ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან.
ჩავარდნას გამოცდილი ფეხბურთელები არ უნდა გადავაყოლოთ...
საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლო წარუმატებელი მატჩების შემდეგ ხშირად გვესმის კრიტიკა ექტორ კუპერისა და ფეხბურთელების მისამართით. ბევრი ამბობს, ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეების ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები ვათამაშოთ, გულიანად მაინც გაირჯებიანო. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე თავად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ისინი, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში უკვე ჰქონდათ დებიუტი და ეს გუნდი მათთვის უკვე აღარ არის უცხო. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ”ზესტაფონის” ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი შევარჩიეთ. 19 წლის დაუშვილს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში შარშან ნოემბერში, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა დებიუტი, კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშის შემდეგ ექტორ კუპერმა ეროვნულ გუნდში უხმო...
- საუბარი კვიპროსული მატჩით დავიწყოთ. ახალგაზრდულ ნაკრებში ადრეც გითამაშია, მაგრამ ამჯერად სიტუაცია სპეციფიკური იყო იმ მხრივ, რომ კახა ცხადაძესა და მის გუნდს ლარნაკაში დებიუტი ჰქონდათ...
- მართალი ხართ, 21-წლამდელთა ნაკრების ამ შემადგენლობისთვის ეს პირველი მატჩი იყო. მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად ყველას ძალიან გვინდოდა, წარმატებული დებიუტი გამოსულიყო და საამისოდ მაქსიმალურად ვიყავით კიდეც მობილიზებულნი. მართალია, არბიტრმა მასპინძლებს პენალტი აჩუქა, მაგრამ მაინც შეგვეძლო მოგება. არა ერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში... სხვათა შორის, მეც მქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ორივეჯერ მეკარემ იმარჯვა.
- მაინც რა დაგავალათ ცხადაძემ და რამდენად კმაყოფილი ხარ თქვენი თამაშით?
- ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი, მეტოქის იერიშების ჩაშლა და ჩვენი შეტევების სწრაფად ორგანიზება მევალებოდა. ვფიქრობ, ურიგოდ არ მითამაშია. ვინც ის მატჩი ნახა, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს საკმაო პოტენციალი აქვს, უფრო უკეთ შეგვიძლია თამაში, კიდევ უფრო მეტად შევთამაშდებით და კარგი გუნდი გვეყოლება. დარწმუნებული ვარ, სექტემბერში შესარჩევ ციკლს რიხით დავიწყებთ და ასევე გავაგრძელებთ.
- ამ თამაშის შემდეგ ექტორ კუპერმა ეროვნულ ნაკრებში გიხმოთ...
- ...კლიმიაშვილთან, გიგაურთან და სანაიასთან ერთად. კვიპროსიდან რომ ჩამოვფრინდით, ეს ამბავი მაშინ გავიგე, თბილისის აეროპორტში. მართალი გითხრათ, თავიდან მეგონა, ეროვნულ გუნდში მხოლოდ ვივარჯიშებდი და მერე რუსთავში, ბელარუსების წინააღმდეგ ახალგაზრდულ ნაკრებში მომიწევდა თამაში. თუმცა მეორე დღეს მოსამზადებელ შეკრებაზე რომ გამოვცხადდი, უკვე მივხვდი, რომ კუპერის გუნდში ვიყავი. ჩერნოგორიასთან მატჩის განაცხადშიც შემიყვანეს, მაგრამ მოედანზე არ გავსულვარ.
- როგორ ფიქრობთ, რითი მოაწონეთ კუპერს თავი?
- კუპერი ჩვენს თამაშს დაესწრო და, ალბათ, დაინახა რაღაც. საკუთარ თავზე საუბარი არ მჩვევია და მეტს ვერაფერს გეტყვით.
- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, მაშინ მე გეტყვი. მოედნის ცენტრში ბევრი იმუშავე, გონივრულ და გამოზომილ პასებს აკეთებდი და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად ღებულობდი. საჭირო ვითარებაში კარში შორიდან ძლიერ დარტყმებზეც არ გითქვამთ უარი. ასეა?
- ალბათ ასეა. საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ მიყვარს.
- ეროვნულ გუნდში დებიუტი შარშან რუმინეთში გქონდათ. ბუქარესტის მატჩს როგორ იხსენებთ?
- საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოვაჩინე. დებიუტი მქონდა და ბუნებრივია, ვნერვიულობდი, მინდოდა, ძალიან კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც მეთამაშა...
- ეროვნული ნაკრების მატჩებს როგორ შეაფასებდით?
- კვიპროსთან ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ცუდად ითამაშა. მართალია, ჩერნოგორიასთან უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ვერც ეს მატჩი მოვიგეთ. რა ვუყოთ, ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე. არის მომენტები, როცა გუნდს მძიმე პერიოდი უდგას და ამ დროს განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია გულშემატკივრის თანადგომა.
- კი, მაგრამ შედეგი ერთია და თამაშის ხარისხი კიდევ მეორე. შეიძლება, წააგო, მაგრამ ხალხმა ტაში დაგიკრას...
- ვერ ვიტყოდი, რომ ვინმეს მონდომება აკლდა. უბრალოდ, ეტყობა გუნდს ჩავარდნა აქვს. თან წარმოიდგინეთ, კვიპროსამდე გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და ჩერნოგორიამდე კიდევ ოთხი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ვერავინ დამაჯერებს, რომ ფეხბურთელებს მოედანზე მონდომება აკლდათ.
- გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებმა საკმარისად არ მოინდომეს. უფრო მეტიც, ზოგმა ისიც კი თქვა - სჯობს, ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდულის ფეხბურთელები ახლავე ვათამაშოთ, გამოცდილებას შეიძენენ და მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის გამოგვადგებიანო. სწორედ ამ ახალგაზრდული თაობის წარმომადგენელი ხართ და საინტერესოა, თქვენი პოზიცია...
- ეს ეროვნული ნაკრების თავკაცმა უნდა გადაწყვიტოს - მე თუ მკითხავთ, ასე გიპასუხებდით. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და სხვა ჩემი თანატოლებისთვისაც დიდი პატივია ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ქვეყნის მთავარ გუნდში ჩემი თაობის ადაპტაცია ეტაპობრივად მოხდება და არა ერთი ხელის მოსმით. თავად გამომიცდია, თუ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას, დაძაბვას, სისწრაფეს, კლასსა და გამოცდილებას მოითხოვს ეროვნულ გუნდში თამაში. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პირველ ნაკრებში ჩვენი თაობის ეტაპობრივად გადაყვანა უფრო სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, ახლავე გავხდე ეროვნული ნაკრების წევრი, მაგრამ სურვილი ერთია, კლასი და გამოცდილება კი - მეორე. კუპერის გუნდში კალაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, კვირკველია... სხვა არა ერთი გამოცდილი ფეხბურთელია და მერწმუნეთ, მათი ჩამოწერა არ შეიძლება. ჩვენს ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნაკრების ჩავარდნას ეს ფეხბურთელები გადავაყოლოთ.
- ესე იგი, მიგაჩნიათ, რომ ნაკრებს მხოლოდ ჩავარდნა აქვს და სხვა არაფერი სჭირს?
- ალბათ, ასეა. ჩემზე უკეთ ამას მწვრთნელები და ფეხბურთის სპეციალისტები შეაფასებენ. ალბათ, ჩავარდნას ფსიქოლოგიური პრობლემაც დაემატა. ამდენ ხანს რომ ელოდები პირველ მოგებას და ეს მოლოდინი იწელება, მძიმედ მოქმედებს ბიჭებზე. ეს მომენტი თავადვე გამომიცდია კლუბში თამაშისას... ერთსაც ვიტყოდი - კრიტიკა ყველასთვის მისაღებია და თავის საქმეს ყოველთვის აკეთებს... ისიც გვესმის, კუპერი უნდა გადადგესო. ვფიქრობ, ეს არ იქნება გამოსავალი, უფრო პირიქით... პირადად მე, კუპერისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე.
- მაინც რა გასწავლათ კუპერმა ამისთანა?
- პოზიციების შერჩევა დაცვისას და შეტევისას, გახსნა, ბურთის სწრაფად გადაცემა და შეტევის გონივრულად წარმართვა... ერთი სიტყვით, თანამედროვე თამაში მასწავლა, ის საფეხბურთო კომპონენტები, რაც ტელევიზიით ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მინახავს... კუპერში არ არის პრობლემა. ეს კაცი ფუტკარივით მუშაობს და შედეგი აუცილებლად იქნება. მჯერა, სამ-ოთხ თვეში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ბევრად უკეთ ითამაშებენ.
|