ტურის მწვრთნელი - გია გეგუჩაძე.
პიკს მარტში მივაღწევთ...
რომელი იყო მე-18 ტურის ყველაზე ძნელად მოსაგები თამაში? ასეთად, "ზესტაფონის" ზუგდიდური გამარჯვება მივიჩნიეთ და ტურის მწვრთნელადაც ფეროელთა დამრიგებელი გია გეგუჩაძე დავასახელეთ.
მან გუნდი პირველი ეტაპის ბოლოს ჩაიბარა. გეგუჩაძის ხელში იმერულ კლუბს აქამდე ერთი მოგებაც არ ჰქონია ეროვნულ ჩემპიონატში. ნავსი ზუგდიდში გატყდა, საიდანაც ყველა გუნდს უჭირს ქულების წაღება. ბესიკ შეროზიას მიერ გაწვრთნილი "მგლები" ნამდვილად არ არის ურიგო გუნდი და იქაურ გულშემატკივართა მხარდაჭერაც როდია პატარა ფაქტორი.
"ზესტაფონი" უეფას თასის საგზურისთვის იბრძვის და საამისოდ, მხოლოდ ჩემპიონატი დარჩენია - თასის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა და მხოლოდ ერთ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას. როგორც გეგუჩაძე ამბობს, "ზესტაფონი" პიკს მარტში მიაღწევს, მანამდე კი გუნდი, შესაძლოა, ორი ლეგიონერით გაძლიერდეს...
- რაც "ზესტაფონი" ჩაიბარეთ, ოფიციალურ შეხვედრაში აქამდე გამარჯვება არ გქონდათ მოპოვებული. "მგლების" ძლევამ, 3 ქულის გარდა, უაღრესად საჭირო თავდაჯერებულობაც მოგიტანათ, ალბათ...
- ბუნებრივია, ამ გამარჯვებამ "ზესტაფონს" საკუთარი ძალების რწმენა შემატა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს 3 ქულა, ზუგდიდში მოგება ადვილი არავისთვისაა და ჩვენი გუნდიც არ ყოფილა გამონაკლისი.
- თუ არ ჩავთვლით მეკარე ზურაბ მამალაძეს, ზუგდიდში "ზესტაფონის" შემადგენლობა, ფაქტობრივად, ისეთივე იყო, როგორც პირველ ეტაპზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალწვეულები ჯერ არ არიან სასურველ ფორმაში?
- ამ კონკრეტული მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა შევარჩიე. ხოლო ახალწვეულებს რაც შეეხებათ, მათი გარჯით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. "ზესტაფონში" კონკურენცია გაიზარდა.
- შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდში "ზესატფონმა" ზედმიწევნით შემტევი ფეხბურთი ითამაშა?
- ყოველ შემთხვევაში, შევეცადეთ, შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა, ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ გამოვიყენეთ. შეტევაში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, ეგ იყო, რომ უხარისხო მოედანიც გვიშლიდა ხელს და ამანაც მნიშვნელოვნად განაპირობა ბევრი რამ.
- "ზესტაფონმა" გია გეგუჩაძის ხელში სათამაშო კონცეფცია უნდა შეცვალოს - ალბათ, თქვენგან პირველ რიგში ამას ელიან და როგორ შეაფასებდით "მგლებთან" მატჩს ამ კუთხით?
- ეპიზოდებში გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები ასრულებენ იმას, რასაც მათგან მწვრთნელი ითხოვს. მაგრამ ამან სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს. ერთი სიტყვით, მოთამაშეები ცდილობენ მწვრთნელის იდეების განხორციელებას.
- "მგლებს" უკვე მოუგეთ, მომდევნო ტურში კი მასპინძლობთ "ბორჯომს" - ეს თავისებური სამზადისია ლიდერებთან საპაექროდ. როგორ ფიქრობთ, "ზესტაფონი" ჯერ არ არის ისეთ კონდიციაში, მოწინავე გუნდებთან წარმატებით რომ ითამაშოს?
- წინსვლას თანდათან ველით, თუმცა ლიდერებთან შეხვედრამდე ქულათა მარაგი უნდა შევქმნათ. "ზესტაფონი" ამ დროისთვისაც არ არის ურიგო ფორმაში, "მგლებს" მართლაც ვაჯობეთ და ახლაც მზად ვართ, რომ "ვიტ ჯორჯიას", "დინამოსა" თუ "ოლიმპს" წარმატებით ვეთამაშოთ.
- მოსამზადებელი შეკრების შემდეგ ნებისმიერ გუნდს უჭირს ჯიქურ საუკეთესო ფორმაში შესვლა. ამას თავი რომ დავანებოთ, კიდევ რა ფაქტორების გამო არ არის "ზესტაფონი" ოპტიმალურ კონდიციაში? როდის ელით თქვენი გუნდისგან ფორმის პიკზე ასვლას?
- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი 28 დეკემბერს დასრულდა, განახლებისთვის მზადება კი 3 დეკემბერს დავიწყეთ. დასვენება ცოტა გამოგვივიდა, რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ რამდენიმე დღე ფეხბურთელებს კიდევ დაესვენათ. მოსამზადებელი ეტაპი გვიან რომ დაგვეწყო, დროში ვეღარ ჩავეტეოდით. რაც შეეხება ფორმის პიკს, ამას მარტის შუა რიცხვებისთვის ველით.
- "ზესტაფონს" საამსეზონო სელექცია არ დაუსრულებია, გასინჯვაზე გყავთ სენეგალის 19-წლამდელთა თავდამსხმელი სისე. როდის გადაწყდება მისი საკითხი? სხვა მოთამაშეების გამოცდასაც ხომ არ აპირებთ?
- 11 თებერვალს ორმხრივი თამაში გვაქვს და სისეს საკითხიც ამის მერე გაირკვევა. ახლახან ტესტირებაზე ავიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი, 23 წლის ომარ ელ ზაინი - წარმოშობით ლიბანელი, გერმანიის მოქალაქე... ჩვენთან მესამე ბუნდესლიგიდან მოვიდა. ორმხრივ მატჩში ისიც ითამაშებს.
- აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებთ?
- ამ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნაკლებად ვაკვირდებით, თუმცა გამორიცხული არაფერია, ამ ლეგიონერების აყვანაც ხომ ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
- თქვენი წინამორბედი თემურ მახარაძე უკმაყოფილო იყო კალენდრითა და ჩემპიონატის ახლანდელი სისტემით. როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხზე?
- საერთოდ არ მიყვარს კალენდარსა და მსაჯობაზე ლაპარაკი. ფაქტზე კი ვიტყვი - 22 მარტიდან 10 აპრილამდე "ზესტაფონს" თამაში არ აქვს, პაუზა გამოწვეულია სანაკრებო მატჩებითა და კიდევ იმით, რომ ერთ ტურს ვტოვებთ. ამხელა შესვენება რიტმიდან ამოვარდნას იწვევს. ამგვარი სისტემა გუნდებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს - რატომ უნდა ვეთამაშებოდეთ ლიდერებს შინ ერთ მატჩს და სტუმრად - ორს? მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ "ზესტაფონი" წარმატებებს ვერ მიაღწევს, ამას კალენდარს არ დავაბრალებ.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი მოახლოვდა და ამაზეც უნდა გკითხოთ. რას ელით ირლანდიასთან შეხვედრაში ჩვენი გუნდისგან?
- ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება, იქაური გულშემატკივრების ფაქტორიც გასათვალისწინებელია... დღეს კონკრეტული შედეგი თუ არ გვექნა, არა უშავს, ხვალ უკეთესი გუნდი გვეყოლება. თუმცა ახლაც ძალიან გვინდა, რომ მოვიგოთ...
|