14.02.2009

 

 


ლევან მელქაძე: ჩემთვის მთავარი ”ზესტაფონია”.

 

 

”ზესტაფონში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ გუნდში უმალ ფორვარდი ლევან მელქაძე გამოჩნდა. შეგახსენებთ, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კარგა ხნის სამუშაო ურთიერთობაა - ერთ დროს ისინი თბილისის ”დინამოს” სამსახურში იდგნენ. მაშინ დამოუკიდებლობის ისტორიაში გუნდმა უეფას ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ამჟამად კი ლევან მელქაძე ”ზესტაფონისთვის” იღვწის. მართალია, დებიუტი შედგა, მაგრამ უგოლო. თუმცა ყველაფერი წინაა და მელქაძეს კარის აღების ალღო რომ აქვს, ეს უდავოა.

მეორე წრე მთლიანად ”ზესტაფონისთვის” და ფეხბურთელისთვის იოლი ნამდვილად არ იქნება. საჩემპიონოდ გვარიანი ბრძოლა მოუწევთ. მით უმეტეს, რომ კონკურენტ გუნდებთან ქულათა თანაფარდობა ძალიან დიდია.

ერთი სიტყვით, წლევანდელი ”ზესტაფონი” სულ სხვაა და ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ როგორ მოახერხებს ლევან მელქაძე ადგილობრივი გულშემატკივრის გულის მოგებას და ცხადია, ამასთან ერთად გუნდის ანგარიშზე მეტი გოლის გატანას. მოკლედ, გუშინ ზესტაფონში ლევან მელქაძეს შევეხმიანეთ.

- შენ ”ზესტაფონამდე” ”გაგრაში” ვარჯიშობდი. რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც ”ზესტაფონში” წასვლა?

- ”გაგრაში” მხოლოდ და მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვემზადებოდი. ამ გუნდში დარჩენა გადაწყვეტილი ნამდვილად არ მქონდა. უბრალოდ, შემდეგ ”ზესტაფონიდან” გია გეგუჩაძე შემეხმიანა და მწვრთნელმა საკუთარი ინიციატივით შემომთავაზა იქ გადასვლა. დიდი ხანია ვუქმობდი, სათამაშო პრაქტიკაც არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ”ზესტაფონში” წასვლა. ვფიქრობ, ასე ჯობდა ჩემთვის და მეც ახლა ამ გუნდში ვარ.

- როგორი სიტუაციაა ”ზესტაფონში”?

- ნორმალური. ბიჭებსაც ვიცნობდი და არ გამჭირვებია გუნდთან შეგუება. ნაცნობი სიტუაციაა და საწუწუნოც არაფერი მაქვს. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი პროფესიულ დონეზეა, რაც ყველაზე მეტად საჭიროა.

- არაერთ ქართულ გუნდში გითამაშია, მაგრამ ყოველთვის დედაქალაქურ კლუბებში ასპარეზობდი. ზესტაფონში ყოფნას როგორ ეგუები?

- უხერხულობის მომენტი ნამდვილად არ მაქვს. ათასობით კილომეტრზე ვყოფილვარ საკუთარი ოჯახიდან და ზესტაფონამდე სულ რაღაც ორი საათია საჭირო, რომ ჩავიდე. მით უმეტეს, ყოველი ტურის შემდეგ მეორე დღეს გვასვენებენ და ოჯახის მონახულების საშუალებას გვაძლევენ.

- როგორ ფიქრობ, ”ზესტაფონის” ძირითადში ადგილის მოპოვების შანსი გაქვს?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ დაიმსახურე, ისე ვინ გათამაშებს. ძირითადად ეს მაინც მთავარ მწვრთნელზეა
დამოკიდებული.

- გუნდს ევროსაგზურის მოპოვების უნარი შესწევს?

- მოგეხსენებათ, თასის გათამაშებიდან გამოვვარდით და ერთადერთი ვარიანტია, რომ სამეულში მოვხვდეთ. ჩემპიონობაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, მაგრამ რთული იქნება. ამისათვის კი ძალას, ენერგიას არ დავიშურებთ და ვეცდებით, ბოლომდე ვითამაშოთ. ”ზესტაფონი” კარგი გუნდია და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია.

- შენ ყაზახეთში თამაშობდი. მას მერე საქართველოში დაბრუნდი. საინტერესო იქნება შენი აზრი, რამდენად მაღალი დონისაა მათი ჩემპიონატი ჩვენთან შედარებით?

- ნამდვილად მაღალი დონისაა, ვიდრე ჩვენი. იქ საკმაოდ ძლიერი ლეგიონერები თამაშობენ - რუსები, უკრაინელები, ბულგარელები. ფინანსურად გამართული გუნდებია. შესაძლებლობებიც მეტი აქვთ, ვიდრე ქართულ გუნდებს.

- ჩვენი თანამემამულეები როგორი ავტორიტეტით სარგებლობენ ყაზახეთში?

- საკმაოდ კარგით. შეიძლება ბევრი ფეხბურთელი არ თამაშობდეს, მაგრამ რომლებიც არიან, მათ თავიანთ გუნდებში პატივს სცემენ და აფასებენ.

- შენ ყარაგანდის ”შახტიორში” თამაშობდი და დაძაბული სიტუაციაც კი გქონდა.

- დიახ, მქონდა და ეს ჩემ გამო არ მომხდარა. მეტად უცნაური პრეზიდენტი ჰყავდა ”შახტიორს”. მძიმე პიროვნება, რომელთანაც ურთიერთობა რთული იყო. სწორედ ამის გამო წამოვედი გუნდიდან.

- დაბოლოს, ყველა ფეხბურთელს თვალი გაქცევაზე უჭირავს. მართალია, შენ კონტრაქტით ჯერ ”ზესტაფონს” ეკუთვნი, მაგრამ სამომავლოდ რას აპირებ?

- მაისამდე მაქვს კონტრაქტი. შემდეგ კი ვნახავ, რა როგორ იქნება. ჯერჯერობით წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მთავარი ჩემთვის ”ზესტაფონში” თამაშია და გუნდის წარმატებისთვის არაფერს დავიშურებ.

 

დათო ძველაია, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005