საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება.
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში ქართული მედიის ფურცლებზე გაიმართა და დღემდე მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრებში ”პატიოსანი თამაშისა” და ზოგადად, სპორტული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.
ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემატური საკითხებისადმი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხელმძღვანელობას გააჩნია საკუთარი ხედვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:
1. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საჯაროდ აცხადებს ”პატიოსანი თამაშის” (”FAIR PLAY”) პრინციპების პატივისცემისა და ერთგულების შესახებ.
2. სწორედ ”პატიოსანი თამაშის” (”FAIR PLAY”) პრინციპების დაცვის მიზნით კლუბი აცხადებს იმის შესახებ, რომ შემდგომში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრების მიმდინარეობისას, კლუბის ფეხბურთელები არ გადააგდებენ ბურთს მოედნის ფარგლებს გარეთ იმ შემთხვევებში, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები თამაშის შეწყვეტასა და სამედიცინო დახმარებას მოითხოვენ. რასაკვირველია, საუბარი არაა ისეთ სიტუაციებზე, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის ჯანმრთელობას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. მატჩის მსვლელობის შეჩერების ინიციატორი მატჩის არბიტრი უნდა იყოს.
3. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გასამართი მატჩების მიმდინარეობისას, საფეხბურთო მატჩების თამაშის ტემპის დაჩქარებისა და სათამაშო დინამიკის შენარჩუნების მიზნით, ს.კ. ”ზესტაფონი” თავზე იღებს ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრები გაიმართება 12 სათადარიგო ბურთისა და ბურთების დროულად მოწოდებისათვის საჭირო დამხმარე ბიჭუნების შესაბამისი რაოდენობის გამოყენებით.
4. როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მინდვრის საფარის მდგომარეობას. გვინდა განვაცხადოთ იმის შესახებ, რომ ს.კ. ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის "ყაზბეგის" თასის გათამაშების შეხვედრების წინა დღეს მზადაა დაუთმოს მოწინააღმდეგე გუნდებს ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მოედანი წინასამატჩო ვარჯიშის ჩასატარებლად, თუ ასეთ მზადყოფნას სხვა კლუბებიც დააფიქსირებენ.
5. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” იმედოვნებს, რომ ქართული კლუბები არამარტო გაგებით მოეკიდებიან ამ განცხადებაში გაჟღებულ ინიციატივებს, არამედ შეუერთდებიან მათ.
|