ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან.
უხარისხო მინდვრებზე სასურველ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” რამდენიმე თვის წინ ახალი ხელმძღვანელობა მივიდა - გია გეგუჩაძემ, საწვრთნელო შტაბთან ერთად იმერული კლუბი ჩაიბარა და გუნდი დიდი მიზნებისთვის უნდა დამოძღვროს.
დღესდღეობით ფეროელები გათამაშების ცხრილში მესამე საპრიზო ადგილზე იმყოფებიან, გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ წლეულს რომელიმე ევროტურნირის საგზური მოიპოვოს. გუშინ ”ზესტაფონის” მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- რამდენიმე თვეა გუნდში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა. რა მდგომარეობაში ჩაიბარეთ კლუბი და ახლა რა სიტუაციაა?
- ვიდრე გუნდს ჩავიბარებდით, გეცოდინებათ, რომ თემურ მახარაძე მუშაობდა ”ზესტაფონში”, იმ პერიოდში კლუბში კარგი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, თუმცა არც ახლაა ურიგო კონტიგენტი თავმოყრილი. მახარაძეს გუნდში ნაყოფიერი მუშაობა ჰქონდა ჩატარებული, ახლა ჩვენ ვცდილობთ შევიტანოთ სიახლეები და კლუბს დიდი წარმატებები მოვუმატოთ. გვინდა `ზესტაფონმა~ შემტევი, ლაღი ფეხბურთი ითამაშოს, ისეთი გულშემატკივარს რომ ესიამოვნოს და კმაყოფილი დარჩეს. ”მესხეთთან” ჩატარებულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ გუნდი ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს.
- სანაკრებო ბატალიებიდან გამომდინარე ჩემპიონატში რამდენიმედღიანი პაუზაა გამოცხადებული. ამ პერიოდს როგორ გამოიყენებთ?
- გეცოდინებათ, რომ გუნდის რვა ფეხბურთელი ეროვნულ თუ ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული. ამ ეტაპზე ნახევარი შემადგენლობა ვართ დარჩენილი, მაგრამ საწვრთნელო შტაბმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ძირითად გუნდსა და ფარმ-კლუბს ერთობლივი ვარჯიშები უტარდებათ. ეს ფაქტორი დამატებითი სტიმული იქნება დუბლშემადგენლობაში მოთამაშე ახალგაზრდებისთვის, იმედია ეს პროცესი კლუბსაც წაადგება. ჩემპიონატში დიდი პაუზა გამოგვდის - ეროვნული პირველობა 4-5 აპრილს განახლდება, თუმცა ჩვენ არც ამ ტურში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ვისვენებთ. მართალია დასვენება დიდი გამოგვდის, მაგრამ იმედია დროს ნაყოფიერად გამოვიყენებთ. დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური მატჩები - 30 მარტს ”ჩიხურას” გავეჯიბრებით, 5 აპრილს კი მარტვილის ”მერანთან” მოვსინჯავთ ძალებს.
- დუბლშემადგენლობიდან თუ იგეგმება რომელიმე ფეხბურთელის დაწინაურება?
- სამწვრთნელო შტაბი სისტემატურად ესწრება ”ზესტაფონი”-2-ის თამაშებსა თუ ვარჯიშებს. რამდენიმე ფეხბურთელი დავაწინაურეთ, მომავალში ვინც თავს გამოიჩენს, ბუნებრივია მათაც გაეხსნებათ გზა პირველი გუნდისკენ. გვინდა, სრული წარმოდგენა შეგვექმნას ახალგაზრდებზე, სამწვრთნელო შტაბი სრულ ინფორმაციას ფლობს დუბლშემადგენლობაზე. ფარმ-კლუბში სელექციაც კარგი გვაქვს, გვყავს სელექციონერი ხვიჩა ქასრაშვილი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებს. ”ზესტაფონი”-2 იმ ტაქტიკითა და პრინციპებით თამაშობს, როგორც პირველი გუნდი ასპარეზობს. ეს პროცესი მომავალში ხელს შეუწყობს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც პირველ გუნდში დაწინაურდებიან, მათ გაუმარტივდებათ სიტუაციასთან შეგუება.
- დღესდღეობით, გუნდი რომელ სათამაშო რგოლში გამოირჩევა?
- მთლიანობაში თანაბრად ვართ დაბალანსებული და ამას განვმარტავ - ჩვენი მეკარეები სხვადასხვა ნაკრებებში ასპარეზობენ, მცველებიც, ნახევარმცველებიცა და ფორვარდებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. დაუბალანსებელი რგოლი რომ გვქონდეს, ვფიქრობ ჩვენი გუნდიდან ნაკრებებში ფეხბურთელებს არ მიიწვევდნენ.
- ”ზესტაფონის” რამდენიმე თამაშს დავესწარი, ჩანს, რომ გუნდს შეტევით ხაზში უჭირს გოლების გატანა, არადა თავდასხმის ხაზში კლუბში დიდი კონკურენციაა და გამოცდილი ფორვარდები თამაშობენ. შეთამაშება აკლია გუნდს?
- როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს, გინდა არ გინდა, მწვრთნელების ბრალია. როგორც ჩანს ჯერჯერობით იმ დონეზე შეთამაშებულები არა ვართ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა. საქართველოში ბევრია უხარისხო მინდვრები, ასეთ მოედანზე სასურველ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. სადაც კი კარგ გაზონზე გვიწევს ასპარეზობა, ჩვენი თამაში მკვეთრად უმჯობესდება. შეიძლება ამა თუ იმ მატჩში დამარცხდეს გუნდი, მაგრამ ნორმალურ გაზონზე ლამაზ და შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- წლეულს ალბათ გუნდის მიზანი საპრიზო ადგილებზე გასვლა და ევროტურნირებზე ასპარეზობა იქნება...
- გვინდა, რაც შეიძლება მაღალი ადგილები დავიკავოთ, რა თქმა უნდა მთავარი მიზანი ევროპაზე თამაშია, მაგრამ მხოლოდ ასპარეზობა არა ჩვენი მიზანი. გვსურს, რომ იქაც წარმატებით ვითამაშოთ და თავი გამოვიჩინოთ. იმედია, ამას ”ზესტაფონი” შეძლებს და როგორც შინაურ სარბიელზე, ასევე ევროტურნირებზე ჩვენ სიტყვას ვიტყვით.
|