საშინაო მატჩი ახალციხელებთან.
2009 წლის 22 მარტს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატში იმერელთათვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ ახალციხის საფეხბურთო კლუბ ”მესხეთს”.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან მასპიძლებმა შეუტიეს ახალციხელთა კარს, რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან და 28-ე წუთზე იხეირეს კიდეც - შოთა გრიგალაშვილმა შორიდან დაარტყა კარის მიმართულებით, გზად ბურთი ერთ-ერთ მცველს შეხვდა და რიკოშეტით მეკარე გელა ძამუნაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა.
ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც შეტევებში გაატარეს - 49-ე წუთზე გიორგი ჭელიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ნიკოლოზ გელაშვილმა დაასწრო, ხოლო საბოლოო წერტილი 67-ე წუთზე დაისვა - მიხეილ კაკალაძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ისევ მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა უპირველესმა ბომბარდირმა აქცია და მეგოლეთა დავაში 13 გატანილი ბურთით დინამოელ გიორგი მერებაშვილს გაუტოლდა.
მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):
კობა თედიაშვილი ("მესხეთის” მთავარი მწვრთნელი): ”პირველ ტაიმში, ჩვენს თამაშს კიდევ არა უშავდა, მაგრამ მეორეში მეტოქე დიდ უპირატესობას დაეუფლა."ზესტაფონმა" ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სპონსორები დაგვპირდნენ, რომ კვირის ბოლოს ბიჭები დაპირებულ თანხებს მიიღებენ. იმედი გვაქვს, ეს ჩვენს თამაშზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს”.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”ნელ-ნელა მოჩანს ის კონტურები, როგორიც უნდა იყოს ჩვენი გუნდი. ვიცი, რომ ზესტაფონს" მეტის გაკეთება შეუძლია და ყველანი ერთად, სწორედ იქეთკენ მივდივართ.
|