პირველი საშინაო მატჩი .
2009 წლის 15 თებერვალს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ აუტსაიდერს, საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს”.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის დაბრუნებას ზესტაფონი მშვენიერი მზიანი ამინდით შეხვდა. ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე იმერელთა 2000-ზე მეტმა ერთგულმა ქომაგმა მოიყარა თავი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებდათ ზამთრის პაუზის შემდეგ საკუთარი სახეშეცვლილი გუნდის ხილვა. შეხვედრამ არ გააწბილა მაყურებლის მოლოდინი - არბიტრ მამუკა ურუშაძის სასტარტო სასტვენთან ერთად მასპინძლებმა შეუტიეს ბორჯომელთა კარს. მარგველების მასირებული შეტევებისას გოლის გატანა არაერთხელ მართებდათ ზურაბ იონანიძეს, ალექსი ბენაშვილს, ნიკა გელაშვილს და მასპინძელთა სხვა ფეხბურთელებს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ისიც მატჩის მიწურულს - მარჯვენა ფლანგიდან ზურაბ იონანიძის დროული გადაცემის შემდეგ ყველას მოედანზე ახადშემოსულმა ლევან მელქაძემ დაასწრო და ფეხით ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა - 1-0.
მატჩის შემდეგ (მსოფლიო სპორტი - worldsport.ge):
ოთარ გაბელია ("ბორჯომის” კონსულტანტი): "იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად 10 დღის წინ დავიწყეთ მზადება, "უკნიდან” თამაშის ტაქტიკა ავირჩიეთ. ჩვენმა მეკარემ ძალიან კარგად ითამაშა და შეგვეძლო არც წაგვეგო. ბოლოს ლაცაბიძეს სულ ცოტა დააკლდა, რომ პირისპირ დარჩენილიყო და იქ რა მოხდებოდა, ვინ იცის”.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): "რთული თამაში იყო და ალბათ იმის გამო შეგვექმნა პრობლემები, რომ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბიჭებს მონდომება არ აკლდათ, თუმცა ერთი სასაყვედურო მაინც მაქვს - მათ სათანადოდ ვერ დააფასეს მეტოქე და შესაძლო იყო დავსჯილიყავით”.
|