ჟორჟიკაშვილი მოგებით წავიდა, ზესტაფონში მახარაძე ბრუნდება. ზესტაფონი-კოლხეთი 3:0
სატურნირო ცხრილის მეზობელთა დაპირისპირებამ საინტერესო ორთაბრძოლაში ჩაიარა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, აზარტი და მონდომება ორივე გუნდის მხრიდან იგრძნობოდა და შეხვედრა სანახაობრივად არცთუ ურიგო გამოდგა. საწყისი დაზვერვის შემდეგ ზესტაფონელები საქმეზე გადავიდნენ და პირველი სახიფათო მომენტი მე-13 წუთზე შექმნეს. იონანიძეს მეკარის მოედანთან ჩააწოდეს, მაგრამ მისი თავური ოდნავ ასცდა ზედა ძელს. მასპინძლებმა კიდევ ორი რეალური მომენტი მოაყოლეს. ჯერ თურმანიძემ გაისროლა, ბურთი მეკარემ აკრობატულ ნახტომში აიღო, შემდეგ კი იმედაძემ ააცილა ხელსაყრელი მდგომარეობიდან. იმერელთა აქტიურობამ მალე შედეგი გამოიღო. ნუდნიმ გრძელი პასით იონანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ლატარია თავდამსხმელის შესახვედრად წამოვიდა, იონამ კი მას თავზე გადაუგდო ბურთი და ანგარიში გახსნა - 1:0. "ზესტაფონმა" დაწოლა განაგრძო და მალე მეორედაც იხეირა. მე-40 წუთზე ძამსაშვილმა ფლანგიდან დროულად მიაწოდა მეკარის ბაქანზე მდგომ მთავარ მეგოლეს და იონამ თავით ერთხელაც იხეირა - 2:0.
სოსო ფილიას სამწყსომ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. მალე ჯანაშიას მიეცა შანსი, თუმცა კარიდან ხუთიოდ მეტრში მდგომს ქვაჩახია ფეხებში ჩაუვარდა და ფორვარდს დარტყმის საშუალება არ მისცა. 55-ე წუთზე კვლავ ძამსაშვილმა გაინავარდა ფლანგზე და ისევ გამოზომილად ჩააწოდა. ბურთს ამჯერად იმედაძე გამოეხმაურა და პენალტის ნიშნულიდან თავით შორეულ მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი შეაგდო - 3:0. ამის შემდეგ კოლხები აქტიურად ათამაშდნენ, განსაკუთრებით ეს ლოლუასა და ვართაგავაზე ითქმის. სტუმრები შიგა და შიგ მშვენივრად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის ხუთი ფეხბურთელი აკლდათ. ამის დასტურად ჯერ ჯანაშია გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ააცილა, შემდეგ საჯარიმოში ლოლუამ იაქტიურა და იმდენი ქნა, რომ ქვაჩახიას პენალტი დასტყუა. ზესტაფონელთა გოლკიპერმა ყვითელი ბარათიც აიკიდა და ფანების გულისწყრომაც სამართლიანად დაიმსახურა. თუმცა თავისი გაფუჭებული საქმე თავად გამოაკეთა: დარტყმის მიმართულება გამოიცნო და დათო ნარსიას პენალტის გატანა არ დაანება.
კოლხები ამის შემდეგ საბოლოოდ მიწყნარდნენ, მასპინძლებმა კი გაილაღეს. ჯერ იონანიძეს შეეძლო გატანა, მიწურულს კი თურმანიძემ ვერ შეძლო სამიზნის დალაშქვრა. სულ ბოლოს ფიფია გაისარჯა მშვენივრად, ორი მეტოქე კარგად ჩამოიცილა, მაგრამ ბურთი ხარიხამ უკუაგდო. საბოლოოდ, "ზესტაფონმა" კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა და გატანილი გოლების მწირ აქტივს სამი ბურთი შემატა. კობა ჟორჟიკაშვილმა კი ზესტაფონში მწვრთნელობის მისია ამოწურა, კარი მაჟორულ ნოტაზე გაიჯახუნა და სამწვრთნელო-სადირიჟორო ჯოხი შვებულებიდან დაბრუნებულ-დასვენებულ თემურ მახარაძეს დაუბრუნა.
მატჩის შემდეგ:
სოსო ფილია (კოლხეთი): " მასპინძლებს კარგ თამაშსა და გამარჯვებას ვულოცავ. ყველა მეტოქის თამაშს წინასწარ ვსწავლობ. ასე იყო ამჯერადაც, მაგრამ ხუთი ძირითადი ფეხბურთელის არყოფნამ ჩვენი გეგმები არია, ახალგაზრდული გუნდით კი მეტის გაკეთება ვერ შევძელით. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ბრძოლაში დავმარცხდით, რაც ზესტაფონელი ვეტერანების კლასისა და საშემსრულებლო ოსტატობის ბრალიცაა."
კობა ჟორჟიკაშვილი (ზესტაფონი): "ნაკრების გამო რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენც გვაკლდა. თუმცა გრძელი სკამის მეშვეობით შევძელით კარგად გვეთამაშა და ვფიქრობ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. მიხარია, რომ ბოლო ტურებში გუნდმა პროგრესი განიცადა და გულშემატკივართა გახარება მოვახერხეთ. იმედია, აღებული კურსი ბატონი თემურის ხელში არ შენელდება." |