დიდი მადლობა, შალვა!
შალვა ღონღაძე ”სპარტაკში” გადავიდა ...
ცხინვალის "სპარტაკი" ამ ზამთარს მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ეს მის თამაშსაც დაეტყო. ჩემპიონატის განახლებისთანავე კლუბმა კიდევ ერთი სასურველი ტრანსფერი განახორციელა - "სპარტაკის" დაცვას "ზესტაფონის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი და ეროვნული ნაკრების წევრობის ასევე ყოფილი კანდიდატი შალვა ღონღაძე გააძლიერებს. სანამ უშუალოდ ამ ტრანსფერს შევეხებოდეთ, ერთი საინტერესო დეტალი: ღონღაძე საფეხბურთო გუნდში პირველად 19 წლისა მოხვდა, მანამდე კი მოცეკვავე იყო...
- წყალტუბოს "სამგურალის" მწვრთნელად გივი ბაბუნიძე მუშაობდა. შემთხვევით მნახა და გუნდში აყვანა შემომთვაზა - მონაცემები გაქვს და ითამაშებო. ფეხბურთი მიყვარდა, მაგრამ სერიოზულად არასდროს მითამაშია, მხოლოდ გივი ჩოხელის სახელობის და სხვა ასაკობრივ ტურნირებზე გამოვიოდი. ბაბუნიძის წინადადებაზე კი სერიოზულად დავფიქრდი, "სამგურალში" ამიყვანეს და მერე აეწყო ჩემი კარიერა. ასეთი მოულოდნელია ცხოვრება და ამიტომაც არ მიკვირს, რომ ლიდერი გუნდიდან უცებ აუტსაიდერში რომ აღმოვჩნდი.
- სხვა წინადადება არ გქონიათ?
- ზუგდიდის "მგლები", ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" მიწვევდნენ, მაგრამ "სპარტაკი" ყველაზე საინტერესო ვარიანტი იყო და კარგი პირობებიც შემიქმნეს. გუნდს გადასარჩენად აქვს საქმე და ამ მხრივ ეს ტრანსფერი აზარტულიცაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა "სპარტაკმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
- "ზესტაფონიდან" რატომ წახვედით?
- კონტრაქტი დამიმთავრდა. პირველად დამიკავშირდა სერგო გაბელაია, რომელსაც ჯერ კიდევ ფოთის "კოლხეთში" თამაშის დროიდან ვიცნობ და მასთან მუშაობაც საინტერესოდ მეჩვენა. რა თქმა უნდა, გული მწყდება... ძლიერი გუნდიდან ფეხბურთელები საკუთარი ნებით არ მიდიან, მაგრამ... თანაგუნდელებს ძალიან თბილად დავშორდი, ამ ოთხი წლის განმავლობაში იმდენი კარგი მოგონება დაგვიგროვდა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ასე მოხდა გია გეგუჩაძესთანაც. ის კარგი მწვრთნელი და ასეთივე ადამიანია, ერთად ცოტა ხანს ვიმუშავეთ, მაგრამ კარგ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ და ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ-ხოლმე. არა მარტო მასზე, მის სამწვრთნელო შტაბზეც კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ვგულისხმობ გია ჭიაბრიშვილს, დათო ჯანელიძეს... ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ერთ დღესაც გუნდიდან გაუშვებენ. მაგრამ საწყენი არ უნდა იყოს, თუკი ასეთ დროს ნიჭიერ ახალგაზრდებს აწინაურებენ. მესმის გეგუჩაძის - "ზესტაფონში" ბევრი ნიჭიერი ბიჭია და მათი წინსვლა აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მათი 99 პროცენტი დიდ ფეხბურთს იათმაშებს და ეს მეც ძლიერ გამახარებს. ხიდეშელს, ბენაშვილს, ლობჟანიძეს, კვასხვაძეს, ძარიას, გელაშვილს... თავში არ ავარდნიათ. მათთან თამაშიც სასიამოვნო იყო და ურთიერთობაც. ჩემი ყოფილი კლუბისა და მეგობრების წარმატება ყოველთვის გამიხარდება. სხვათა შორის, იმასაც ვიტყვი, რომ გეგუჩაძემ "ზესტაფონის" თამაში უკეთესობისკენ შეცვალა. მგონი, დღეისთვის ის საუკეთესო ქართული კლუბია.
- "ზესტაფონთან" რატომ არ ითამაშეთ? ტრანსფერის დროს კლუბები ამაზე ხომ არ შეთანხმდნენ?
- არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ტემპერატურამ ამიწია და თავი შევიკავე, თან ცუდი ამინდიც იყო. ალბათ, შემდეგ ტურში ვითამაშებ.
- "სპარტაკს" გადარჩენის რეალური იმედი უნდა ჰქონდეს?
- ამ ზამთარს გუნდში ისეთი ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, წარმოუდგენელია უმაღლესში ადგილი არ შევინარჩუნოთ. აუტსაიდერებში ჩვენი ადგილი არ არის! სხვათა შორის, კლუბში არსებული სიტუაცია ძალიან მომეწონა. "ზესტაფონთან" წაგების შემდეგ გასახდელში დიმიტრი სანაკოევი შემოვიდა და ხომ არ გგონიათ, რომ ჭკუის დარიგება დაგვიწყო? არა, მეგობრულად გველაპარაკა, გაგვამხნევა - არა უშავს, ლიდერთან წავაგეთ და ხასიათი არ გაიფუჭოთო. ამგვარი მიდგომა ფეხბურთელებს უკეთ თამაშის სტიმულს აძლევს. "სპარტაკში" ჩემი ბიძაშვილი მამუკა ღონღაძე თამაშობდა. ის ამ ზამთარს უზბეკეთში წავიდა, მაგრამ სანაკოევი დღემდე არ ივიწყებს და ურეკავს ხოლმე...
|