22.04.2009

 

 

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან.

ჩემი დროც დადგება... რატი წინამძღვრიშვილი ბელგიიდან დაბრუნდა

 

 

ორთვენახევრიანი მივლინების შემდეგ რატი წინამძღვრიშვილი საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ბელგიაში გახლდათ, სადაც ცნობილ პროფესორ მარკ მარტენსის კლინიკაში ჯვარედინი და გვერდითიიოგების ოპერაცია გაიკეთა და თან სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა. ეს ის პროფესორია, ორიოდ თვისწინ კახა კალაძეს რომ გაუკეთა ოპერაცია...

გეცოდინებათ, წინამძღვრიშვილი გასულ ზამთარს გადავიდა თბილისის "ამერიდან" "ზესტაფონში" და სწორედ იმერული კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას დახმარებით შეძლო ბელგიაში გამგზავრება. მოკლედ, 20 წლის წინამძღვრიშვილი უკვე საქართველოშია და ბელგიელი ექიმების რეკომენდაციით აქ გააგრძელებს მზადებას...

- ძალიან კმაყოფილი ვარ. ტკივილები დიდი ხანია, აღარ მაწუხებს და ნელ-ნელა დატვირთვებსაც ვზრდი. ბელგიაში ყოფნისას ბოლო დღეებში ბურთითაც გამაკეთებინეს რამდენიმე იოლი ვარჯიში. თავად მარკ მარტენსიც კმაყოფილი იყო ჩემი პროგრესით - გვითხრა რატი წინამძღვრიშვილმა, ვისაც ზესტაფონში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.

- როგორც ვიცით, ოპერაცია ძალიან რთული იყო...

- რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ალბათ სპეციალური პროგრამაც გამოგატანეს...

- რა თქმა უნდა. ახლა ამ პროგრამით უნდა გავაგრძელო ვარჯიში - ტრენაჟორები, აუზი, სირბილი... ამ ყველაფრის გაკეთება უკვე თავისუფლად შემიძლია.

- მაინც რა გითხრეს, დაახლოებით როდისთვის შეგეძლება სრული დატვირთვით ვარჯიში.

- წესით, ივლისისთვის უნდა შევძლო გუნდთან ერთად ვარჯიში. აგვისტოდან კი თამაშის უფლებაც მექნება. ძალიან მომენატრა ფეხბურთი და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები მოედანს. ამას სიტყვებით ვერც გადმოვცემ, ისე მინდა თამაში... ახლა მთავარია, ექიმების მითითებები ბოლომდე შევასრულო და მჯერა, რომ მალე ჩემი დროც დადგება...

კახა შალამბერიძე,  გაზეთი ”სარბიელი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005