09.04.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

მერე რა, რომ სველია სველი იასამანი.

 

 

სოციალური ცხოვრება ყველა ადამიანს სჭირდება, ოღონდაც, ყველას ვერ დაარწმუნებ ამის აუცილებლობაში. მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო ან მე ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიცხოვრო. ცხადია, მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია, ასე უფრო შესაძლებელია სოციალური ცხოვრების მოწყობა. ზოგისთვის სოციალური ცხოვრება რესტორანი და ღამის კლუბია, ზოგისთვის წიგნის კითხვა, სერიალის ყურება, ქუჩაში დგომა, მეზობელთან ნარდის თამაში და პოლიტიკაზე საუბარი... ”ზესტაფონმა” კი სხვა რამეს მიაგნო - გუშინ საკუთარ ქალაქში, სერგო ზაქარიაძის სახელობის ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში წავიდა და ცნობილ სპექტაკლს დაესწრო - ”მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”. თეატრში წასვლა ზესტაფონელთა მწვრთნელის გია გეგუჩაძის იდეა იყო. მას სპექტაკლის დაწყებამდე გავესაუბრეთ...

- სანაკრებო თამაშებით გამოწვეულ ორკვირიან პაუზას ისიც დაემატა, რომ ”ზესტაფონმა” ეროვნული ჩემპიონატის წინა ტური გამოტოვა. რა თქმა უნდა, სამკვირიანი შესვენება აქტუალურს გახდიდა იმას, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა გუნდს ტონუსი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის მზადყოფნას 10 აპრილს ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის ”დინამოსთან” საშინაო მატჩისთვის?

- წინასწარ ძნელია რაიმეს თქმა. ”დინამოსთან” შეხვედრაში გამოჩნდება, რამდენად მტკივნეული აღმოჩნდა სამკვირიანი უთამაშებლობა. პაუზის დროს ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ - ”ჩიხურასთან” 0:1 წავაგეთ, ”მარტვილს” კი 6:1 მოვუგეთ.

- როგორ ფიქრობთ, ”დინამო” ცოტათი მაინც შეიცვალა ახალი მწვრთნელის ხელში? ტაქტიკურ და კონცეპტუალურ ცვლილებებს თავი რომ დავანებოთ, ახალი მწვრთნელი განსაკუთრებულ მოტივაციას აღვივებს ფეხბურთელებში. არ გეჩვენებათ, რომ ”დინამოს” ყოველივე ამით რაღაც უპირატესობა აქვს კარს მომდგარი შეხვედრის წინ? და კიდევ - რა შთაბეჭდილება დაგრჩათ წინა ტურის მატჩზე, რომელშიც ”დინამომ” ”ოლიმპს” 2:1 მოუგო?

- ”დინამომ” პრაქტიკულად უწინდელი შემადგენლობით ითამაშა. გამიხარდა ძირითადში ვაჟა ნემსაძის გამოჩენა, ის ნიჭიერი ახალგაზრდაა. სხვა რამ განსაკუთრებული ”დინამოში” ვერ ვნახე, დროა საჭირო, ახალმა მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ განახორციელოს.

- რაც ”ზესტაფონის” მწვრთნელი გახდით, ”დინამოსთან” სულ მარცხდებით. შუასასეზონო შეკრების მერე გვითხარით, ფორმის პიკს მარტის შუა რიცხვებისთვის მივაღწევთო. 10 აპრილისთვის მზად იქნება ”ზესტაფონი” საიმისოდ, რომ ”დინამოსთან” უკეთეს შედეგს მიაღწიოს?

- ჩვენ ახალ გუნდს ვაყალიბებთ, ასეთი გეზი გვაქვს აღებული. ეს გუნდი ყოველდღე იზრდება, დიდ ყურადღებას ვაქცევთ თამაშის ხარისხს და თუ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ეს შედეგზეც აისახება. ცხადია, ყურადღებას ვამახვილებთ შედეგზეც, ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ.

- ”დინამოსთან” მატჩისთვის ”ზესტაფონის” ყველა ფეხბურთელი ჯანზეა?

- საბედნიეროდ, ტრავმები არ არის. ეგ არის, რომ ნიკა გელაშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება.

- ზემოთ სანაკრებო პაუზა ვახსენეთ და, ერთსაც გკითხავთ - ”ზესტაფონის” სამი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული ხუთიც - ახალგაზრდულში. თქვენს მოთამაშეთა შორის ხომ არ არიან ისეთები, რომლებმაც, ასე ვთქვათ, ცხვირი ასწიეს?

- არ მგონია, ჩვენს ფეხბურთელებს ასეთი რამ დაემართოთ. ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას ისინი სწორად აღიქვამენ - ეს არის ავანსი მათი მომავლისთვის.

- რა ხანია, ”ზესტაფონის” მეორე გუნდში გადაიყვანეთ კემერუნელი თავდამსხმელი ერიკ რომეო ჩასემი. მას აქამდე კარგი რეპუტაცია ჰქონდა, თავდამსხმელისთვის საჭირო კარგი თვისებები აქვს, გოლის გატანაც ეხერხება, ბურთის მიღებაც და პასიც. ჩასემი თქვენს კონცეფციაში ვერ ჩაჯდა თუ უბრალოდ, არ გსურთ, რომ ”ზესტაფონში” ლეგიონერებმა ითამაშონ?

- ჩასემმა, ასე ვთქვათ, თამაში იცის და წაყვანილიც გვყავდა შუასასეზონო შეკრებაზე. მაგრამ მერე, ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმებისას, გაირკვა, რომ კონდიციები დაკარგული ჰქონდა. ამის გამო, ის დაისაჯა და მეორე გუნდში გადავიყვანეთ. ჩასემი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და თუ კონდიციებს აღიდგენს, პირველი გუნდის კარი მისთვის ღია იქნება. ჩასემმა მოსამზადებელ პერიოდში ორჯერ მიიღო ტრავმა და ცხადია, ამანაც შეუშალა ხელი, მაგრამ იყო საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაც. როგორც კი ის კონკურენტუნარიანი გახდება, შანსიც მიეცემა.

- ბოლოს ნაკრებზეც გკითხავთ. კვიპროს-ჩერნოგორიასთან მატჩების წინ ექტორ კუპერს უჭერდით მხარს. ახლაც იმავე პოზიციაზე ხართ?

- კუპერის მუშაობაზე იმავე აზრის ვარ. მწვრთნელის ხშირი ცვლა არ არის სწორი. კუპერი ან არ უნდა მოგვეწვია და ქართველი მწვრთნელი დაგვენიშნა ნაკრებში; ან თუ მოვიწვიეთ, მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ, ხელი უნდა შევუწყოთ. რაც შეეხება სელექციას, შესაძლოა, კუპერს არ აქვს სრული ინფორმაცია იმ ლეგიონერებზე, რომლებიც თამაშობენ ბალტიისპირეთში, რუსეთსა თუ უკრაინაში, თორემ ფაქტია, არგენტინელი სულ იმას ცდილობს, ეროვნული ჩემპიონატიდან არც ერთი საინტერესო ფეხბურთელი არ გამორჩეს...

 


დავით თავართქილაძე, გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005