მატჩი უკრაინელ ”მეთოფეებთან”.
2009 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ უკრაინის ჩემპიონატის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქვეყნის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბი ”არსენალი”.
შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა სასტუმრო ”სუენოს” საფეხბურთო მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 13:00) საათზე დაიწყო. კიევის ”არსენალი”, რომელსაც საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ალექსანდრე ზავაროვი წვრთნის, უკრაინის ჩემპიონატში გადარჩენისათვის იბრძვის, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდის - ქართველებთან შეხვედრაში კიეველთა ღირსებას იცავდნენ: წარსულში კიევის ”დინამოსა” და უკრაინის ნაკრების კიპერი ვიტალი რევა, დონეცკის ”შახტარის” ყოფილი მოთამაშე სერგეი ზაკარიუკა და ახლო წარსულში მოსკოვის ”ცსკა-სა” და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი როლან გუსევი.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: რ.კვასხვაძე , ლობჟანიძე, მაკარიანი, დაუშვილი, ხიდეშელი (კვესიეშვილი, 18), ძარია (კაკალაძე, 62), ბენაშვილი, გრიგალაშვილი, ნ.კვასხვაძე (ჭელიძე, 67), მელქაძე (ჩასემი, 67), გელაშვილი.
მატჩი ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო - საწყის წუთებში ზესტაფონელბმა კიეველების კართან ნამდვილი ”ქარიშხალი” დაატრიალეს - ზესტაფონელებმა რამოდენიმეჯერ შექმნეს ხიფათი სლავთა კართან, ხოლო ლევან მელქაძის დარტყმამ უკრაინელთა კარის ჩარჩო შეაზანზარა. 26-ე წუთზე კი იმერლები დაწინაურდნენ - კიეველთა საჯარიმოში ნიკა გელაშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თვითონ დაზარალებულმა აქცია. შეხვედრა ისევ ქართველთა შეტევებით გაგრძელდა -ამჯერად ბურთი ხარიხას უკვე ალექსი ბენაშვილმა გაარტყა. თუმცა, მეორე გოლი არ გადიოდა და საგოლე მომენტების ვერგამოყენების გამო იმერლები დაისაჯნენ კიდეც - 37-ე წუთზე კიეველებმა პირველად დაარტყეს კარისკენ და ევგენი ევსეევმა გოლიც გაიტანა.
მეორე ტაიმი უფრო თანაბრად დაიწყო, თუმცა ზესტაფონელებს მაინც მართებდათ გატანა - ამჯერად ხარიხის ”შემწუხებლის” როლში ნიკა გელაშვილი მოგვევლინა. 72-ე წუთზე უკრაინელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და დაწინაურდნენ კიდეც - ულამაზესი გოლი რომან კორშიკოვის ანგარიშზეა, საბოლოო წერთილი კი ”მეთოფეთა” ბრაზილიელმა ლეგიონერმა პოლ ჟილმა 76-ე წუთზე დასვა.
კიდევ ერთ სპარინგ-მატჩს გუნდი დღესვე, საღამოს (თბილისის დროით - 19:00 საათზე), ყაზახურ ”ლოკომოტივთან” (ყოფილი ” მეგასპორტი”) გამართავს ...
|
01/02/2009 - ”ზესტაფონი” - ”არსენალი” (კიევი, უკრაინა) 1-3 |
|
|