7 თებერვალს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდში, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე, დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მგლებს”.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ოთხი აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს ზუგდიდელთა კართან - მიზანთან ახლოს ორჯერ ზურაბ იონანიძე იყო (”იონას” ორივეჯერ მიზანმა უმტყუნა), ორჯერვე უნდა ”ეხეირა” ნიკა გელაშვილსაც, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ძელს გაარტყა, მეორედ კი მეკარის ბაქანში მყოფმა ბურთი ზუსტად დაარტყა, მაგრამ ზუგდიდელები მეკარე გოგიტა სომხიშვილის სასწაულებრივმა რეაქციამ გადაარჩინა.