გამარჯვება ”გაგრასთან” გასვლით შეხვედრაში .
21 თებერვალს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი თბილისში ”ამერის” სტადიონზე დაუპირისპირდა საფეხბურთო კლუბ ”გაგრას”.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ანგარიში უკვე მეხუთე წუთზე გახსნეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექსი ბენაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბურთთან ყველა ადრე გიორგი ხიდეშელი გაჩნდა და 0-1.
ტაიმი ისევ ზესტაფონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და 36-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ იხეირეს- ზურაბ იონანიძე გაგრელთა მეკარე რევაზ თევდორაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი აუღელვებლად კარის ბადეში გადაგზავნა - 0-2.
მეორე ტაიმი სტუმართათვის უსიამოვნოდ დაიწყო - 53-ე წუთზე ზურაბ ძაგანიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ გელაშვილის 74-ე წუთზე გატანილი გოლით ზესტაფონელებმა ორბურთიანი ”ჰანდიკაპი” აღადგინეს. საბოლოოდ, ანაგარიში აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):
ვლადიმერ ხაჩიძე ("გაგრის” მთავარი მწვრთნელი):“ფეხბურთელთა გამოუცდელობაზე საუბარი, უკვე ძალიან ბანალურია, მაგრამ, დღესდღეობით “გაგრა” “ზესტაფონის” დონის გუნდთან თანასწორად სათამაშოდ, მზად არაა. იყო მომენტი, როდესაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეგვეძლო, მაგრამ არ აღმოგვაჩნდა გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ამას შეძლებდა. ჩვენ და “ზესტაფონი” სხვადასხვა პოლუსზე ვდგავართ, როგორც მიზნების, ასევე, სათამაშო კლასის მხრივ. სამწუხაროდ, მხოლოდ ლიგაში დასარჩენად ვიბრძვით”.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “დამსახურებულად გავიმარჯვეთ. თუმცა, ერთი პერიოდი სიტუაცია კინაღამ გავირთულეთ, როდესაც გოლი გავუშვით, მაგრამ, იმ ეპიზოდში მოედანზე ორი ფეხბურთელით ნაკლები გვყავდა - ხიდეშელი ბუცებს იცვლიდა, ხოლო დაუშვილმა ტრავმა მიიღო. ამ მომენტის გარდა, არ მახსენდება, რომ “გაგრას” ჩვენს კართან რაიმე ხიფათი შეექმნა. საერთო ჯამში, გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ, ვინაიდან, ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. იმედია, მომავალში გუნდი კიდევ მოუმატებს”.
|