ინტერვიუ უჩა ლობჟანიძესთან.
მესამე ცდის იმედით ...
მიმდინარე სეზონში ”ვიტ-ჯორჯია” და ”ზესტაფონი” ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ვეტერინარებმა ერთნაირი ანგარიშით - 2-1 იმარჯვეს. თემურ მახარაძის დროსაც და გია გეგუჩაძის მწვრთნელობისასაც უჩა ლობჟანიძე ყოველთვის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო ”ზესტაფონში”. ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველზე ხვალინდელ შეხვედრაში მართლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
- ”ზესტაფონი” უკვე გამოვარდა თასიდან და ვერც ჩემპიონობისთვის იბრძვის. მაინც რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს გუნდს ”ვიტ-ჯორჯიასთან” მატჩში?
- ჯერ ერთი, ნებისმიერ შეხვედრაში უნდა სცადო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება და გამონაკლისი არც ”ვიტ-ჯორჯიასთან” თამაშია. რაც შეეხება ”ზესტაფონის” მიზნებს, ყველაფერი უნდა ვიღონოთ სამეულში მოსახვედრად. აქედან გამომდინარე, ”ვიტ-ჯორჯიასთან” თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
- წინა ტურში ”დინამოსთან” 0-4 წააგეთ და საერთოდ, მეორე ეტაპზე ”ზესტაფონი” თავის თავს არ ჰგავს ...
- ”დინამოსთან” წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ ეს თამაში უკვე დავივიწყეთ. ახლა მომავალ მატჩებზე ვფიქრობთ. შეიძლებოდა უკეთესი შედეგი გვქონოდა და ახლა ვერაფერს შევცვლით და როგორც ზემოთ ვთქვი, სამეულში მაინც უნდა მოვხვდეთ.
- ”ვიტ-ჯორჯიაზე” რას იტყვით? როგორც უნდა იყოს, მიმდინარე სეზონში წინა ორი შეხვედრა ამ კლუბმა უკვე მოგიგოთ ...
- მარტო წლეულს კი არა, საერთოდ ”ვიტ-ჯორჯია” საქართველოში ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო. ახლაც ის ჩემპიონობისთვის იბრძვის და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მხოლოდ სამი ქულისთვის გამოვლენ მოედანზე. იმედია, მესამე ცდაზე მაინც დავამარცხებთ მეტოქეს ...
|