28.11.2005

კონცერტი პირველი წრის დახურვაზე. ზესტაფონი-კახეთი 4:0

• ბოლო ტურებში ტემპაკრეფილმა "ზესტაფონმა" პირველი წრის ბოლო შეხვედრა მშვენივრად წარმართა და შეხვედრის ბოლოს მაყურებელთა აპლოდისმენტები ალალად დაიმსახურა. მასპინძლებმა კლასისა და მონდომების ხარჯზე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს აღმოსავლელი სტუმარი და კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, რომ არა მეკარე ძამუნაშვილის თავგანწირული თამაში.
საწყის წუთებში კახელებმა პრესინგს მიმართეს და პირველმა ათმა წუთმა ორმხრივ ორთაბრძოლაში ჩაიარა. მერე კი ზესტაფონელებმა დაიწყეს და თან როგორ. მე-12 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა იმედაძემ უხეიროდ დაარტყმა. წუთის შემდეგ იონანიძე გავიდა პირისპირ, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0. სამიოდე წუთის შემდეგ თელაველთა დაცვა პოზიციურად შეცდა, რითაც კარგად ისარგებლა გოცირიძემ, ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებლად დაურტყა - 2:0. 23-ე წუთზე დაუცხრომელი ნოზაძისა და იონანიძის შესრულებით დიდი ფეხბურთის ფრაგმენტი ვნახეთ. მათ ოთხ სვლაში ოსტატურად გაითამაშეს ბურთი და იონა კვლავ პირისპირ აღმოჩნდა ძამუნაშვილთან, რომელმაც ძნელი ბურთის უკუგდება შეძლო, დამატებაზე კი ფიფიასაც აუღო. კახელთა გოლკიპერმა მალე პირისპირ გასულ გოცირიძესაც თავგანწირულ ვარდნაში არ გაატანინა. ტაიმის ბოლოს უკვე სტუმრებს შეეძლოთ ორჯერ სამიზნის დალაშქვრა, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.
"კახეთმა"მეორე ნახევარიც კარგად დაიწყო. ტეტიაშვილმა რეალური შანსი ქარს გაატანა. ამის შემდეგ კვლავ ზესტაფონელთა "კონცერტი" დაიწყო. 58-ე წუთზე ფიფიას მოწოდებული კუთხურისას ღონღაძემ ყველას დაასწრო და თავით ოსტატურად გაიტანა - 3:0. 65-ე წუთზე ვერცხლისწყალივით მოძრავი გოცირიძის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც იონანიძემ ოსტატურად გარდასახა გოლად - 4:0.
ამის შემდეგ ჯერ განუგრავას მიეცა გატანის შანსი, შემდეგ ფიფიას, გოცირიძეს და ბოლოს თურმანიძეს. პირველმა ორმა ააცილა, მეორე ორს კი მეკარემ აუღო. საბოლოოდ, ჟინით მოთამაშე მასპინძლებმა სამი ქულა გაიფორმეს, ქომაგებს კი იმედი დაუტოვეს, რომ მეორე წრეშიც ასევე გააგრძელებენ. ვნახოთ, გაზაფხულიც ხომ მალე მოვა.
მატჩის შემდეგ:
ჯემალ მახარაშვილი (კახეთი): "ზესტაფონში ყველანაირად აწყობილია საქმე. შედეგად გუნდიც კარგად ათამაშდა. ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასმა და ოსტატობამ თავისი გაიტანა. იმედია, ზამთრის არდადეგებზე გავძლიერდებით და მეორე წრეში უკეთესი შედეგები გვექნება".
თემურ მახარაძე (ზესტაფონი): "მოხარული ვარ, რომ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთით გავიმარჯვეთ. ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს და სამართლიანი სამი ქულა ავიღეთ. პირველი წრე, შეიძლება ითქვას, კარგ ნოტაზე დავამთავრეთ, რაც მომავლის რწმენას შეგვმატებს. ბიჭებს 20-25 დღე დავასვენებთ, შემდეგ კი ახალი ბატალიებისთვის მოვემზადებით."

 

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005