01.03.2009

 

 

კიდევ ერთი საშინაო მატჩი .

 

 

2009 წლის 1 მარტს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთ აუტსაიდერს, ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან მასპიძლებმა შეუტიეს ცხინვალელთა კარს და მალევე იხეირეს კიდეც - მიმდინარეობდა 11-ე წუთი, როდესაც სტუმართა კარის სიახლოვეს დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც თორნიკე გორგიაშვილმა შეასრულა, ცხინვალელთა საჯარიმოში კი ყველას გიორგი ხიდეშელმა დაასწრო და თავის გუნდი დააწინაურა.

პირველი ტაიმი ისევ იმერელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა მათ რამოდენიმე საგოლე ეპიზოდი გაანიავეს. ტაიმის საფინალო ”აკორდი” კი ცხინვალელებმა შეასრულეს - 44-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ზაზა სახოკიამ დააგვირგვინა - 1-1.

მეორე ტაიმი ისევ ზესტაფონეთა შეტევების ”აკომპანემენტით” წარიმართა. 54-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა ზესტაფონელთა უბერებელი ფორვარდი ზურაბ იონანიძე. ”იონას” გოლის გასატანად დაახლოებით 15-20 წამი დასჭირდა - ბურთთან მისი პირველივე შეხება საგოლე აღმოჩნდა!

უკანასკნელ წუთებზე ცხინვალელებმა სცადეს მატჩის ბედის შემოტრიალება, თუმცა მათი იმედების გაზაფხულის პირველ დღეს ”დამსამარებელი” ლევან მელქაძე გახდა. თავდაპირველად, 89-ე წუთზე, ლევანმა ნიკა კვასხვაძის გადაცემა ”ჩაკეტა”, არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი გიორგი ჭელიძესთან გათამაშებული სწრაფი კომბინაციის შემდეგ საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას - 4-1.

მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):

სერგო გაბელაია ("სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი): ”სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის თამაში, დიდწილად, იმ ბირთვზეა დამოკიდებული, რომლიდან ერთი ფეხბურთელის გამოკლებაც კი, მთელ თამაშზე პოულობს გავლენას. თურმანიძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა _ ეს კი, ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. ბოლოს მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ანგარიშით წავაგებდით. ამიტომ, ბოლო 15 წუთი თამაში ”გავხსენით” და დავისაჯეთ”.

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): მატჩში იყო ერთი მომენტი, როცა შეიძლებოდა სიტუაცია მეტოქის სასარგებლოდ შეცვლილიყო, მაგრამ ზურაბ იონანიძის შემოსვლამ გარდატეხა შეიტანა. ჩვენმა გუნდმა ეპიზოდებში ის ფეხბურთი ითამაშა, რაც მე მინდა. მთლიანობაში კი, თამაშის ხარისხზე სამუშაო გვაქვს”.

 

01/03/2009- ”ზესტაფონი” - “სპარტაკი” 4-1

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005