განხეთქილების პენალტი. სოხუმი-ზესტაფონი 0:1
• მატჩის მიწურულს, როდესაც საქმე იმისკენ მიდიოდა, რომ სოხუმელები შეძლებდნენ კარის დაცვას, არბიტრმა "ზესტაფონის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. საპენალტე სიტუაცია ისეთი იყო, როცა დანიშვნა-არდანიშვნის შანსი 50/50-ზეა: ჯერ ერთი, ძალიან ძნელი იყო დანახვა და გარჩევა - მართლა მოხვდა თუ არა სოხუმელ მცველს ბურთი ხელში და თან - შემთხვევით მოხვდა თუ განზრახ ითამაშა.
"ზესტაფონის" თამაშს კი ტრადიციულად ესწრებოდა განუყრელი სამეული - ფედერაციის პრეზიდენტი, ეროვნული ნაკრების ჯერაც მთავარი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი. ჰოდა, რა გასაკვირია, ეს ფაქტი და საეჭვო პენალტი ვინმეს ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა.
ასეა თუ ისე, სოხუმელებს მთელი შრომა წყალში ჩაეყარათ და ეს რომ ძნელი ასატანი იყო, ფეხბურთელების რეაქციამაც გამოაჩინა: ისინი მთელი გუნდით აპროტესტებდნენ არბიტრის გადაწყვეტილებას, თამაშის დასრულების შემდეგაც არ მოუთმინათ გულმა და ერთხელაც გაურჩიეს საქმე შავოსნებს.
ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდაო, მატჩის შემდეგ იტყვის სოხუმელთა მწვრთნელი გოჩა ჟორჟოლიანი და, მართალია, სტუმართა უპირატესობა ლამის მთელი 90 წუთი აშკარა და სრული იყო, მაინც ძნელია, არ დაეთანხმო. აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონს" მესაჭის როლში დაუბრუნდა თემურ მახარაძე და თავადაც გახარებული იყო, დაბრუნება გამარჯვებით რომ გამოუვიდა.
ამ გამარჯვებისთვის ზესტაფონელი ფეხბურთელები თითქოსდა მეტოქის შეცდომას ელოდნენ. მასპინძლები კი არ ცდებოდნენ და, ცოტა არ იყოს გასაკვირად, მაინცდამაინც არც დაღლა ეტყობოდათ. ალბათ, ამის გამოც იყო, რომ იმერლები სოხუმელთა საჯარიმოს თუ მიუახლოვდებოდნენ ხოლმე და იქიდან ცდილობდნენ საიმედოდ მოთამაშე სეფიაშვილის დაჯაბნას.
უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გაშვებამდე სოხუმელებს მშვენიერი შანსი ჰქონდათ მოსაგებად: ჭყოიძემ საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმა შესანიშნავად დაარტყა და ბურთისთვის თვალის გამყოლებელი ზესტაფონელები ხარიხამღა იხსნა. ხუთ წუთში კი იმ, კულმინაციური ეპიზოდის ჯერი დადგა...
მატჩის შემდეგ
გოჩა ჟორჟოლიანი ("სოხუმი"):
"მსაჯებს არ შევედავები, თამაში კი კარგი გამოდგა. გასაკუთრებული მომენტები არცერთ გუნდს არ ჰქონია და ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა. მიკვირს ჩემი გუნდისა: "ლოკომოტივს", "ზესტაფონს", "ვიტ ჯორჯიას" მშვენივრად ეთამაშნენ და ბარემ "თბილისთან" და "კოლხეთთანაც" ითამაშონ ასე."
თემურ მახარაძე ("ზესტაფონი"): " მეტოქემ გამართული და სწორი ფეხბურთი ითამაშა. ვიცოდი, რომ რთული მატჩი გველოდა და ბიჭები გავაფრთხილე კიდეც. მინდორი კი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ასეთ დროს ტექნიკური ფეხბურთის თამაში ჭირს. მსაჯების საქმეში არასოდეს ვერევი და ესა თუ ის ეპიზოდი მათი გადასაწყვეტია".
|