04.03.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

გია გეგუჩაძე: ”ჩემპიონობისთვის ვიბრძვით”.

 

 

ხუთი მატჩი და ოთხი გამარჯვება - მეორე ეტაპზე ”ზესტაფონის” მონაგარს არაფერი დაეწუნება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ გუნდმა ”დინამოსთან” უპრინციპულეს მატჩში წაიფორხილა. ამის მიუხედავად, იმერლები კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვიან და როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ამბობს, ბოლო წამამდე იბრძოლებენ.

... სულ მალე კი საქართველოს ჩემპიონატში პირველი გერმანელი ფეხბურთელი გამოჩნდება. ”ზესტაფონი” იჯარით უპირებს აყვანას ლიბანელი წარმოშობის გერმანელს, ომარ ელ-ზეინს, რომელიც უკვე კარგა ხანია, იმერთა რიგებში ვარჯიშობს. სიტყვა გაგვიგრელდა და ალბათ უმჯობესია, ასპარეზი გია გეგუჩაძეს დავუთმოთ:

- გუნდში ნორმალური განწყობაა, საბრძოლო მდგომარეობაა. უკეთესი იქნებოდა, მეორე ეტაპზე გამართული ხუთივე თამაში ჩვენ სასარგებლოდ დაგვესრულებინა. მით უმეტეს, ”დინამოსთან” შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ამ წაგების გამო ტრაგედიას არავინ ქმნის, ყველა მშვიდად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ყველამ იცის, რომ ჩემს ფეხბურთელებს ტყუილად არ შევაქებ - ბიჭებს პროგრესს ნამდვილად ვატყობ. მათ მომავალშიც ასე უნდა განაგრძონ მუშაობა.

- ”ზესტაფონში” ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი მოდის. ბევრი ქართული კლუბისთვის ასეთი კონკურენცია, ცოტა არ იყოს, უცხოა. როგორ ხვდებიან ამას მოთამაშეები?

- კონკურენციის მომენტს ყველა დადებითად აფასებს. თუ დააკვირდით, მეორე ეტაპის არც ერთი შეხვედრა არ გვითამაშია ერთი და იმავე შემადგენლობით. ეს კონკურენციის მომენტზე მეტყველებს. სულ როტაციის პრინციპს მივმართავთ. სამი-ოთხი ცვლილება სულ ხდება შემადგენლობაში. გააჩნია, ვინ როგორ ფორმაშია კონკრეტულ მომენტში. პირიქით, ფეხბურთელები კმაყოფილნიც კი არიან.ეს მათმუდმივად ფორმაში ყოფნას აიძულებთ. ამავე დროს, თითოეული მოთამაშე გრძნობს, რომ გუნდისთვის საჭიროა.

- ვიცით, რომ არბიტრების გარჯაზე კომენტარის გაკეთება არ გჩვევიათ, მაგრამ ”დინამოს” მიერ გატანილი პირველი გოლისას ბევრმა ჩათვალა, რომ ოფსაიდი იყო...

- დარწმუნებული ვარ, არბიტრები თვითონ განიხილავენ ამ გოლს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ. არ მჩვევია მსაჯების კრიტიკა და ამას არც ახლა გავაკეთებ. ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებთ წარუმატებლობის მიზეზებს. ვცდილობთ, აღარ დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც აქამდე დავუშვით.

- რა ბედი ელის ერიკ რომეო ჩასემს, რომელიც მეორე გუნდში გადაიყვანეთ? როგორც ჩანს, ის ჯერ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან...

- ჩასემი ამჟამად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ მეორე გუნდში. როგორც კი აღიდგენს კონდიციებს, როგორც კი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება, მაშინვე დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას.

- რა ხდება ომარ ელ-ზეინთან დაკავშირებით? მას უკვე კარგა ხანია, აკვირდებით...

- ელ-ზეინს ამჟამად ვაკვირდებით. ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ფეხბურთელს ალბათ მაისამდე იჯარით ავიყვანთ. ვნახავთ, სერიოზულ თამაშებში დავაკვირდებით. პრინციპში, ომარ ელ ზეინი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვფიქრობ, უნდა გამოგვადგეს.

- ”ზესტაფონი” ლიდერ ”ვიტ ჯორჯიას” ექვსი ქულით ჩამორჩება, თბილისის ”დინამოს” კი - ხუთით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს?

- ”ზესტაფონი” კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძვის და ბოლომდე იბრძოლებს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფეხბურთელები მშვენივრად არიან მომხადებული. ”დინამოსთან” წაგებული მატჩი განვიხილეთ, შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. მგონია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენს ძალებს არ აღემატება. ასე რომ, ეს ჩამორჩენა კატასტროფა არ არის და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია.

- კლუბის პროგრესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებლი ინფრასტრუქტურაზე - როგორც ვიცით, მალე გუნდს თანამედროე ბაზა ექნება...

- დიახ, ეს საქმე დაიძრა და ვფიქრობ, ძალიან დიდ სარგებლობასაც მოგვიტანს. რაც მთავარია, უახლოეს მომავალში ორი სავარჯიშო მინდორი გვექნება. ბაზის მშენებლობაც დაიწყება. მოკლედ, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს.

- ბოლო ტურმა გამოაჩინა, რომ ლიდერებს, ”დინამოსა” და ”ვიტ ჯორჯიას” ფსიქოლოგიურად უჭირთ. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტორი ადგილების საბოლოო გადანაწილებაზე?

- არა მგონია, ამ ფაქტორმა კარდინალურად შეცვალოს რამე. ”დინამოცა” და ”ვიტ ჯორჯიაც” წლების განმავლობაში არიან ლიდერებში და ისინი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად იყვნენ ამისათვის.

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005