28.02.2009

 

 

კაშიას ჩრდილი .
ანუ, იყო თუ არა სპასოევიჩი თამაშგარე მდგომარეობაში ?

 

 

ფოტო საიტიდან ”www.goli.ge”.

25 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის XVI-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა - თბილისის ”დინამომ” ”ზესტაფონი” 2:0 დაამარცხა. როგორი იყო მსაჯობა ამ მატჩში, ცალკე თემაა, ერთი ეპიზოდი კი ისეთი გამოდგა, რომ განაჩენი ვერავინ გამოუტანა...


საქმე ეხება ”დინამოს” პირველ გოლს, რომელიც ასე გავიდა - ლევან ხმალაძემ შორიდან დაარტყა, ზესტაფონელთა მეკარე როინ კვასხვაძემ ბურთი ვერ შეიმაგრა, დასწრებაზე კი ყველას ილია სპასოევიჩმა აჯობა და ბურთი ბადეში გაახვია. ტრიბუნიდან ყველაფერი ისე ჩანდა, უთუოდ ეჭვი გაგიჩნდებოდათ - ხმალაძის დარტყმის მომენტში იყო თუ არა სპასოევიჩი თამაშგარე მდგომარეობაში.

”ზესტაფონის” ვებ-გვერდზე გამოჩნდა ამ გოლის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მკაფიოდ ჩანს, რომ ხმალაძის დარტყმისას სპასოევიჩი ”ზესტაფონის” ცენტრალურ მცველებზე წინაა, ანუ ოფსაიდშია და შესაბამისად, მის მიერ გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი. ამ გოლის ნახვა ”დინამოს” ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი, ოღონდ, ტელეკამერა ამ ყველაფერს ცოტა სხვა რაკურსით ასახავს - ”დინამოს” შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჩანან დინამოელი შოთა კაშია და მისი ზესტაფონელი მეურვე კარენ მაკარიანი. ხმალაძის დარტყმის მომენტში ისინი ჩანაწერზე არ ჩანან, მაგრამ ჩანან მაშინ, როცა სპასოევიჩს გოლი გააქვს. თუ ხმალაძის დარტყმის მომენტში მაკარიანი სპასოევიჩზე წინ დგას, გოლი წესების სრული დაცვით არის გატანილი.

მატჩის არბიტრ მამუკა ურუშაძის ერთ-ერთი ასისტენტი მამუკა ელიკაშვილი გახლდათ, სწორედ მას უნდა შეეფასებინა ამ მომენტში სიტუაცია. ფეხბურთის წესებში წერია - თუ მსაჯს გული ეთანაღრება, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, წესების დარღვევა არ უნდა დააფიქსიროსო. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიგვყავს, რომ გოლი წესების დაცვით არ გავიდა.

მაგრამ ფაქტია - სამსაჯო კომიტეტს არ შეუძლია, გადაჭრით თქვას, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა. როგორც ირკვევა, არ არსებობს ისეთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ყველაფერს წერტილს დაუსვამდა. ”ზესტაფონს” ფედერაციაში სარჩელი არ შეუტანია, რადგან ვერ დაამტკიცებს, იყო თუ არა სპასოევიჩი თამაშგარე მდგომარეობაში. იმ ვიდეოჩანაწერზე კი, რომელიც ”დინამოს” ვებ-გვერდზეა განთავსებული, ხმალაძის დარტყმის მომენტში ჩანს დინამოელ შოთა კაშიას ჩრდილი, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი მეურვე მაკარიანი უფრო უკან იქნებოდა ჩაწეული და შესაბამისად, სპასოევიჩზე უფრო უკან.

საყურადღებოა გვერდითი მსაჯის, ელიკაშვილის პოზიციაც. ალბათ,ელიკაშვილი ელოდა, რომ ხმალაძე კარში დარტყამს კაშიასთვის ბურთის მიწოდებას ამჯობინებდა და კაშია-მაკარიანს საგულდაგულოდ დააკვირდებოდა. თუმცა ელიკაშვილის თვალს არც ის უნდა გამოჰპარვოდა, ხმალაძის დარტყმის მომენტში სპასოევიჩი ”ზესტაფონის” მცველებზე წინ იყო თუ არა. გამოდის, გვერით მსაჯს ორი წყვილი, ან სამი თვალი სჭირდებოდა სიტუაციის მთელი სისავსით შესაფასებლად და აქედან გამომდინარე, იზრდება იმის ალბათობა, რომ ელიკაშვილი შეცდა.

როგორც უნდა იყოს, კაშიას ჩრდილი საკმაოდ საინტერესო რამ გამოდგა ამ სადავო ეპიზოდში. ვინძლო, ტრიგონომეტრიით შესაძლებელი გახდეს სიმართლესთან ახლოს მისვლა, მაგრამ ვეჭვობთ, არც ეს იქნება საკმარისი წერტილის დასასმელად. თეორიულად, გამოსავალი არსებობს - კარგი ასტროლოგი კაშიას ჩრდილითა და გოლის გატანის დროით დაადგენს, ზუსტად სად იმყოფებოდა კაშია ხმალაძის დარტყმის მომენტში (მზის საათი ხომ გაგიგონიათ?), ხოლო ლოგიკით მაკარიანი კაშიაზე უკან უნდა ყოფილიყო და ფაქტობრივად, ზუსტად დადგინდება, იყო თუ არა ის სპასოევიჩზე წინ.

ისე, ”დინამოზე გამარჯვება ალალი იყო - მეტოქეზე უკეთ ითამაშა ...

 

დავით თავართქილაძე, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005