ამხანაგური მატჩი საჩხერეში.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებულია ორკვირიანი პაუზა. 2009 წლის 30 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ პირველი ლიგის აღმოსავლეთის ზონის ერთ-ერთი ლიდერი, საჩხერის საფეხბურთო კლუბი ”ჩიხურა”.
შეხვედრა, რომელიც საჩხერის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის ბრწყინვალე მდგომარეობაში მყოფ საფეხბურთო მინდორზე გაიმართა, 12:00 საათზე დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელებს უახლოესი საჩემპიონატო მატჩი 10 აპრილს აქვს გასამართი, ამდენად გუნდი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტის წარმოქმნის საშიშროების წინაშე დადგა. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ საჩხერელი ფეხბურთელებიც, მათ, კალენდრის თანახმად, პირველი ლიგის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვება უწევდათ ... ამდენად, გუნდების ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, მატჩის ჩატარება საჩხერეში გადაწყდა.
ზესტაფონელთა მწვრთნელებმა მატჩზე ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა ვერ მოახერხეს - გუნდს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რვა ფეხბურთელი აკლდა. ამდენად, ”ზესტაფონის” სამწვრთნელო შტაბმა გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა და რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელიც ნახა ”საქმეში”.
მატჩი სტუმართა საგრძნობი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ”დამაგვირგვინებელ ფაზაში” ზესტაფონელები ბევრს სცოდავდნენ. ერთადერთი ბურთი კი მასპინძლებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში გაიტანეს. ამის შემდეგ სტუმრებმა სცადეს ანგარიშის გათანაბრება, რამდენიმეჯერ ახლოს იყვნენ კიდეც მიზანთან, თუმცა, საბოლოოდ, ლაშა კობახიძის მიერ გატანილი გოლი ამ შეხვედრაში მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.
|
30/03/2009 - ”ჩიხურა” (საჩხერე) - ”ზესტაფონი” - 1-0 |
”ჩიხურა”: დოღაძე (მწყერაშვილი, 46), დოღონაძე, ცარციძე, ხვედელიძე, ტყებუჩავა (მაჭარაშვილი, 63), ქამუშაძე (ზაბახიძე, 46), ნოზაძე, ჩიკვაიძე (ივანიშვილი, 60), პეტრიაშვილი (როგავა, 46), მიქაძე (ენუქიძე, 63), კობახიძე (დეკანოიძე, 60).
”ზესტაფონი”: მეშველიანი, კვესიეშვილი, თოდუა, მაკარიანი, კაჭკაჭიშვილი, გრიგალაშვილი, კუხიანიძე, კაკალაძე, ჭელიძე (ჭანკოტაძე, 63), იონანიძე, მელქაძე.
გოლი: კობახიძე, 46.
|
|