ინტერვიუ დავით ებრალიძესთან.
დავით ებრალიძე: კანონები წაიკითხეთ, გადასახადებს ტყუილად იხდით!
მცირე ხნის წინად «ზესტაფონის» მენეჯერად დავით ებრალიძე დაინიშნა, პიროვნება, რომელსაც საფეხბურთო სამყარო კარგად არ იცნობს, თუმცა მალე გაიცნობს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის საღი იდეები, რომელსაც ბატონი დავითი სწორედაც რომ ამ საფეხბურთო სამყაროს (და არა მარტო «ზესტაფონს») სთავაზობს. მისი წინადადებების განხორციელება ქართული ფეხბურთის განვითარებაში უდიდეს როლს შეასრულებს, თუ ის კარგად გაიაზრეს და გაითავისეს. საქმე ეხება რევოლუციურ რეფორმას, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილებაც არ სჭირდება - თურმე, ოდენ კარგად წაკითხვა უნდა. დანარჩენს კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ უფრო კონკრეტულად...
- ბატონო დავით, საფეხბურთო კლუბის მენეჯერად ენერგოომბუდსმენის დანიშვნა რითი უნდა ავხსნათ?
- ჩვენმა კომპანიამ «ზესტაფონის» მენეჯმენტი ჩაიბარა. წმინდა საფეხბურთო საკითხებში ჩვენ არ ვერევით.
- კლუბის მენეჯმენტი წმინდა საფეხბურთო თემაა. საქართველოში მომგებიანი კლუბი, ალბათ, მხოლოდ «ვიტ-ჯორჯიაა». მენეჯმენტის თვალსაზრისით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
- პრობლემა უამრავია, მაგრამ უმთავრესი - ფინანსების არარსებობაა. დღევანდელი პირობებით, ქართული ფეხბურთის მაღალ დონეზე განვითარება რთულია. გადავხედოთ, რა თანხები მოძრაობს რუსულ ფეხბურთში და ჩვენს მძიმე მდგომარეობას უკეთ დავინახავთ. ამდენად, დღევანდელ ვითარებაში უპირველეს ამოცანად არსებული რესურსების სწორად მართვა მიმაჩნია. ამ თვალსაზრისით, ხარჯების მინიმიზაცია პირველი გზაა და კონკრეტული წინადადებებიც გაგვაჩნია. ფეხბურთის ფედერაციასთან ეს საკითხები უკვე განვიხილეთ და მათ ჩვენი წინადადებები ძალიან მოეწონათ.
- კერძოდ?
- პირველი საკითხია მიწის გადასახადი. კანონით, დღეს საქართველოში არსებული მოედნები განიხილება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. ერთ ჰექტარზე გადასახადი 3 000 ლარია, მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადასახადი მხოლოდ 90 ლარია. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა? ჩვენი წინადადებაა, მოედნები მეორე კატეგორიაში გადაიყვანონ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი მიანიჭონ.
- ეს როგორ უნდა მოხდეს?
- ნატურალური ბალახი ზუსტად იგივეა, რაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ზუსტად იგივენაირად ხდება მიწის კულტივაცია, სასუქების შეტანა, დამუშავება და ასე შემდეგ. ამიტომაც, ჩემი აზრით, არასწორია, როცა მათ პირველ კატეგორიაში განიხილავენ. აქედან გამომდინარე, გუნდებსა და საფეხბურთო სკოლებს გაცილებით ნაკლები გადასახადები ერგებათ, ვიდრე დღეს იხდიან. მე კანონის შეცვლაზე კი არ ვლაპარაკობ, ეს არსებული კანონებითაც დაშვებულია, ოღონდ, მისი კორექტირებაა საჭირო. აქამდე, მოედნებს არასწორი მუხლი ჰქონდათ მიყენებული, მაგრამ საკითხი ასე არავის დაუსვამს. თუ ვინმე იტყვის, რომ მოედანზე ძროხა არ ძოვს და მასზე ადამიანები დარბიან, ამას კანონისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, მთავარია, რა შრომის შედეგად მოჰყავთ მოედანი.
- იდეა მშვენიერია, მაგრამ გუნდმა და საფეხბურთო სკოლამ მეორე კატეგორიით რომ გადაიხადოს, საგადასახადო ინსპექცია არ შეედავება?
- სწორედ ამაში გვჭირდება ფეხბურთის ფედერაციის დახმარება. შესაძლოა, ერთი კლუბისთვის ამ საკითხის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ მთელი საფეხბურთო სისტემისთვის ეს უდიდესი ეკონომია იქნება. ახლა ფეხბურთის ფედერაცია საგადასახადო ინსპექციას წინადადებით მიმართავს და საკითხი მისი ეგიდით თუ გადაწყდება.
- დადებითი პასუხის იმედი გაქვთ?
- დიახ, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
- ეს გადაწყვეტილება, თუ მიიღეს რასაკვირველია, ქართული ფეხბურთისთვის რევოლუციის ტოლფასი იქნება...
- ყოველთვის იყო ლაპარაკი, ქართული ფეხბურთისთვის შეღავათების დაწესებაზე. ამ დროს კი უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომლითაც, რატომღაც, ადრე ვერ ვსარგებლობდით.
- ალბათ, თქვენი ინიციატივა ხელოვნურსაფრიან მოედნებს არ ეხება...
- დიახ, არ შეეხება. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ერთადერთი წინადადება, მეორე - წყლის გადასახადს ეხება. ყველამ იცის, რომ ეს უდიდესი ხარჯია. ენერგოომბუდსმენი ვიყავი და წყლის ტარიფში კარგად ვერკვევი. ის ორი ელემენტისგან შედგება: ერთი არის წყლის გასუფავება-მოწოდება-დამუშავების ტარიფი და მეორე - მისი უტილიზაცია, ანუ კანალიზაცია და ასე შემდეგ. მოედნების მორწყვის დროს, კლუბებს წყლის ხარჯის მეორე ელემენტი, კანალიზაცია, არ სჭირდებათ. არადა, ორივეს გადასახადს იხდის და ეს უდიდესი შეცდომაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნაწილს ტყუილად იხდიან. მოედნების მორწყვის გადასახადიც გადასახედია-ეს არის მელიორაცია, ამიტომ, მისთვის სპეციალური ტარიფი უნდა დაწესდეს და ესეც მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს. უფრო სწორად, ტარიფებში კოლოსალური განსხვავება იქნება. ამ საკითხის მოსაგვარებლად ფეხბურთის ფედერაციამ სემეკ-ს უნდა მიმართოს. სემეკ-ი კი, ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დააკმაყოფილოს.
- ნუთუ, ეს აზრი საფეხბურთო სამყაროში დღემდე არც ერთ ადამიანს თავში არ მოსვლია?
- სულ გვესმის, რომ პარლამენტში სხვადასხვა წინადადებაა შესული, რომელიც სპორტის განვითარებას ითვალისწინებს. როგორც დავადგინე, საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი წერილობითი წინადადება არ არის შეტანილი. ანუ, უფრო მეტს ვლაპარაკობთ, რეალურად კი ჩამოყალიბებული წინადადებები არ არსებობს. ამას გარდა, მესამე საკითხიც წამოვწიე - ტრანსფერების თემა. დღეს ჩვენთან ტრანსფერები ხარჯად აღირიცხება, არადა, ეს არის არამატერიალური აქტი. შესაძლოა, იურიდიულ საკითხებში გაუთვითცნობიერებული ადამიანი ამაში ვერ ერკვეოდეს. ამიტომაც, გასაგებ ენაზე ვისაუბრებ - როცა კლუბი ფეხბურთელს უცხოეთში ყიდულობს, თანხის 10 პროცენტი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. ეს ოპერაცია განიხილება როგორც მომსახურების ხარჯი, არადა, ტრანსფერი, ფიფა-უეფასა და საერთო მიდგომით, არამატერიალური აქტივია, იურიდიული უფლება, იგივე ლიცენზია. ამდენად, ის არა ხარჯად, არამედ, იურიდიულ აქტივად უნდა აღირიცხოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხარჯის გადასახადს აღარ იხდი და შეგიძლია, ფეხბურთელს გარკვეული თანხა დაახარჯო. 23-წლამდელი ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში რომ გადიან, ვერ ვასაბუთებთ, რა ხარჯი გვაქვს მასზე გაწეული. ამიტომაც, უცხოური კლუბი «მოჭრილ» თანხას იხდის, რაც, ხშირ შემთხვევაში, მიზერულია. როცა ხარჯებს დაასაბუთებენ, მერე მოთამაშეში რეალურ თანხას გადაიხდიან. ეს ჩვენი კლუბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შემოსავლების უდიდეს ნაწილს ახალგაზრდების უცხოეთში გაშვებით იღებენ. საკითხის ამგვარად დაყენება ამ ბიზნესში მნიშვნელოვანი იქნება იმითიც, რომ კლუბები შავი ბუღალტერიით აღარ დაინტერესდებიან. ისინი აღრიცხავენ ფეხბურთელთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და დაინტერესებულ კლუბს წარუდგენენ. უცხოელთა მიერ გადახდილი ფული კი მიზერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ჩვენმა კლუბებმა მიიღონ. ამას ემატება მოთამაშეთა მომსახურების ხარჯები, რაც სერიოზულ თახნებს უკავშირდება. საკითხი აქაც არასწორადაა დაყენებული - ფეხბურთელების კვება შეღავათადაა მიჩნეული. ამ დროს, ეს შეღავათად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, სტამბაში, თუ უფროსი მუშებს კვებავს. სპორტში, და კერძოდ ფეხბურთში, იმიტომ კვებავ მოთამაშეს, რომ გარკვეულ ფიზიკურ კონდიციამდე მიიყვანო. ასე რომ, ეს არის ჩადებული აქტივი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიბეგროს. არადა, დღეს მოთამაშის კვება საშემოსავლოთი იბეგრება.
- უცნაურია, ზოგჯერ რამხელა აბსურდს შეიცავს კანონი...
- ჰოდა, ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დადებითად გადაწყვეტა ფეხბურთს უდიდეს შეღავათს მისცემს. ეს, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს. არანაკლები პრობლემებია მენეჯმენტშიც. «ზესტაფონში» ჩვენი მიზანია, კლუბი რაც შეიძლება მომგებიანი გახდეს. უნდა გავზარდოთ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მაღალი დონის კლუბებში გავყიდით. ვგულისხმობ სოლიდურ ტრანსფერებს და არა - მოთამაშეთა დაბალ ფასში გაშვებას, მაგალითად, ისეთს, როგორიც დნეპროპეტროვსკის «დნიპროსთან» შედგა - უკრაინელებმა ბექა გოცირიძეში მილიონი ევრო გადაიხადეს. ამგვარი მიდგომები არა მარტო ჩვენთან, მთლიანად ქართულ ფეხბურთში უნდა დავნერგოთ.
|