ზესტაფონი . მახარაძე 13 ნოემბერს ბრუნდება

13 ნოემბერს " ზესტაფონს " ფოთის " კოლხეთთან " მოედანზე თემურ მახარაძე გაიყვანს . ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა გუნდის პრეს - ატაშემ სერგო ფუტკარაძემ :

" ბატონი თემური გუნდიდან რომ არ წასულა , ეს ცნობილი ამბავია . მან დასვენება ითხოვა და მიუხედავად იმისა , რომ ყოველივეს სხვა კუდები გამოაბეს , ამით ვითარება არ შეცვლილა . კაცმა ერთთვიანი დასვენება მოითხოვა და გუნდის ხელმძღვანელობამ მისი მდგომარეობა გაითვალისწინა ."

მახარაძის გუნდის სადავეებთან დაბრუნება იმის ნიშანია , რომ შემადგენლობას საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტებს და გამოცდილ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ . ასე მაგალითად , ზურაბ იონანიძე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა . გამოცდილი ფორვარდი , რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი რამდენჯერმე გახდა , სათადარიგოთა სკამზე იმის გამო დასვეს , რომ ძირითადში ახალგაზრდებისთვის გაეხსნათ გზა .

მახარაძის დაბრუნება იმასაც ნიშნავს , რომ ჩემპიონატში კიდევ ერთი ფავორიტი გამოჩნდა . მართალია , ამჟამად " ზესტაფონი " სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა , მაგრამ მახარაძემ შარშან გუნდი უარესი მდგომარეობიდან გამოიყვანა - იმერლები პირველი ეტაპის შემდეგ უიმედო აუტსაიდერები იყვნენ , სეზონის ბოლოს კი სამეულში მოსახვედრად 3 ქულა დააკლდათ . და რაც მთავარია - " ზესტაფონი " თასის ფინალში გავიდა . ასეთი სპეციალისტის ჩამოშორება საცოდაობაც იქნებოდა და გუნდის პრეზიდენტმა " ვიტ ჯორჯიასთან " შინ 0:4 წაგების შემდეგ მახარაძეს დროულად დაბრუნება სთხოვა . სხვაგვარად , ვეტერანთა ნაწილი გუნდს დატოვებდა , რადგან გაახალგაზრდავების პროცესი მათთვის ადგილს მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა .

" ზესტაფონში " გულშემატკივართა კლუბი დაარსდება . ესეც სერგო ფუტკარაძისგან შევიტყვეთ : " ორი თვის წინ , საინიციატივო ჯგუფმა " ზესტაფონის " გულშემატკივართა კლუბის დაარსების სურვილი გამოთქვა . ისინი მალე იურიდიულად დაფუძნდებიან . კლუბის მიზანია , გულშემატკივრებთან მუშაობა მოაწესრიგოს და გუნდის უფრო ორგანიზებული მხარდაჭერის ორგანიზება შეძლონ . სხვათა შორის , ბოლო მატჩის წინ , დაახლოებით 100 კაცმა ზესტაფონის ცენტრიდან სტადიონამდე მარშით გამოიარა . აბა , ქართულ სტადიონზე გინება ვის უკვირს . სწორედ ამის ფონზე , ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო " ტორპედოს " მატჩის წინ , როგორ მიესალმნენ ქუთაისელთა მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ."

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005