოცდილებამ გვიღალატა. მომავალ წელს კი, ბოლოს და ბოლოს, თასისა და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

- ”ოლიმპმა” გადაგასწროთ და უკვე მეოთხე ადგილზე აღმოჩნდით. ასე ვთქვათ, წელს ევროსაგზურის გარეშე დარჩენის დიდი შანსი გაქვთ...

- არ მგონია. 2 ქულა არ არის იმხელა სხვაობა, რომ კონკურენტის დაწევა შეუძლებელი იყოს.

- რა შეიცვალა ”ზესტაფონში” გია გეგუჩაძის დანიშვნით?

- შეიცვალა სტილი. მერე კიდევ, გეგუჩაძე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სათამაშო დისციპლინას, ფეხბურთელებისგან ქცევის გარკვეული წესების დაცვას ითხოვს, რაც ”ზესტაფონის” იმიჯს უნდა დაეტყოს. და ეს ყველაფერი მწვრთნელმა ფეხბურთელთა საკეთილდღეოდ შეცვალა. შეტევაში უფრო აგრესიულ ფეხბურთს ითხოვს, შეტევიდან დაცვაში დაბრუნებას და დაცვიდან შეტევის სწრაფ განვითარებას გვასწავლის. მეორე საკითხია, ამას როგორ ვახერხებთ.

- ბევრჯერ მინახავს კადრებში, რომ თამაშს ლოცვით იწყებ. რას ნიშნავს შენთვის რელიგია?

- მინდა, ჩემი ცხოვრება უფალს მივანდო. ძმა მყავს გარდაცვლილი და თუ ცხოვრებაში რაიმე კარგს გავაკეთებ, მას უნდა მივუძღვნა - გოლი იქნება ეს, წარმატება და ასე შემდეგ. პატარა ბიჭი იყო, როცა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა...

- როგორც ვიცი, ფოთში გაიზარდე...

- ფოთში გავიზარდე, მაგრამ სოხუმელი ვარ. ომი რომ დამთავრდა, ჩემი ოჯახი გადასახლდა და ფეხბურთზე სიარულიც ფოთში, ზვიად ნოდიასა და გურამ იმნაძესთან დავიწყე.

- ქართული ფეხბურთის ძველი კადრები თუ გინახავს?

- როგორ არ მინახავს? ამან რატომ დაგაინტერესათ?

- ბუნებრივია, იმ კადრებში ნანახი ფეხბურთელების დონეზე თამაში გენდომება...

- ეს ჩემი ოცნებაა. ხურცილავასა და ჩივაძის პერიოდის ”დინამომ” ქართულ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა.

- შენს თაობას მათ დონეზე სათამაშოდ რა აკლია - ნიჭი, მონდომება, პირობები თუ სულისკვეთება?

- შეიძლება, საჭირო სულისკვეთება. ძნელი სათქმელია, რა არის ამის მიზეზი. მოედანზე ბოლომდე თუ არა დაიხარჯე და სხვა რამეზე იფიქრე, არაფერი გამოგივა.

- რა არის ეს ”სხვა რამე”? კარგი მანქანა, ქალები... თუ გაჭირვება?

- ”ზესტაფონში” რა გვიჭირს, ფინანსებიც არის და სავარჯიშო პირობებიც. ბევრგან კი ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ, მოედანზე დამძიმებული ფიქრებით გამოდიან და ეს თამაშზეც ეტყობათ. ბევრს ნიჭის გამოვლენის საშუალება და პირობები არ გააჩნია. რაღაც ხელს გვიშლის...

- ბოლო წლების ”გამოშვებებს” შორის შენს თაობას ”გამორჩეულს” უწოდებენ. არადა, ჯანმაგარმა ბელარუსებმა მარტო სირბილით გაჯობეს. გამოდის, რომ ეს ”გამორჩეული” თაობაც ევროპული დონეს არ შეეფერება.

- წაგების მიზეზი გუნდის შეუთამაშებლობა იყო, ლეგიონერები არ გვყავდა და ბევრიც გასასინჯი იყო. ასეთ პირობებში, არ მიკვირს, რომ წავაგეთ. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურ შეხვედრებამდე ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება, შევთამაშდებით და წარმატებისთვისაც ვიბრძოლებთ.

- რა არის პირადად შენი მიზანი?

- ”ზესტაფონში” ჩემპიონი და თასის მფლობელი მინდა გავხდე, ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში, მასთან ერთად წარმატებებს მივაღწიო და ძლიერ ევროპულ კლუბში გადავიდე.


მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005