24.02.2009

 

 


მიზანი, რომელიც ჩემპიონობის ტოლია.

 

პროფლიგამ, 25 თებერვალი, დეკემბრის თოვლიანობის გამო, ეროვნულ ჩემპიონატზე გამოტოვებული ორი შეხვედრის ჩატარების თარიღად დანიშნა. ორივე მატჩის მონაწილეებს პრინციპული მიზნები აქვთ დასახული. თუ თბილისში, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, "ვეტერინართა" რეალური კომპანიონის ვინაობა უნდა გამოიკვეთოს, ბორჯომში შეიძლება ცხინვალელთა საუმაღლესლიგო ამბიციებს გაუღვივდეს ნიადაგი. იქნებ, მოხდეს სასწაული და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ახლა მაინც შეიკრიბოს 200 მაყურებელზე მეტი. ქართული მასშტაბებისთვის, მართლაც რომ საინტერესო პაექრობაა მოსალოდნელი - მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი, ამ სეზონში მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს.

მატჩის სასწორზე საქართველოს ჩემპიონობა დევს - მხოლოდ ამ მატჩის მოგების შემთხვევაში გაუწევს ერთ-ერთი ამათგანი თბილისის "ვიტ ჯორჯიას" რეალურ კონკურენციას. ჩემპიონატის ბოლომდე, მარათონის თითქმის მესამედია დარჩენილი და კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ამ მხრივ დინამოელებს უფრო "მშვიდად" ყოფნა შეუძლიათ, რადგან ისინი ოპონენტს ქულებით უსწრებენ, თანაც იმერლებს შინ იღებენ და კიდევ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თითქმის ცარიელ "ბორის პაიჭაძეზე" თამაში, ყველა ვარიანტში სჯობს გადაჭედილი ზესტაფონური ტრიბუნების წინაშე თამაშს. "წნეხი" რომელიც გეგუჩაძის შეგირდებს შეაწუხებთ, ისაა, რომ თუ "ზესტაფონს" ჩემპიონობა წლევანდელ გეგმაში ისევ უნდა ჰქონდეს, მან აუცილებლად უნდა მოიგოს. სანახაობრივ ფეხბურთს ალბათ არ უნდა ველოდოთ, მაგრამ პრინციპულ და დაძაბულ პაექრობას ნამდვილად ვიხილავთ. ახალი წლიდან, იმერლები უფრო შემტევი ფეხბურთის შესატყვის ტაქტიკურ სქემებს უკეთებენ პოპულარიზაციას, მაგრამ ცობელის გუნდი "გაგრა" რომ არაა და მით უფრო, ახლანდელი"ბორჯომი", მგონი, არ უნდა ვცდებოდეთ. შარშანდელი ჩემპიონი და თასის მფლობელი, მიმდინარე სეზონში იმდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, არაა გამორიცხული, ერთმანეთის სინდრომიც ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. "დინამოს" სათასო ბატალიებში ეკუთვნის უპირატესობა (ეროვნულზე 0:0, 1:0 დ.დ; სუპერთასზე 1:0), "ზესტაფონს" კი, ჩემპიონატზე - 1:0.

მატჩამდე

გია გეგუჩაძე (”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): ”ჩვეულებრივად ვემზადებით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია, თუმცა არის გამონაკლისებიც - სიცხე აქვთ ზურაბ მამალაძეს და გიორგი ხიდეშელს. მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს პირველად ნამდვილად არ ხვდებიან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დეკემბერში ჩვენი ბოლო მატჩის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები ორივეს შემადგენლობაში მოხდა. ვიცი, ”დინამო” გულხელდაკრეფილი არ იქნება, მაგრამ ვისურვებდი, ჩვენს გუნდს 3 ქულა აეღო”.

რაინერ ცობელი (”დინამოს” მთავარი მწვრთნელი): ”დინამოს” მწვრთნელის რანგში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ და მერე ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული. დისკვალიფიკაციების გამო, კრშკო და თომაშვილი არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა. ანთალიაში შეკრებაზე ხშირად გვითამაშია კრშკოს გარეშე, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა მოსალოდნელი იყო. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

სულ, 2004 წლიდან, როცა იმერული კლუბი ამ სახელწოდებით გამოდის ეროვნულ ასპარეზზე, მაყურებელმა იმერ-ამერელთა 20 დაპირისპირება იხილა. მათგან "დინამომ" 7-ჯერ მოიგო, "ზესტაფონმაც" - 7-ჯერ, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობაში კი, მცირედი უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა - 16:13.

”დინამო”-”ზესტაფონის” ყველა მატჩი (სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური):

1. 30 აგვისტო.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-0

2. 8 ნოემბერი.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 0-2

3. 2004 წ. 9 დეკემბერი, 2004-2005 წ. თასის გათამაშების 1/8 ფინალი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-1

4. 14 .02.2005, 2004-2005 წ. თასის გათამაშების 1/8 ფინალი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0

5. 12.03.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 0-1

6. 08.05.2005, 2004-2005 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 0-0

7. 20.08.2005, 2005-2006 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0

8. 07.03.2006, 2005-2006 წ. თასის გათამაშების 1/4 ფინალი, ”ზესტაფონი”-”დინამო” 1-0

9. 11.03.2006, 2005-2006 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-2

10. 18.03.2006, 2005-2006 წ. თასის გათამაშების 1/4 ფინალი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 0-0

11. 23.09.2006, 2006-2007 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 1-0 .

12. 13.04.2007, 2006-2007 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-2 .

13. 06/12/2007, 2007-2008 წ. ჩემპიონატი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 2-0

14. 08.04.2008, 2007-2008 წ. თასის გათამაშების 1/2ფინალი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 1-1

15. 03/05/2008, 2007-2008 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 0-1 .

16. 07.05.2008, 2007-2008 წ. თასის გათამაშების 1/2ფინალი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 1-0 .

17. 05/10/2008, 2008-2009 წ. ჩემპიონატი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 1-0.

18. 11.11.2008, 2008-2009 წ. თასის გათამაშების 1/4ფინალი, ”ზესტაფონი”- ”დინამო” 0-0 .

19. 26.11.2008, 2008-2009 წ. თასის გათამაშების 1/4ფინალი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 1-0 (დამატებით დროში)

20. 03.12.2008, 2008-2009 წ. საქართველოს სუპერთასი, ”დინამო”-”ზესტაფონი” 1-0 .

 

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”სპორტული ამბები”
   
FC ZESTAFONI © 2005