10.03.2009

 

 

ტურის ფეხბურთელი - ნიკა გელაშვილი.


ბადრი კეთილაძის ფოტოები

მან ორი გოლი გაიტანა და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მეტოქის დაცვა დააწიოკა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ორი გოლი გაუტანა... ტურის ფეხბურთელადაც ის დავასახელეთ - ნიკა გელაშვილი, რომლის გოლებმაც "ზესტაფონს" "ლოკომოტივთან" სტუმრად მეტად მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.
ის ნამდვილი თავდამსხმელია - სწორედაც თავს ესხმის მოწინააღმდეგეს და მუდამ საგოლედაა შემართული. სწრაფია და სიჩქარეს რომ აკრეფს, მცველისთვის გვერდის ავლა კარგად გამოსდის."ზესტაფონამდე" "ვიტ ჯორჯიასა" და თელავის "კახეთში" უთამაშია, იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრიც, ერთი პერიოდი უცხოეთში აპირებდა თამაშს და ბელგიაშიც იყო წასული, მაგრამ...
მოკლედ, მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს ტურის ფეხბურთელთან. გელაშვილთან საუბარი, ცხადია, "ლოკომოტივთან" მატჩით დავიწყეთ...

- მადლობის მეტი რა მეთქმის?! რაც შეეხება მატჩს, ცუდი მინდორი იყო და ამის გამო მწვრთნელის დავალება მხოლოდ ნაწილობრივ თუ შევასრულეთ.
- და რა დაგავალათ გია გეგუჩაძემ?
- მაღალ ტემპში უნდა გვეთამაშა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აგვეტანა ბურთი შეტევაში, ფეხბურთელები მუდმივ მოძრაობაში უნდა ყოფილიყვნენ... მაგრამ უკვე გითხარით, რომ ასეთ უხარისხო მოედანზე მწვრთნელის ყველა დავალებას ვერ შევასრულებდით, უბრალოდ შეუძლებელი იყო...
- პირველი გოლი შენ მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანე. ისე ჩანდა, თითქოს გიორგი ლომაიასთან ორთაბრძოლისას არბიტრს 11-მეტრიანი გამოსტყუე...
- სიმულაცია არ ყოფილა, თორემ რა დასამალია - პენალტზე ნამდვილად წავედი. კუთხე მახვილდებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე ასე.
- "ზესტაფონში" მწვრთნელი სეზონის პირველი ეტაპის ბოლოს შეიცვალა - რა გეზი აქვს აღებული გია გეგუჩაძეს, რა არის მთავარი, რის შეცვლასაც აპირებს?
- მეტი აქცენტია გადატანილი შეტევაზე. გეგუჩაძე უფრო შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
- რაც სეზონი განახლდა, "ზესტაფონმა" ერთის გარდა ყველა თამაში მოიგო, მხოლოდ გადადებულ შეხვედრაში დამარცხდა - "დინამოსთან" 0:2. ეთანხმები აზრს, რომ "დინამომ" იმ შეხვედრაში აშკარად უკეთ ითამაშა?
- მეორე ტაიმის პირველ წუთებზე აშკარა საგოლე მომენტი მქონდა და რომ გამეტანა, არავინ იცის, რა მოხდებოდა. დასარტყმელ პოზიციაზე რომ გავედი, "დინამოს" მეკარე ოვონო უკვე დაწოლილი იყო, შორეულ კუთხეში უნდა დამერტყა, მაგრამ ვერ მოვახერხე და სადაც მეკარე იყო, იქ დავარტყი, თან სუსტად. პირველ გოლამდე "დინამოს" არანაირი უპირატესობა არ ჰქონია, მერე კი მართლაც ავირიეთ...
- "ზესტაფონმა" შუასასეზონო შეკრებაზე ორი ტაქტიკური განლაგება დაამუშავა: 4-4-2 და 4-3-3. შენ რომელ სქემაში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
- თამაში უფრო მაშინ მიადვილდება, როცა თავდასხმაში მეწყვილე მყავს. ასეთ დროს ბურთისთვის ერთი ფორვარდი "გამოდის", მეორე კი მის ზურგსუკან იხსნება, ხოლო როცა ერთი ცენტრფორვარდით და ორი გარემარბით თამაშობ, თამაში შენგან უნდა გაიხსნას.
- და როცა "ლოკომოტივთან" 4-4-2 განლაგებით ითამაშეთ, შენ და ლევან მელქაძეს, შენს მეწყვილეს, რა ფუნქციების შესრულება გეკისრებოდათ?
- მეტწილად ისე იყო, რომ ბურთისთვის მელქაძე "გამოდიოდა", მე კი მის ზურგსუკან ვიხსნებოდი. ამ ყველაფერმა გაამართლა, სამი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი მქონდა.
- "ზესტაფონის" წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა "ლოკომოტივის" დაცვის ლიდერის შეცდომებმაც. ნიკა გუშარაშვილი ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა, ამ შეხვედრაში კი...
- მისგან ასეთ შეცდომებს არ ველოდი, რადგან გუშარაშვილი მართლაც კარგი მცველია.
- "ზესტაფონი" ახლა მესამე ადგილზეა და არც თუ მცირედით ჩამორჩება "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს". რამდენად რეალურია თქვენი საჩემპიონო ამბიციები? ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიასთვის" ჯერაც ვერ მოგიგიათ, ხოლო "დინამო" მხოლოდ ერთხელ, პირველ წრეში დაამარცხეთ, მერე კი თასსა და სუპერთასზე წააგეთ...
- საქართველოს ჩემპიონატში არ მეგულება გუნდი, "ზესტაფონმა" რომ ვერ მოუგოს. ჩვენს მოედანზე თამაში ყველას უჭირს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი და კარგი გულშემატკივარი გვყავს. ჯერ არაფერია დასრულებული. ვფიქრობ, ჩემპიონის ბედი ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება.
- ქომაგის გარდა, "ვიტ ჯორჯიასთან" და "დინამოსთან" "ზესტაფონს" კიდევ რა უპირატესობა აქვს?
- თუ მწვრთნელის დავალებას შევასრულებთ და ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება უნდა მოვახერხოთ. მართალია, მიმდინარე სეზონში ამ გუნდებთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ჯერიც ხომ უნდა მოვიდეს?!
- "ზესტაფონი" სათასო ბატალიებს გამოეთიშა, რაც ალბათ გაგიადვილებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის...
- სამწუხაროა, რომ თასისთვის აღარ ვიბრძვით, თუმცა ერთი მიზანი რომ გაქვს, მართლაც უფრო ადვილია მისი მიღწევა.
- ითქვა, რომ ამ სეზონში "ზესტაფონისთვის" ჩემპიონობა კატეგორიული მიზანი არ იქნება...
- კლუბის პრეზიდენტისგან ასეთი მოთხოვნა მართლაც არ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონობა თავად ჩვენი, ფეხბურთელების სურვილია. "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოსთან" ქულათა სხვაობა დიდი ნაღდად არ არის.
- "დინამოს" ერთ-ერთ უპირატესობაზე ყველა ამახვილებს ყურადღებას - ამ გუნდს ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, მარტოს რომ შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ლაპარაკია გიორგი მერებაშვილზე...
- მიმაჩნია, რომ "ზესტაფონისთვის" ეს გადამწყვეტი არ იქნება. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენმა გუნდმა მერებაშვილი ვერ ამოკეტა... ისე კი, გიორგი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოში. ასეთი ინდივიდუალისტი ეროვნულ ჩემპიონატში სხვა არ მეგულება.
- მოსამზადებელი პირობების მხრივ, "ზესტაფონი" საქართველოში საუკეთესო, ალბათ, ვერ არის. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ არა გადამწყვეტი...
- "ზესტაფონში" ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. უამინდობის შემთხევევაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვვარჯიშობთ, ფეხბურთელები სასტუმრო "ალპედეში" ვცხოვრობთ, ხოლო როცა თბილისში გვაქვს თამაში, ან ნაკრების ბაზაზე ვჩერდებით, ან რომელიმე ნორმალურ სასტუმროში. "ზესტაფონი" ბაზასაც იშენებს, რომელიც, ალბათ, ერთ წელიწადში იქნება მზად.
- როდის იქნება "ზესტაფონი" ოპტიმალურ ფორმაში? შეკრებაგამოვლილმა გუნდმა სასურველ ფორმას უკვე მიაღწია?
- უკვე კარგ ფორმაში ვართ. შეიძლება ითქვას, ახლა უფრო უკეთ ვართ მომზადებულები, ვიდრე პირველ ეტაპზე.
- სანამ "ვიტ ჯორჯიადან" "ზესტაფონში" მიხვიდოდი, ბელგიაში იყავი ჩასული. ლაპარაკი იყო რამდენიმე გუნდზე, მათ შორის - "ბრიუგეზეც". ბელგიური ვარიანტი აქტუალური აღარ არის?
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი კიდევ 4 წლით მაკავშირებს. ბელგიურ ვარიანტს რაც შეეხება, ის არ ამოქმედებულა და ასე ვთქვათ, ჩემოდნებზე არ ვზივარ. ამ ეტაპზე, აქედან წასვლაზე არ ვფიქრობ.

დავით თავართქილაძე, გაზეთი ”ლელო”


გელაშვილმა სტაბილურობა არჩია.

 

”ზესტაფონის” ფორვარდი ნიკა გელაშვილი ამ სეზონში ბომბარდირობას უმიზნებს. პრინციპში, მას ამის შანსი ნამდვილად აქვს, მაგრამ 11 გოლი დაუგროვდა და მის კონკურენტებს არც ისე ბევრად ჩამორჩება. ასევე უნდა ითქვას, რომ გელაშვილს წლეულს მართლაც მომატებული აქვს და ფორვარდი საკმაოდ კარგადაც ასპარეზობს. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ წინა ტურში თბილისის ”ლოკომოტივთან” ნიკას დუბლით ”ზესტაფონმა” იმარჯვა, თანაც ამ სამმა ქულამ გუნდი სამეულში დატოვა.

მოკლედ, გუშინ ნიკა გელაშვილთან დავრეკეთ. არაერთ კითხვაზე გაგვცა პასუხი ”ზესტაფონის” ფეხბურთელმა. ვარჯიშის შემდეგ ”ოლიმპს” დაუთმო დრო.
- ცხადია, ფორვარდის მოვალეობა ბურთების გატანაა. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ წლეულს ნიკა გელაშვილს აშკარად მომატებული აქვს.
- დიახ, ასეა. მართლაც კარგად ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ ჩემპიონატის დასრულებამდე შევინარჩუნებ ამ ფორმას. თავსაც ვატყობ, ორი ტაიმი შემიძლია დაუღლელად ვითამაშო. ასევე მსურს, რომ ბევრი გოლი გავიტანო, რადგან ბომბარდირობა მინდა. შორს ნამდვილად არ ვარ ჩემი კონკურენტებისგან და მთავარია, ჯანზე ვიყო. დანარჩენს ეშველება.
- სულ მალე ჰექტორ რაულ კუპერი მორიგ ”სამშაბათობას” გეგმავს. შემთხვევით შენც ხომ არ გიძახებს?
- ვერაფერს გეტყვით. ჯერ არ ვიცი, არც მსმენია რამე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ გამომიძახებს. რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ.
- ასეთი წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, როგორ ფიქრობს ნიკა გელაშვილი, ღირსია თუ არა ნაკრებში მოხვედრის? მით უმეტეს, კუპერამდე არაერთხელ გათამაშეს.
- რა გითხრათ აბა, ღირსი ვარ თუ არა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მან უნდა შეაფასოს ჩემი შესაძლებლობები, ხოლო საკუთარ თავზე, ვერაფერს გეტყვით. კუპერი გამოცდილი მწვრთნელია. ბოლოს და ბოლოს, სახელოვან კლუბებშია ნამუშევარი და უკეთესად იცის, ვინ არის ღირსი და ვინ - არა.
- ერთი პერიოდი შენ უცხოეთში აპირებდი კარიერის გაგრძელებას. ”ვიტ ჯორჯიასთან” კონტრაქტის დასრულების შემდეგ ევროპაშიც კი გაემგზავრე, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ”ზესტაფონში” აღმოჩნდი. რამ შეგიშალა ხელი?
- ”ბრიუგეში” ვიყავი სინჯებზე, რა ვიცი, მეგონა, იქ დავრჩებოდი. მერე ისე აღმოჩნდა, რომ წამოსვლა მომიწია. ახლა იმის ძიებას ნამდვილად არ დავიწყებ, რატომ მოხდა ყველაფერი. შემდეგ ”ზესტაფონი” შემეხმიანა, კარგი პირობები შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. აღარ დავიწყე იქით-აქეთ სიარული და უკვე ვამჯობინე საქართველოში სტაბილურად ყოფნა.
- პრინციპში, ყველა ფეხბურთელს თვალი გაქცევაზე უჭირავს და შენ არ ნანობ საქართველოში დაბრუნებას?
- ახლა რომ ვუყურებ, არა. ისე კი თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო ყველაფერი. ”ზესტაფონში” კონტრაქტი გავაფორმე თუ არა, ერთ კვირაში ანთალიაში შეკრებაზე ლავიწის ძვალი გავიტეხე და კარგა ხანი გამიცდა.
- ”ზესტაფონი” ამბიციურია და წლეულსაც ევროტურნირებისთვის იბრძვის. როგორ ფიქრობ, ჩემპიონობა შეუძლია გუნდს?
- რატომაც არა. ამის სურვილი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩემპიონობის შანსი გაგვიჩნდეს. ცხადია, რთულია, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ჩვენ სათასო გათამაშებიდან გამოვვარდით და ისღა დაგვრჩენია, ევროტურნირზე საპრიზო ადგილიდან გავიდეთ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, უეფაზე გავალთ.


დათო ძველაია, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005