ჩემპიონი თასის მფლობელის წინააღმდეგ.
25 თებერვალს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის ორი გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს”.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა - ბურთისათვის ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. გუნდებმა რამოდენიმეჯერ სცადეს თამაშის გამწვავება, თუმცა შეხვედრის პირველი ტაიმი უშედეგოდ - 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები დაეფლნენ გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას, ნიკოლოზ გელაშვილს კიდეც მიეცა შესაძლებლობა თავისიანების დაწინაურებისა, თუმცა ზესტაფონელთა ფორვარდმა სახიფათო მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა. მატჩის ბედი კი ილია სპასოევიჩის მოედანზე გამოჩენამ და კურიოზულმა პირველმა გოლმა გადაწყვიტა - 68-ე წუთზე ლევან ხმალაძის შორიდან დარტყმის შემდეგ სტუმართა გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი სწორედ ”დინამოს” ჩერნოგორიელმა ფორვარდმა დაასწრო ყველას. ზესტაფონელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, თუმცა 81-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა გაეპარათ, რომელიც ისევ ილია სპასოევიჩმა დააგვირგვინა. დასანანი მარცხი ანგარიშით 0-2.
მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “იმის მიუხედავად, რომ წავაგეთ, ბიჭებს მადლობას ვეუბნები. ჩემი აზრით, მარცხს არ ვიმსახურებდით. ისე წარიმართა პირველ ტაიმში თამაში, არ უნდა წაგვეგო, მეორეში კი, თავადაც ნახეთ, რაც მოხდა.
რაინერ ცობელი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. გაგვიმართლა - შეიძლება ფრეც ყოფილიყო. პირველ ტაიმში შესამჩნევი პრობლემა გვქონდა 2 ახალ მცველთან დაკავშირებით, მაგრამ როცა დავლაგდით, უკვე ყველაფერი კარგად წავიდა. გაგვიმართლა პირველი გოლის გატანისას, მეორის დროს კი იმან, დიდი სათადარიგოთა სკამი რომ გვაქვს. სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობისადმი ჩემი თხოვნაც იმას უკავშირდებოდა, რომ "დინამოს" შეცვლაზე ძირითადის ტოლფასი ფეხბურთელები ჰყოლოდა. მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩემი ეს თხოვნა შეასრულეს.
|