ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.
ჩვენზე მეტად, გამარჯვება არავის უნდა...
პეტარ შეგრტის დროს, გიორგი ხიდეშელი ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი გახდა. ხორვატმა მწვრთნელმა, მოედნის ცენტრში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ტანმაღალი ცენტრალური მცველი შუა ხაზში გადაისროლა. კახა ცხადაძემ კი, დანიშვნისთანავე, ”ზესტაფონის” ფეხბურთელის ძველ პოზიციაზე გამოყენება გადაწყვიტა. სხვათა შორის, ამ საკითხში ცხადაძისა და ”ზესტაფონის” მწვრთნელ გია გეგუჩაძის შორის თანამშრომლობა ნაკრებისა და კლუბის მწვრთნელთა ურთიერთობის მაგალითად უნდა იქცეს. გეგუჩაძემ ცხადაძის სურვილი გაიზიარა და ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ხიდეშელი კლუბშიც დაცვაში დახია.
კვიპროსული მატჩის შემდეგ გიორგის სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ...
- გიორგი, შენ და ლაშა თოთაძემ დაცვის ცენტრში პირველად ითამაშეთ. ყველაზე მეტად რომელი ხარვეზი გაქვთ გამოსასწორებელი?
- ეს ჩვენთვის პირველი თამაში იყო და ბუნებრივია, შეუთამაშებელი ცენტრალური მცველების დუეტი იდეალური ვერ იქნებოდა. თუმცა ლაშას გვერდით თამაში ძალიან მომეწონა. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თავით მშვენივრად თამაშობს და პოზიციას ზუსტად არჩევს. სხვათა შორის, რუმინეთთან შეკრებაზე ერთად ვიყავით და მას მერე აშკარად მომატებული აქვს. ფეხბურთელის ასეთი პროგრესი ძალიან იშვიათად მინახავს. ჩვენი ყველაზე თვალში საცემი მინუსი ის არის, რომ ორივე ცაცია ვართ. თუმცა ამხანაგური შეხვედრებით შევთამაშდებით და ერთმანეთს გაცილებით უკეთ გავუგებთ. ვგრძნობ, ეს შესაძლებელია. ფეხბურთელთან ურთიერთობაც უნდა გსიამოვნებდეს და პარტნიორობაც. ლაშა კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს დუეტს მომავალი აქვს.
- ცხადაძის თქმით, კვიპროსში ნაკრებმა თავდაპირველად ქაოტურად ითამაშა. თუმცა ფეხბურთელებისგან ძირითადად გვესმის, რომ თამაშით კმაყოფილნი ხართ...
- არ მგონია, რომ კვიპროსთან ფრე რომელიმე ჩვენგანს აკმაყოფილებდეს. უბრალოდ, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მსგავსი შეფასება ამის გათვალისწინებით კეთდებოდა. რაც შეეხება ქაოტურ ფეხბურთს... იცით, შესაძლოა, ეს ზედმეტი მონდომების შედეგიც იყო. პირველ ტაიმში მწვრთნელის დავალება კარგად ვერ შევასრულეთ. მეორეში კი უფრო თავისუფლად ავთამაშდით და ცხადაძეც უფრო კმაყოფილი დარჩა. საბოლოო ჯამში, არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები ფრემ ნამდვილად არ გაგვახარა.
- ცხადაძემ ნაკრებში ახალი სტილი დანერგა. საინტერესოა, მისი მუშაობის ობიექტურად შეფასება...
- მარტო ჩვენ კი არა, ყველა ხედავს, რომ ცხადაძე მონდომებული სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე შევთამაშდებით, მით უფრო ძლიერ გუნდად ჩამოგვაყალიბებს.
- ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ლამის ერთი თაობის ფეხბურთელები არიან. მათთან მუშაობა თქვენზე რა გავლენას ახდენს?
- მწვრთნელებს რომ ვენდობით, ეს უკვე ერთი დიდი პლუსია და ბევრს ნიშნავს. ყველამ ვიცით, ცხადაძემ რა დონეზეც ითამაშა. აქედან გამომდინარე, მისი ნდობა გვაქვს. მეორე - წმინდა პროფესიული თვისებებია - კახა ძალიან მარტივი, ადამიანური ენით გვიხსნის დავალებებს და ფეხბურთელებთან მიდგომა იცის. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ცხადაძე ცენტრალური მცველი იყო. მოკლედ, ჭკვიანი კაცია.
- ბელარუსის ნაკრებზე რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ?
- მხოლოდ შემადგენლობიდან გამომდინარე მექმნება წარმოდგენა, რომ ურიგო გუნდი არ უნდა იყოს. მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისა და რუსეთის უმაღლეს ლიგებში თამაშობენ.
- გიორგი, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელები კარგად ვერ აცნობიერებენ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას. იცით, როგორ ელოდება საქართველო თქვენს თითოეულ მატჩსა და მით უფრო - გამარჯვებას?
- შემიძლია აბსოლუტურად გულახდილად გითხრათ, რომ ჩემს თაობაში ბექა გოცირიძე, გიორგი განუგრავა, ლექსო ბენაშვილი, ირაკლი ძარია და ახალგაზრდულში შეკრებილი ბიჭები ძალიან განვიცდით იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ქართული ფეხბურთი აღმოჩნდა. დამიჯერეთ, ჩვენზე მეტად გამარჯვება არც ერთ გულშემატკივარს არ სურს. იმედია, ეს შრომა ადრე თუ გვიან დაგვიფასდება. დარწმუნებული ვარ, იგივე ხდება ეროვნულ ნაკრებშიც. არავინ თქვას, რომ ფეხბურთელები უგულოდ თამაშობენ.
- ამას არავინ ამბობს, რადგან წარმოუდგენელია, ფეხბურთელს მოგება არ სურდეს. თუმცა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ქართველი ფეხბურთელების მიერ მომზადებულ კერძს აშკარად მარილი აკლია...
- ალბათ, მთლიანად ქართულ ფეხბურთშია ჩავარდნა და ადრე თუ გვიან, იმედია, ამ კრიზისს ჩვენი თაობა მაინც დაძლევს.
|