საბრძოლო ფრე კრასნოდარის ”ყუბანთან”.
2009 წლის 24 იანვარს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ზესტაფონელები რუსული პრემიერ-ლიგის წარმომადგენელ, ქალაქ კრასნოდარის საფეხბურთო კლუბი ”ყუბანს” დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : მამალაძე, ლობჟანიძე, თოდუა, მაკარიანი, დაუშვილი, ხიდეშელი, ძარია (გრიგალაშვილი, 74), ბენაშვილი, ნ.კვასხვაძე (ჩიმაკაძე, 80), იონანიძე (კაკალაძე, 60), გელაშვილი.
კრასნოდარელებმა, რომლებსაც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერგეი ოვჩინიკოვი ხელმძღვანელობს, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდნენ - მოედანზე იყვნენ გუნდის ვარსკლავები ტრაორე და კეიტა, ტუნისური და მთლიანობაში აფრიკული ფეხბურთი იმედი ზუაგი, რუსულ პრემიერ-ლიგაში კარგახანს მოასპარეზე ჯიოევი, ტლისოვი და სხვები ...
თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსებმა ინიციატივის დაუფლება მხოლოდ საწყის 10 წუთში მოახერხეს, ამის შემდეგ პირველი ტაიმის დასასრულამდე მოედანზე მძიმე პოზიციური ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. რაც შეეხება ასპარეზობის მეორე ნახევარს, ის ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა - კრასნოდარელებს იმერელთა კართან არც ერთი რაიმე ხიფათისშემცველი ეპიზოდი არ შეუქმნიათ, მაშინ როცა ზესტაფონელმა ფორვარდებმა რამდენიმე ეპიზოდში ნამდვილად დაინდეს მეტოქე - ნიკო კვასხვაძე უბრწყინვალესი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს, ნიკა გელაშვილის 2 სახიფათო დარტყმა სასწაულებრივად მოიგერია ყუბანელთა მეკარე კორიუკინმა, ხოლო ალექსი ბენაშვილის საჯარიმო სანტიმეტრებში ჩაუქროლა ხარიხას.
მეტიც, ქართველებმა რუსეთის სამხრეთის წარმომადგენლებს ბოლო წუთებზე ნამდვილი შტურმი მოუწყვეს, კრასნოდარელთა კართან ზედიზედ 4 კუთხური დაინიშნა, ყოველივე ამას დარტყმით შოთა გრიგალაშვილი აგვირგვინებდა, თუმცა ამჯერად კრასნოდარელთა მხარეს მათი კარის ზედა ძელიც აღმოჩნდა. მატჩის დასრულებისთანავე, სერგეი ოვჩინიკოვმა თავის ფეხბურთელებს თავდადებისა და ბოლომდე ბრძოლისათვის მადლობაც გადაუხადა. დასანანი ფრე 0-0.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მატჩს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი. შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 28 იანვარს უკრაინულ ”კრივბასთან” (კრივოი როგი) გამართავს ...
|
24/01/2009 - ”ზესტაფონი” - ”ყუბანი” (კრასნოდარი, რუსეთი) 0-0 |
|
|