პორტრეტი - მურთაზ დაუშვილი.
საკუთარი თავის ხელში აყვანა
მოუღლელი და შეუპოვარი - არასრული, მაგრამ მაინც ზუსტი დახასიათებაა "ზესტაფონის" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველისა, რომელიც ექტორ კუპერმა უკვე მეორედ მიიწვია ეროვნულ ნაკრებში.
"ზესტაფონი" შუასასეზონო მოსამზედებელ ეტაპზე თურქეთში გახლდათ, იქვე იყვნენ "დინამო" და "გაგრაც", ჰოდა, კუპერმაც მოსაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე სეირნობას ოსმალეთში წასვლა ამჯობინა. კუპერი იქ დაკვირვებას აწარმოებდა ქართულ გუნდებში მობურთალებზე. თქმა რად უნდა, 19 წლის დაუშვილსაც რომ მიაპყრობდა გამომცდელის მზერას...
"თუ არ ვცდები, კუპერი თურქეთში "ზესტაფონის" ორ საკონტროლო მატჩს დაესწრო. იმ შეხვედრებში ნორმალურად ვითამაშე და ძალიან მინდა, რომ კუპერს ნაკრებშიც გავუმართლო იმედები", - გვითხრა მურთაზ დაუშვილმა.
ჯერ ადრეა, დაუშვილი ჯენარო გატუზოსა თუ როი კინს რომ შევადაროთ, მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე შექმნა საკუთარი თავი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ის არ არის ერთი ჩვეულებრივი, კარგად მებრძოლი საყრდენი ნახევარმცველი - მასში სხვაზე მეტი ენერგია და პერსპექტივა ჩანს.
კუპერმა დაუშვილი პირველად შარშან, 19 ნოემბერს, რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და უმალ სასტარტოშიც გაამწესა.
"ეროვნულ ნაკრებში პირველად რომ თამაშობ, ამას განსაკუთრებული ნერვიულობაც ახლავს თან და ყველანაირად ვცდილობდი, საკუთარი თავი ხელში ამეყვანა. წლეულს იმას ვეცდები, კლუბშიც და ნაკრებშიც უკეთესად ვითამაშო", - გამოგვიტყდა ბუბა (ასეც ეძახიან) და მერე ისიც ვკითხეთ, როგორი იყო კუპერის დავალება რუმინეთთან: "ტაქტიკური დავალებების გარდა, ისიც მითხრა - მარტივად იმოქმედე, შენი თამაში ითამაშეო", - გვიმხელს დაუშვილი.
დაუშვილის "ზესტაფონმა" შუასასეზონო პერიოდში არა ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, "ზესტაფონის 2-ის" ახალგაზრდობაც ცხოვლად ესწრაფვის პირველ გუნდში მოხვედრას. კონკურენცია გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნებიც და ცხადია, საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს შეცვლილ გარემოში კუპერის რჩეული.
"კონკურენცია ყველა გუნდში უნდა იყოს. არ უნდა იფიქრო, რომ უკვე სხვაზე უკეთესი ხარ და ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს. შენი შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. "ზესტაფონში" ჯანსაღი კონკურენციაა, ძალიან კარგი ბიჭები დავიმატეთ", - ირწმუნება დაუშვილი.
...და ახალი ფეხბურთელების მისვლით როდი იწურება გარდაქმნები. გასული წლის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძე დაინიშნა და მოსამზადებელი შეკრების მერე კარგად უნდა გამოჩნდეს, კონცეპტუალურად რა შეიცვლება "ზესტაფონში".
"უკვე ცხადია, რომ "ზესტაფონის" სტილი განსხვავებული იქნება - უფრო შემტევი და გახსნილი ფეხბურთი. ვეცდებით, ეს კარგად გამოგვივიდეს", - გვიხსნის დაუშვილი, რომელმაც თურქეთშიც ჩვეულ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა.
11 თებერვალი შორს აღარ არის. კუპერს საქართველოში არაორდინარული გადაწყვეტილებები დასჩემდა და რატომ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დაუშვილს ირლანდიასთანაც სასტარტოში გაამწესებს?
|