07.03.2009

 

 

სტუმრობა რკინიგზელებთან .

 

 

7 მარტს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს”.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. თუმცა ანგარიში ზესტაფონელებმა მხოლოდ 28-ე წუთზე გახსნეს - ნიკოლოზ გელაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია 0-1.

მეორე ტაიმში რკინიგზელებმა სცადეს მატჩის შემოტრიალება, სტუმრები კი მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ მასპინძლებს. რამოდენიმე სახიფათო, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ, 81-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. 86-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ამან მარგველთა საბოლოო გამარჯვებას ხელი ვეღარ შეუშალა - 2-1.

მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”მოხარული ვარ, რომ 3 ქულა ავიღეთ. ადვილი თამაში არ იყო. მიუხედავად გამოკვეთილი უპირატესობისა, ბოლოსკენ მოვდუნდით და სიტუაცია დაიძაბა. ეს ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაკლია და ამ კუთხით, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს”.

ზაზა ზამთარაძე ("ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): ””ზესტაფონი” მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. ვიდრე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნებოდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მერე ლომაიამ დასანანი შეცდომა დაუშვა და თერთმეტმეტრიანით დავისაჯეთ. ჩვენმა ბიჭებმა, როგორც შეეძლოთ, იბრძოლეს. პრაქტიკულად საყრდენი ნახევარმცველის გარეშე ვთამაშობდით, რაც გიორგი დიაკვნიშვილის დისკვალიფიკაციით იყო გამოწვეული”.

 

07/03/2009 - ”ლოკომოტივი” - ”ზესტაფონი” 1-2

დაწვრილებით:

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005