ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე განლაგების ცვლა მისაღები იქნება.
გია გეგუჩაძე "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად შარშან, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლოს დაინიშნა. მისი გუნდი ახლა მეოთხე ადგილზეა და ცხადია, უკეთესი შედეგისთვის იბრძვის. რას მოუტანს გეგუჩაძე "ზესტაფონს"? ეს იმიტომაცაა საინტერესო, რომ საქმე გვაქვს არაორდინარულ მწვრთნელთან, რომელსაც თავისი მკაფიო ხელწერა აქვს და ის მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი მწვრთნელებისგან...
"ზესტაფონი" სეზონის განახლებისთვის მოსამზადებლად თურქეთშიც იყო წასული, ითამაშა საკონტროლო მატჩები, რომლებშიც წარმატებული ვერ იყო, მაგრამ ეს ბევრს არ უნდა ნიშნავდეს - მოსამზადებელ ეტაპზე ხომ მთავარი - სწორად, ნაყოფიერად მომზადებაა.
თუ როგორ მივიდა "ზესტაფონი" ჩემპიონატის მეორე ეტაპამდე, ამას ყველაზე კარგად შედეგები დაგვანახვებს. ჩემპიონატის განახლებამდე სამი დღეღა დარჩა, მანამდე კი "ლელოს" კითხვებს ზესტაფონელთა თავკაცი პასუხობს...
- სეზონის პირველი ეტაპის ბოლო მონაკვეთი, მოსამზადებელი პერიოდი და თურქული შეკრება - როგორ ფიქრობთ, დრო საკმაოდ გქონდათ, ფეხბურთელებამდე თქვენი იდეები ბოლომდე რომ მიგეტანათ?
- ზოგადად, მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი დეფიციტი არის დრო - მწვრთნელს ის არასდროს არ ჰყოფნის. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ფეხბურთელები კარგად ითვისებენ ჩემს მითითებას და ამით კმაყოფილი ვარ. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც "ზესტაფონში" კარგი ტემპით მიდის.
- როგორც უნდა იყოს, თქვენგან ასევე ელიან იმას, რომ "ზესტაფონი" უწინდელისგან მკვეთრად განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს - შეგიძლიათ თქვათ, რომ ამას უკვე მიაღწიეთ?
- როცა "ზესტაფონის" თამაშებს ნახავთ, ეს თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ, გარედან უფრო ადვილია ამის შემჩნევა.
- გასაგებია, მაგრამ თქვენ უკეთ აფასებთ სიტუაციას შიგნიდან და უკეთესადაც შეგიძლიათ იმის დაახლოებით მაინც განსაზღვრა, როდის ითამაშებს "ზესტაფონი" იმ ფეხბურთს, რომელიც თქვენ გსურთ?
- ამისთვის დრო არის საჭირო. რაც მთავარია, პროცესი უკვე მიდის. ამ ეტაპზე გუნდი ისეთ თამაშს ჯერ ვერ აჩვენებს, როგორიც მე მინდა. იმედია, ამას მალე მივაღწევთ.
- "ზესტაფონში" რამდენიმე ფეხბურთელს ცოტათი შეუცვალეთ ამპლუა, არის მკვეთრი ცვლილებაც - გიორგი ხიდეშელი ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში გადასწიეთ. კმაყოფილი დარჩით მისი ახალი ამპლუით?
- ეს მართლაც ერთ-ერთი ცვლილებაა. ხიდეშელით კმაყოფილი ვარ, საკონტროლო მატჩებიც კარგად ითამაშა და თუ ასე გააგრძელებს, ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდება.
- თურქეთში "ზესტაფონის" ახალწვეულებიც წაიყვანეთ. ორ მათგანზე გკითხავთ: როგორ ფორმაში არიან ამ დროისთვის ლევან მელქაძე და მიხეილ კაკალაძე?
- სასურველისგან ჯერაც შორს არიან, მაგრამ მათი იმედი კვლავინდებურად მაქვს, რადგან კარგად ვიცი ამ ფეხბურთელების შესაძლებლობები. ფიზიკური კონდიციების აღდგენა გარკვეულ დროში შესაძლებელია, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ყველაზე უფრო ახლა სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ და ეს გათვალისწინებული იქნება.
- ანუ ოფიციალურ მატჩებში ათამაშებთ ისეთ ფეხბურთელებს, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო სასურველ ფორმაში რომ არ არიან? "ზესტაფონისთვის" ხომ ახლა უკვე უმთავრესი - შედეგია...
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში შედეგზე ვიფიქრებთ, მერე კი იმაზე, რომ ამ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. ამით გუნდში კონკურენციაც გაიზრდება.
- თურქულ შეკრებაზე ჯერ 4-3-3 განლაგებას ხვეწდით, მერე 4-2-2-ც გამოსცადეთ. "ზესტაფონი" ერთი და იმავე ტაქტიკით ითამაშებს თუ განლაგება ცვალებადი იქნება? და კიდევ: როგორ ფიქრობთ, ტაქტიკის ხშირი ცვლა გუნდის სტაბილურობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე განლაგების ცვლა მისაღები იქნება, ამით ფეხბურთელები ტაქტიკურ განათლებას მიიღებენ. როცა "ზესტაფონის" თამაში დასტაბილურდება, შესაძლოა, მერე ერთ სქემაზე შევჩერდეთ. თურქული შეკრების ბოლო მატჩში, ყაზახურ "ლოკომოტივთან", 3-4-3 გალაგებითაც კი ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა ერთი ახსნით ყველაფერი გაიგეს და დავალება გარკვეულწილად შეასრულეს კიდეც, ოღონდ, დაცვაში შეგვექმნა პრობლემები.
- სამი მცველით დღეს ძალიან ცოტა მწვრთნელი თამაშობს...
- ასეა, მაგრამ პრობლემები უფრო იმან გამოიწვია, რომ მცველები - შალვა ღონღაძე და გიორგი ელბაქიძე, ტრავმირებულები იყვნენ.
- ელბაქიძის გარდა, თბილისის "ამერიდან" თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი წაიყვანეთ - თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე. როგორ გადაწყდა მისი საკითხი?
- ელქაბიძე და ჩიმაკაძე "ამერს" დაუბრუნდნენ. ამ ფეხბურთელებმა შეკრებაზე სერიოზულად იმუშავეს, მათი გარჯით ძალიან კმაყოფილი დავრჩით, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მადლობელი ვარ "ამერის" ხელმძღვანელობის, ამ ფეხბურთელებზე დაკვირვების შესაძლებლობა რომ მომცა.
- შეიძლება ითქვას, რომ "ზესტაფონმა" ამ სეზონში სელექცია დასრულა?
- არის პოზიციები, რომელთაც გამაგრება სჭირდება. სელექციას ვაგრძელებთ, სატრანსფერო ფანჯარა ხომ 1 მარტამდე ღიაა.
- რა კონკრეტული მიზანი ექნება "ზესტაფონს" ამ სეზონში?
- უეფას თასის საგზურის მოპოვება. ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვისაც, თუმცა ეს ძალიან რთული ამოცანაა.
- "ზესტაფონის" გარდა, თურქეთში კიდევ ორი ქართული გუნდი ემზადებოდა - "დინამო" და "გაგრა". საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ექტორ კუპერი იქ ქართულ გუნდებზე დასაკვირვებლად იყო ჩასული. შეხვდით მას?
- დიახ და ვისაუბრეთ კიდეც. ის ჩვენი ფეხბურთელების მდგომარეობით, მოსამზადებელი გეგმით დაინტერესდა. კონკრეტულ მოთამაშეებზე კი საუბარი არ გვქონია.
- 11 თებერვალს ირლანდიასთან მატჩისთვის "ზესტაფონიდან" 4 ფეხბურთელია გამოძახებული - ზურაბ მამალაძე, როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე და მურთაზ დაუშვილი. თქვენთან ახალგაზრდული ნაკრებისთვის საინტერესო არა ერთი მოთამაშეცაა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ახალ დამრიგებელს ხომ არ შეხვედრიხართ?
- ჯერ არა, თუმცა მზად ვარ, კახა ცხადაძესთან ნებისმიერ დროს სასაუბროდ, რათა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ვუპასუხო.
- სანაკრებო თემაზე ერთსაც გკითხავთ. კუპერი ეროვნულ გუნდში აღარ იწვევს გოგიტა გოგუას. ამ ფეხბურთელზე ამბობენ, კონფლიქტური ხასიათი აქვსო, თუმცა ასეც რომ იყოს, არ გვგონია, ეს ნაკრებში მისი არგამოძახების მთავარი მიზეზი იყოს. 2005 წელს, როცა თქვენ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყავით, გოგუა "დინამოში" უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ საინტერესოა თქვენი აზრიც - გოგუა საქართველოს ნაკრებისთვის გამოსადეგი არ არის?
- გოგუა ნაკრებისთვის მართლაც საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა ვერც იმ სიას დავიწუნებ, კუპერმა საირლანდიოდ რომ მოამზადა. არგენტინელის მუშაობაში დავინახე ერთი რამ - ის სისტემური ხასიათის სამუშაოს ასრულებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნულ ჩემპიონატს, საფუძველს ქმნის ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად... ერთი ფეხბურთელის გამოძახებით სხვა დაკარგავს ადგილს ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, გოგუას არგამოძახების მიზეზი მისი კონფლიქტური ბუნება არ არის. ვფიქრობ, მოვა დრო და კუპერი მას ნაკრებში დააბრუნებს.
- საქართველო ღარიბია მაღალი კლასის ფეხბურთელებით, გოგუას კი არა ერთხელ გამოუჩენია თავი ნაკრებში კარგი თამაშით...
- გეთანხმებით, რომ ღარიბები ვართ მაღალი კლასის ფეხბურთელებით, მაგრამ შესაძლებელია, პროცესი ხელოვნურად დავაჩქაროთ და ცალკეული ფეხბურთელების კვალიფიკაცია ავამაღლოთ. თქვენ ალბათ დამისვამთ ლოგიკურ კითხვას - განა შესაძლებელია, ფეხბურთელის ზრდა ნაკრებში მოხდეს? საქმე ისაა, რომ ნაკრები და კლუბი ერთმანეთს ეხმარებიან, ანუ, მაღალ დონეზე სათამაშო პრაქტიკის შეძენა ფეხბურთელის წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ახლა ვქმნით ქართულ ფეხბურთს - როგორც სანაკრებოს, ისე საკლუბოს...
|