24.01.2009

 

 

რეზერვისტები ლუგანსკელთა წინააღმდეგ.

 

 

2009 წლის 24 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სარეზერვო შემადგენლობამ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე ამჯერადაც უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ ლუგანსკის საფეხბურთო კლუბი ”ზარია” გახლდათ.

შეხვედრა ზესტაფონელთა სასტუმრო ”სუენო ჰოტელის ” საფეხბურთო მინდორზე გადაუღებელი წვიმის პირობებში გაიმართა. მატჩი ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 13:00) საათზე დაიწყო.

ზესტაფონელებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს: .კვასხვაძე, კვესიეშვილი (ტეტუნაშვილი, 39), ღონღაძე, კაჭკაჭიშვილი, ელბაქიძე, გრიგალაშვილი (სტეფანიშვილი, 46), ჭელიძე (ლაბაძე, 67), გორგიაშვილი, ჩასემი (სუხიაშვილი,46), მელქაძე (ჩიმაკაძე, 39), კაკალაძე (ჭანკოტაძე, 58).

ლუგანსკის ”ზარიას” ძირითადი გუნდისა და იმერელთა რეზერვისა და გუნდში ახლადმოსული ფეხბურთელების კრებულის სპარინგი არათანაბარ მეტოქეთა დაპირისპირება გამოდგა. მატჩის მსვლელობაზე ადრეულმა გოლმაც იქონია ზეგავლენა - უკვე 3-ე წუთზე ზესტაფონელთა დაცვის მიუტევებელი შეცდომის შემდეგ ანგარიში უკრაინელთა ალბანელმა ფორვარდმა ფარიდ ჯიხანიმ გახსნა. 17-წუთზე ანგარიში უკვე 0-2 გახლდათ - თავი არგენტინელმა გომესმა გამოიჩინა. ზესტაფონელებმაც ერთი-ორჯერ სცადეს სლავთა შეწუხება, მაგრამ ლევან მელქაძის და ერიკ რომეო ჩასემის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში ზესტაფონელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კიდევ უფრო გადაახალისა შემადგენლობა და ”ზესტაფონი-2”-ს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შეუშვა მოედანზე. თუმცა, ამანაც ვერ შეიტანა გარდატეხა მატჩის მსვლელობაში - უკრაინელებმა კიდევ სამჯერ დალაშქრეს მეტოქეთა კარი - კოსტიუკი (54-ე წუთი), შევჩუკი (64-ე წუთი) და მოლდავანი (69-ე წუთი).

დღესვე, 24 იანვარს, მორიგ ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ძირითადი შემადგენლობა კრასნოდარის ”ყუბანთან”, თბილისის დროით 19:00 საათზე, ქალაქ ბელეკის სასტუმრო ”კარიას” საფეხბურთო მინდორზე გამართავს ...

 

24/01/2009 - ”ზესტაფონი-2” - ”ზარია” (ლუგანსკი, უკრაინა) 0-5


 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005