24.03.2009

 

 

ინტერვიუ ნიკა გელაშვილთან.

ორიდან ერთი მაინც უნდა მოვიგოთ.


ფოტო საიტიდან www.worldsport.ge

ექტორ რაულ კუპერმა კვიპროსისა და ჩერნოგორიისთვის პირველად გამოიძახა ”ზესტაფონის” ფორვარდი ნიკა გელაშვილი. თუმც ის ეროვნული გუნდის დებიუტანტი არ გახლავთ. გელაშვილი ნაკრებში ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერმა ათამაშა. კუპერისეული ფორმაცია კი მისთვის ერთგვარად ახალი ხილია. მოდით, ვნახოთ, რას ფიქრობს საქართველოს ჩემპიონატის თანაბომბარდირი სანაკრებო და საკლუბო პერსპექტივაზე...

- ეროვნულ ნაკრებში ადრე კი გითამაშია, მაგრამ კუპერის ფორმაციის გუნდში პირველად ხარ...

- დიახ, შესარჩევი მატჩისწინა სიაში პირველად ვარ, თუმცა მანამდე კუპერმა სამშაბათის ვარჯიშზე მიმიწვია. როგორც ჩანს, ნაკრების თავკაცმა ჩემში რაღაც დადებითი დაინახა. სხვა რა გითხრათ... ძალიან გახარებული ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაში და დამკვიდრება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ცხადია, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი.

- ეროვნულ გუნდში დროის მოსაკლავად არავის იწვევენ. როგორ ფიქრობ, მაინც რითი მოხიბლე კუპერი?

- ნაკრების თავკაცი ხშირად ესწრება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ალბათ, ჩემი ორი თუ არა, ერთი თამაში მაინც ნახა. მოედანზე ყოფნისას ყველანაირად ვცდილობ, გუნდს სარგებელი მოვუტანო. იცით, თამაშის დროს ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, ზის თუ არა ნაკრების მწვრთნელი ტრიბუნაზე. მოედანზე ჩემს საქმეს გულიანად ვაკეთებ, და თუ რამდენად კარგად გამომდის ეს საქმე, სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. რით მოვხიბლე კუპერი? არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჯობია, ეს თავად მწვრთნელს ჰკითხოთ. ესეც არ იყოს, საკუთარ თავზე ლაპარაკი და მსჯელობა არ მიყვარს.

- არსებობს ვარაუდი, რომ კუპერს ”ლოკომოტივთან” მატჩში მოეწონე. გარდა ამისა, ბოლო ტურებში არა ერთი გოლი გაიტანე... არგენტინელს ისედაც არ დარჩებოდი შეუმჩნეველი...

- ალბათ, ასეა. ფორვარდის მოვალეობა გოლის გატანაა და მეც ყოველთვის ამას ვცდილობ.

- რამდენად გაკმაყოფილებს შენი ახლანდელი კონდიციები?

- ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ... თუმცა უკეთაც შემიძლია თამაში.

- ეროვნულ გუნდში კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას გქონდა დებიუტი. ერთი შეხედვით, სანაკრებო ატმოსფერო შენთვის უცხო არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც - კუპერის მოთხოვნებთან შეჩვევა მოგიწევს...

- ნაკრებში ჩემთვის უცხო გარემო არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ძალიან პატარა სტაჟი მაქვს. და მაინც, არ მგონია, რომ ადაპტაციის პრობლემა გამიჩნდეს.

- ეროვნულში ნათამაშებ იმ ორ მატჩს როგორ გაიხსენებ?

- ორივეჯერ შეცვლაზე ვითამაშე - ყატართან გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში და შინ ლიტვასთან. დოჰას მატჩი უფრო ტკბილად მაგონდება, რადგან 2:1 მოვიგეთ, მე კი ნახევარ საათზე მეტხანს ვითამაშე. იმ შეხვედრაში საგოლე მომენტიც მქონდა - მეკარესთან პირისპირ გავედი, ბურთი თავზეც გადავუგდე, მაგრამ კარს გადასცდა... ლიტვასთან კი მხოლოდ ბოლო 10 წუთი მომიწია თამაშმა. სამწუხაროდ, ის მატჩი წავაგეთ (0:2) და აღარც მინდა იმის გახსენება...

- ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშია...

- კი, რალფ მინგეს დროს... პეტარ შეგრტს არ გამოვუძახივარ. აზერბაიჯანთან საშინაო შეხვედრაში გოლიც გავიტანე. ის თამაში 5:0 მოვიგეთ და მეოთხე გოლი ჩემი იყო...

- ”სამშაბათობამ” რა შეგძინა?

- კუპერის ”სამშაბათობებს” მანამდეც ყველა აქებდა და იმ ვარჯიშის შემდეგ მეც დადებითი აზრის ვარ. ნამდვილად სასარგებლოა. მწვრთნელმა ყველას ნათლად აგვიხსნა, თუ რას ითხოვს ჩვენგან, საკუთარი ტაქტიკური ვარიანტები გაგვაცნო. მსუბუქი ვარჯიში იყო... კუპერმა აგვიხსნა, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ სწორად შეტევისა და დაცვის დროს...

- უკვე შვიდი თვეა, კუპერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რა წარმოდგენა შეგექმნა მასზე?

- ევროპის გრანდებს წვრთნიდა, მაღალი დონის სპეციალისტია... აშკარად ჩანს, რომ ძალიან უნდა, ჩვენი ნაკრები ძლიერ გუნდად ჩამოაყალიბოს. საქართველოში ცხოვრობს, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ესწრება, ფეხბურთელებს ეძებს, სასარგებლო ”სამშაბათობებს” ატარებს და ბევრ რამეს გვასწავლის... მეტი რა უნდა ქნას კაცმა?! ეს მონდომება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- კვიპროსსა და ჩერნოგორიასთან მატჩები ახლოვდება. მეტოქეებზე თუ გაქვს რაიმე წარმოდგენა?

- ჩერნოგორიაზე რა გითხრათ და, კვიპროსის ნაკრები კი იყო თბილისში და ყველამ ვნახეთ, როგორ გაგვიჭირდა. ლომაიას რომ არ ემარჯვა და პენალტი არ მოეგერიებინა, დიდი შანსი იყო, წაგვეგო კიდეც. დარწმუნებული ვარ, კვიპროსელები შინ უფრო უკეთ ითამაშებენ. ასე რომ, გაათმაგებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ამავე დროს, მეტოქემ ჩვენგან აგრესიაც უნდა იგრძნოს, ბრჭყალები უნდა გამოვაჩინოთ... რაც შეეხება ჩერნოგორიას, ეს მაინც ახალი გუნდია ევროპულ ფეხბურთში, თუმცა ამ ნაკრების ფეხბურთელები იტალიისა და გერმანიის მთავარ ლიგებში თამაშობენ. მარტო ვუჩინიჩი რად ღირს, ”რომას” წამყვანი ფორვარდია... ჩერნოგორიელებს, ალბათ, კვიპროსზე უკეთესი გუნდიც ჰყავთ. ასე რომ, რთული მატჩები გველის. მე მაგალითად, ამ შესარჩევში პირველი მოგების იმედი მაქვს, მეც და გულშემატკივარსაც. ორიდან ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ.

- ბოლოს”ზესტაფონზეც” ვისაუბროთ. კვირას ”მესხეთთან” დუბლი შეასრულე და ბომბარდირ მერებაშვილს დაეწიე. შეძლებ, მოუგო დინამოელს ეს რბოლა?

- ბომბარდირობა ასე იოლი არ არის. თამაშისას ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა გუნდმა მოიგოს. ეს არის მთავარი და არა ის, თუ ვინ გაიტანს გოლს. პირველ რიგში გუნდის ინტერესებს ვაყენებ. გოლების გატანა ჩემზე მეტად არავის უნდა, მაგრამ ეს ხან გამომივა და ხან - არა. ვნახოთ, რამდენს შევაგდებ...

- ამ სეზონში მესამე ადგილისა და უეფას თასის საგზურისთვის იბრძვით?

- სამწუხაროდ, თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ჩემპიონობა ან მეორე ადგილი ბრინჯაოს ნამდვილად სჯობს, მაგრამ... წინა ორ გუნდს 6-7 ქულით ჩამოვრჩებით. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 7 ტურიღა დარჩა და რა ვიცი... ზემო ადგილებზე ასვლა თითქმის შეუძლებელია. კონკურენტიც ძლიერი გვყავს - მესამე ადგილისთვის რუსთავის ”ოლიმპის” გვეცილება, თანაც ჩვენზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოკლედ, ვნახოთ... მესამე ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, ბრინჯაო ჩვენ დაგვრჩება.



დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005