ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
გია გეგუჩაძე: მუშავდება 4-3-3
"ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს გუშინ თურქეთში შევეხმიანეთ და ცხადია, გუნდის სამზადისზე ჩამოვუგდეთ სიტყვა. ფეროელები ეროვნულ ჩემპიონტში მოთხე ადგილზე არიან და ასეთ პოზიციასთან შეგუებას არ აპირებენ. ზესტაფონელებმა საშუასეზონო ეტაპზე ხუთი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და შეასძლოა, ახალწვეულთა რიცხვი გაიზარდოს. მანამდე კი ”ლელოს” კითხვებს გეგუჩაძე პასუხობს.
- რამდენად კმაყოფილი ხართ მოსამზადებელი ეტაპით და უშუალოდ საკონტროლო მატჩებით?
- სამი შეხვედრა ჩავატარეთ და აქედან ორი - ნორმალურად ვითამაშეთ. რაც შეეხება დიდი ანგარიშით წაგებულ მატჩს, იმ თამაშში სულ სხვა მიზანი გვქონდა - რამდენიმე ფეხბურთელის საქმეში ნახვა გვინდოდა და ამ კუთხით ბევრი ინფორმაცია მივიღეთ.
- თურქულ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი წაიყვანეთ და ბუნებრივია, ყველა ვერ დარჩება გუნდში. უკვე გაქვთ მონახაზი, თუ რომელ ფეხბურთელებს დაიტოვებთ?
- ამ საკითხზე ბოლომდე ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, ყველაფერი შეკრების ბოლოს გაირკვევა.
- ახალგაზრდების გარდა, ”ზესტაფონში” გამოცდილი ფეხბურთელებიც აიყვანეთ - რას იტყოდით ლევან მელქაძისა და მიხეილ კაკალაძის დღევანდელ კონდიციებზე?
- მათი ახლანდელი ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებს. კვირას დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ მელქაძესა და კაკალაძეს ინდივიდუალური პროგრამა აქვთ დანიშნული და ვარჯიშობენ.
- რომელ ტაქტიკურ სქემას იყენებთ საკონტროლო შეხვედრებში?
- ძირითადად 4-3-3 სქემას ვამუშავებთ და მიმაჩნია, რომ გვყავს ამ განლაგებისთვის საჭირო ფეხბურთელები.
- ამ განლაგებას სჭირდება გარემარბები, რომლებიც საქართველოში კი არა, საერთოდაც დეფიციტია. კაკალაძის გარდა, კიდევ ვინ გეგულებათ ”ზესატფონში” გარემარბად?
- გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პოზიციაზე ისინჯებიან. კლასიკური გარემარბის გარდა, ამ სქემას სხვანაირი ფეხბურთელებიც ერგებიან. ავიღოთ კაკალაძე და ჩასემი - ისინი სხვადასხვა მონაცემების მქონე ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთია საწყისი სქემა და მეორე - თუ როგორ განვითარდება ის. სხვათა შორის, თურქეთში 4-4-2 სქემაც მოვსინჯეთ.
- თქვენთან არიან თბილისის ”ამერის” ფეხბურთელები - გუნდში მათ დარჩენას როგორი პირი უჩანს?
- ბესიკ ჩიმაკაძისა და გიორგი ელბაქიძის საკითხიც შეკრების ბოლოს გაირკვევა.
|