14.03.2009

 

 

”ზესტაფონის” ბოლო შანსი?


ინტერვიუ ლევან მელქაძესთან.

 

”ზესტაფონმა” რუსთავში ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ”ოლიმპთანაც” ლოგიკურად წააგო. ამ მარცხმა გია გეგუჩაძის გუნდის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შეამცირა და ახლა მათ ბოლო იმედის მატჩი აქვთ ოქროს მედლებისათვის ბრძოლაში ჩასაბმელად ....
ლევან მელქაძის სახით ”ზესტაფონმა” სერიოზული ძალა დაიმატა. იმერლებმა უკვე მოიპოვეს რამდენიმე ქულა მისი გოლების ხარჯზე და, რა თქმა უნდა, გია გეგუჩაძეს თავისი ძველი შეგირდის იმედი ხვალაც ექნება. ფაქტია, რომ ”სიონის” მცველებს გვარიანი ყურადღება მართებთ მელქაძის წინააღმდეგ ...


- მეორე ეტაპზე ”ზესტაფონმა” ვერცერთი პრინციპული თამაშის მოგება ვერ შეძლო, რა იქნება ამჯერად, ”სიონთან” დაპირისპირებისას?
- მიუხედავად ბოლო წაგებისა, გუნდში საბრძოლო განწყობაა. კი ბატონო, ლიდერები შორს წავიდნენ, მაგრამ სახვაობა არც ისე დიდია, რომ მის ”ამოქაჩვაზე” არ ვიფიქროთ. თანაც ”დინამოს” და ”ვიტ-ჯორჯიას” ერთმანეთში სათამაშო კიდევ აქვთ. ჩვენ კი ორივეს ვხვდებით და ამ მატჩების მოგების შემთხვევაში ჩემპიონობის შანსი კიდევ გაჩნდება.
- ბოლნისის ”სიონზე” რას იტყოდი?
- სერიოზული გუნდია. შემადგენლობა ძირითადად გამოცდილი ფეხბურთელებით ჰყავს დაკომპექტებული და, რა თქმა უნდა, ”სიონისგან” დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანი არ იცვლება. ბოლნისიდან სამი ქულით უნდა დავბრუნდეთ.
- ყველა აღიარებს, რომ შენი სახით ეროვნულ ჩემპიონატს ძლიერი ფორვარდი დაუბრუნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ორტიმალურ ფორმაში ჯერ არა ხარ. მაინც რა დრო დაგჭირდება იმისათვის, რომ გულშემატკივარმა ძველი ლევან მელქაძე იხილოს?
- ნაყოფიერი შეკრება გავიარე გუნდთან ერთად. თამაშიც სისტემატიურად მიწევს. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იმედია, უახლოეს მომავალში ჩვეულ ფორმაში ჩავდგები.


 გაზეთი ”ოლიმპი”


სევასტი თოდუა: ”ბოლნისში მოგება ძნელია, მაგრამ უნდა შევძლოთ”

 

- ბოლნისის მატჩისთვის გამორჩეულად ვემზადებით და ვნახოთ რა გამოვა ... უფრო სწორედ, ვნახოთ რა გამოვა კი არა და ... უნდა გამოვიყვანოთ. ბოლნისში უნდა მოვიგოთ, თორემ ისე მესამე ადგილის დაკავება და უეფას თასის გათამაშებაზე საასპარეზო საგზურის მოპოვება გაგვიჭირდება.
- რამდენადაც ვიცი, დანაკლისი არ გაქვთ ...
- ამ თამაშს სრული საბრძოლო შემადგენლობით ვხვდებით. დანაკლისით კი არა, პირიქით, გიორგი ჭელიძე დაგვემატება. გიორგიმ რუსთავში ჩატარებული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ჭელიძე ჩვენთვის დიდი ძალაა.
- მიმდინარე სეზონში ”სიონთან” წარმატებული ბალანსი გაქვთ. შეძლებთ ტრადიციის გაგრძელებას?
- დიახ, ”სიონს” ამ ჩემპიონატში სტუმრადაც და შინაც ერთნაირი ანგარიშით, 1-0 მოვუგეთ. ახლაც უნდა მოვუგოთ. უფრო დიდი ანგარიშით თუ ვერა, მინიმალური სხვაობით მაინც უნდა გავიმარჯვოთ.
- მეტოქეზე რა წარმოდგენა გაქვთ?
- ”სიონი” ჩინებული გუნდია, კარგი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, ბოლნისში თამაში ყველა გუნდს უჭირს.
- მაინც რით გამოირჩევა მეტოქე?
- გამოცდილი ფეხბურთელებით, ბრძოლისუნარიანობით და გულშემატკივრებით. გარდა ამისა, ბოლნისში მოედნის საფარი ცუდია და სტუმრებს კი არა, თავად ”სიონსაც” უჭირს თამაში. იქ ძნელია ბურთის გაგორება.
- თუ იწვიმა ...
- წვიმა? წვიმა შესაძლოა უკეთესიც კი იყოს, ბურთი არაორდინალურად მაინც აღარ იხტუნავებს (იცინის) ...
- ვის გამოარჩევდით ”სიონიდან”?
- გოცირიძე, დიდავა, დავითაშვილი, ქემოკლიძე... ბოლნისელებს ბევრი გამორჩეული, გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ... ერთი სიტყვით, ბოლნისში მოგება ძნელია, მაგრამ უნდა შევძლოთ.
- მეტოქის ამდენი პლუსები ჩამოთვალე და საინტერესოა, შანსებს როგორ გადაანაწილებდი?
- მაინც თანაბრად. ჩვენ სტუმრები ვართ, მეტოქესაც რეალურად ვაფასებ, ჩვენი გუნდის ძალაც ვიცი ... აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ შანსები თანაბარია.
- და ბოლოს, წინა ტურში რუსთავში წააგეთ. ზოგჯერ წაგება გუნდებზე ფსიქოლოგიურად ცუდადაც კი მოქმედებს ...
- ამ მარცხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქულები აღარ უნდა დავკარგოთ. ამ წაგებამ გაგვაბრაზა, ახლა უფრო ”ალესილები” ვართ და ბოლნისში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005