10.03.2009

 

 

ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.

ზესტაფონში დაბრუნებას სულაც არ ვნანობ.

 

 

გიორგი ხიდეშელის პერსპექტივაში ეჭვი არასდროს შეუტანიათ. ჯერ კიდევ 17 წლის გახლდათ, როცა მისი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გამო ”თბილისსა” და ”ზესტაფონს” შორის ერთი ვაი-უშველებელი ატყდა. უნიჭო ფეხბურთელის გამო ასეთები არ ხდება... თუმცა ბოლო ოთხი წელია, მას ადგილს ხშირად უცვლიან - ჯერ ცენტრალურ მცველად აყენებდნენ, მერე პეტარ შეგრტმა საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებით დატვირთა, გია გეგუჩაძემ კი ”ზესტაფონში” მისვლის შემდეგ დაცვის ცენტრში დააბრუნა...

- გიორგი, პოზიციის ხშირ ცვლას როგორ შეეგუე?

- რაც გეგუჩაძემ გააკეთა, ჩემთვის მისაღები იყო. მოსამზადებელ ეტაპზე სამი-ოთხი შეხვედრა საკმაოდ ნორმალურად ვითამაშე, მწვრთნელს მოვეწონე და მას შემდეგ ცენტრალურ მცველად ვთამაშობ. თუმცა სეზონის ბოლოს ის უკეთ შეაფასებს, ამ პოზიციაზე უფრო სასარგებლო ვარ თუ ნახევარმცველად. მთავარია, იშრომო და შენი ნაკლი მაქსიმალურად გამოასწორო.

- ამ პოზიციაზე ადრეც გითამაშია და წესით, არ უნდა გაგჭირვებოდა...

- კი, მაგრამ მას მერე მთელი ორწელიწადნახევარი გავიდა. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა ძველ ამპლუაში დაბრუნება, მაგრამ ამას გარკვეული სირთულე მაინც ახლდა, რადგან საყრდენ ნახევარმცველობაზე უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაა. გვერდით სევასტი თოდუა და უჩა ლობჟანიძე მყვანან, ისინი საქართველოში გამორჩეული მცველები არიან და ეს საქმეს მიადვილებს. ცენტრალურ მცველს შეცდომის უფლება არ აქვს, ნახევარმცველს კი ზურგს უკან მცველები ჰყავს და მათი იმედი მაინც აქვს, ათიდან ცხრა შემთხვევაში მაინც დააზღვევენ. დაცვის ცენტრში ერთი შეცდომა კი, შეიძლება, გოლად დაგვიჯდეს. მეტი სიფრთხილეა საჭირო.

- სეზონის დაწყებამდე ”ოლიმპში” გადადიოდი.”ზესტაფონში” რატომ დაბრუნდი?

- რუსთავში ორი ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა. სიმართლე გითხრათ, თავადაც გაურკვევლობაში ვიყავი, გუნდისა და კლიმატის შეცვლაზე ვფიქრობდი... მერე მოხდა ის, რაც ყველამ იცით - დავბრუნდი ”ზესტაფონში” და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. გაგვიმართლა ახალგაზრდობას, რადგან ჩვენი მწვრთნელები არა მხოლოდ შედეგებზე, არამედ თითოეული ჩვენგანის წინსვლაზეც ზრუნავენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დაბრუნება შეცდომა არ ყოფილა.

- რა განსხვავებაა გია გეგუჩაძისა და თემურ მახარაძის მეთოდებს შორის?

- ორივე მაღალი დონის სპეციალისტია, თუმცა განსხვავებულ ფეხბურთს გვათამაშებენ. მახარაძე ამბობდა, რომ გუნდის შენებას ძლიერი დაცვით იწყებდა, გეგუჩაძე კი შეტევაში უფრო მეტი თავისუფლების მომხრეა. მას მთელი აქცენტი აქტიურ, აგრესიულ ფეხბურთზე აქვს გადატანილი. ბოლო დროს ის ხშირად გვიტარებს ტაქტიკურ მეცადინეობას, მაგრამ მოედანზე მხოლოდ მონახაზით თამაშს არ გვთხოვს, პირიქით, დიდ ყურადღებას აქცევს იმპროვიზაციას. გეგუჩაძე სწორი გზით მიდის. სამი თვეა ერთად ვმუშაობთ და აშკარად ვგრძნობთ პროგრესს, თუნდაც თეორიული, ტაქტიკური თუ სათამაშო დისციპლინის კუთხით. მიხარია, ორ ასეთ მწვრთნელთან ვმუშაობ. მახარაძემაც ბევრი რამ მასწავლა.

- ექტორ კუპერის ჩამოსვლის შემდეგ ნაკრებში არ გითამაშია...

- პეტარ სეგრტმა პორტუგალიასა და ესტონეთთან სათამაშოდ გამომიძახა, მაგრამ ტრავმა მივიღე და ვერ ვითამაშე. კუპერი ნაკრებში ამ შეხვედრების შემდეგ დანიშნეს, ჰოდა, რაკი იმ ამხანაგურებში ვერ ვითამაშე, ეტყობა არგენტინელმა ამიტომაც აღარ მიხმო. თუმცა იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. კუპერი ხშირად დადის თამაშებზე, ”სამშაბათობებზეც” გამომიძახა და მჯერა, ადრე თუ გვიან ნაკრებშიც ამიყვანს.

- ბოლოდროინდელმა არაერთმა მარცხმა გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. როგორ ფიქრობ, შესარჩევ ციკლში ახალგაზრდული ნაკრების იმედი უნდა გვქონდეს?

- ახალგაზრდულში ნიჭიერი ბიჭები მოდიან, ბევრი მათგანი ეროვნულ ნაკრებშიც გადაიყვანეს... დარწმუნებული ვარ - თუ ამ ბიჭებს მიხედავენ, მალე ძლიერი ეროვნული გუნდი ეყოლება. წეღანაც ვთქვი - ყველაფერი მართლაც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავიზრდებით, როგორ გავაგრძელებთ პროგრესს, ბოლომდე დავიხარჯებით თუ არა მოედანზე... შეიძლება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შესარჩევი ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევენ, მაგრამ ვინ თქვა, რომ მეტოქეები ჩვენზე ძლიერები არიან?

- 10 მარტს რუსთავის ”ოლიმპთან”, ალბათ, ჩემპიონატში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ატარებ...

- ეს თამაში გადაწყვეტს სწორედ მესამე ადგილის ბედს. უეფას თასზე ხომ მხოლოდ სამეულის გუნდი ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ”ოლიმპთან” მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. რაც ქულები დავაგროვეთ, რუსთაველებთან წაგებით წყალში არ უნდა გადავყაროთ... ისე, შემდეგ ტურში ბოლნისის ”სიონთანაც” პრინციპული თამაში გველის, თანაც გასვლაზე.

- როგორია პროგნოზი?

- დიდი სურვილი მაქვს, რომ მოვიგოთ, მაგრამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ჯერ ერთი, რომ ეს საქმე არ მიზიდავს, და მეორეც - ფეხბურთში ხშირად ისეთი რამ ხდება, რომ თამაში შეიძლება ნებისმიერი შედეგით დასრულდეს.


მერაბ მამულაშვილი, გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005